თსუ-ის ემერიტუს პროფესორის ნუგზარ ალექსიძის, პროფესორ მარიამ ტარასაშვილის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ზურაბ ლუმთათიძის გვარი და სახელი ჩართეს იმ ასტრობიოლოგთა სიაში, რომელიც 2020 წელს გაიგზავნა მარსზე. ეს არის მეორე შემთხვევა მას შემდეგ, რაც მარსზე გაიგზავნა ქართული სიმღერა „ჩაკრულო“.
პროფესორ ნუგზარ ალექსიძის ასტრობიოლოგიაში სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ბედის შემთხვევითობამ განაპირობა. ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულმა მარიამ ტარასაშვილმა ბიოქიმიის კათედრის გამგეს, პროფესორ ნუგზარ ალექსიძეს მიმართა თხოვნით — ეხელმძღვანელა მისთვის, როგორც ასპირანტისათვის, რათა მარსის გრუნტის ბიოქიმიური ტერაფორმირების მიზნით სადისერტაციო ნაშრომი შეესრულებინა. მარიამ ტარასაშვილი ჩაირიცხა ასპირანტურაში და პირველივე წელს მისი აქტიური მონაწილეობით მოიპოვეს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი (Mars Research Project N GN-SF/ST07/6-221, 2008-2011). სადისერტაციო თემად შეირჩა „მარსის გრუნტის ტერაფორმირება მცენარეების განვითარებისათვის სათანადო აგრონომიული პირობების შესაქმნელად“. ამ მიზნით საჭირო იყო სამუშაოდ სათანადო „კლიმატო-კამერის“ ოთახის შექმნა. ავტორების ნ. ალექსიძის, მ. ტარასაშვილის, ს. წერეთლისა და შ. საბაშვილის მიერ მომზადდა „პლანეტა მარსზე არსებული რადიაციის, ტემპერატურისა (-20C) და განათების ატმოსფეროს დღეღამური ცვალებადობის „კლიმატო-კამერა“ კომპიუტერული დისტანციური მართვით. აღნიშნულ პროგრამაზე მალე მათ მოიპოვეს პატენტი („საქპატენტი“, N12522/01, 2012), რომლის საფუძველზე ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრაზე ორგანული მინით მოეწყო სპეციალური 3 მეტრიანი დახურული ოთახი „კლიმატო-კამერა“ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად. პირველ რიგში, საქართველოს ექსტრემალური რეგიონებიდან მოიძიეს რკინაბაქტერიები (მარსის წითელი ფერი რკინით მდიდარი ნაერთებითაა განპირობებული), ციანო-, სილიკო-, გოგირდბაქტერიები და სოკოები, რომელთაც ჰიფებიც კი გაიკეთეს მარსის ტერაფორმირებულ გრუნტზე. ამ შედეგებით მათ დაამტკიცეს, რომ აღნიშნული ბაქტერიები და სოკო საკმაოდ კარგად ვითარდებიან მარსის გრუნტის იმიტირებულ „ნიადაგზე“, რომლის ქიმიური შედგენილობა ცნობილი გახდა NASA-ს თანამშრომლების მიერ ქიმიური შედგენილობის დისტანციურად განსაზღვრის შედეგად. ამ შედეგმა კიდევ უფრო გააძლიერა მეცნიერთა რწმენა დასახული მიზნების განსახორციელებლად. ცდები ტარდებოდა მათ მიერ შექმნილი პლანეტა მარსზე არსებული რადიაციულ-ტემპერატურული გარემოსა და ატმოსფეროს შედგენილობის კომპიუტერული დისტანციური მართვის პირობებში.
შედეგად, მათ ივარაუდეს, რომ ბაქტერიებით გარდაქმნილი სუბსტრატებით მარსის გრუნტის გამდიდრების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა მცენარეებისათვის აგრობიოლოგიური პირობების შექმნა. მიღებული შედეგები მოხსენდა საერთაშორისო ასტრობიოლოგიურ კონფერენციებზე: პუერტო-რიკო, ჰიუსტონი. მოპოვებული სამეცნიერო შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო ასტრობიოლოგიურ ჟურნალში: 2007, 2010, 2013, 2015, 2016, 2017, 2019 წლებში.
მარსზე არსებული მინერალური ნივთიერებებისა და ქანების არსებობიდან გამომდინარე, რომელთა წარმოქმნა წყლის გარეშე შეუძლებელია, მეცნიერებმა ივარაუდეს მარსზე წყლისა და ცეოლიტების არსებობა, რაც მალე დადასტურდა NASA-ს თანამშრომლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ცეოლიტები ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ცეოლიტები სპეციფიკური ქანების სახით ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. მოგვიანებით, NASA-ს თანამშრომლების მიერ ცეოლიტები აღმოაჩინეს ატმოსფეროს მტვერსა და გრუნტში. ცეოლიტებისა და მარსის იმიტირებული გრუნტის ნარევით ავტორებმა შეძლეს მიეღწიათ ისეთი შედგენილობისათვის, რამაც საშუალება მისცა მათ — მარსის გრუნტისა და ცეოლიტების ასეთი ტიპის ნარევ „ნიადაგზე“ დაეთესათ და მიეღოთ ხორბლისა და ლობიოს მოსავალი, როგორც ნახშირწყლებისა და ცილების წყარო. პრინციპში, მარსზე განსახლებულ კოსმონავტებს შეეძლებათ მიიღონ არა მარტო ხორბლისა და ლობიოს მოსავალი, არამედ მოახდინონ ნებისმიერი მცენარის კულტივირება (know how), თუნდაც ვაზის, რის შესახებაც დღეს დიდი ხმაურია ატეხილი.
ავტორებმა იზრუნეს მომავალში მარსზე განსახლებული კოსმონავტების სამშენებლო მასალებით უზრუნველსაყოფად და მარსის გრუნტის ნიადაგიდან, ქიმიკოსებთან ერთად (ომარ მუკბანიანი და სხვ.), დაამზადეს სამშენებლო ბლოკები, რომლებიც გამძლე აღმოჩნდა დაბალ ტემპერატურაზე. იმედია, ასეთი სამშებლო მასალა კარგ სამსახურს გაუწევს კოსმონავტებს მარსზე განსახლებისას. ჩატარებულ სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებით ნუგზარ ალექსიძე ამერიკის ABC ცენტრმა დააჯილდოვა ისააკ ნიუტონის სიგელით.
ჟურნალ ასტრობიოლოგიაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების შედეგებისა და საერთაშორისო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის გამო, ნუგზარ ალექსიძის, მარიამ ტარასაშვილის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ზურაბ ლუმთათიძის გვარი და სახელი ჩართეს იმ ასტრობიოლოგთა სიაში, რომელიც 2020 წელს გაიგზავნა მარსზე.
მოამზადა ნინო კაკულიამ