გვესაუბრება თსუ-ის სენატის თავმჯდომარე, მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილი
- როგორც ეს პანდემია, მსგავსი საშიშროება რომ არ დაგვატყდეს მომავალში თავზე ანტიბიოტიკების „გაფუჭების“ მხრივ — მოერიოს ბაქტერიებს, რა ღონისძიებები ტარდება? გრძელდება თუ არა ამ მხრივ გამოსავლის ძიების პროცესი?
- მე მხოლოდ ჩემი სფეროდან გამომდინარე გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე. სტომატოლოგიური საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2019 წლის სექტემბერში სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის 106-ე კონგრესზე წილად მხვდა პატივი, წარმედგინა საერთაშორისო კვლევის შედეგების ანალიზი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების შესახებ. აღნიშნული კვლევა ჩატარდა 4 ქვეყანაში: ალბანეთი, საქართველო, მაროკო და თურქეთი. კვლევამ აჩვენა ამ ქვეყნების სტომატოლოგთა მაღალი ცოდნა და პასუხისმგებლობა ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით თავიანთ პაციენტებში. თუმცა, გამოიკვეთა მეტი ინფორმაციის და გზამკვლევების საჭიროების აუცილებლობა ამ მიმართულებით. აღნიშნული კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში სამეცნიერო სტატიის სახით გამოქვეყნდება მაღალრეიტინგულ ჟურნალში — „International Journal Of Atimicrobial Agents“.
- არსებულ რეალობაში როგორ მუშაობთ სტომატოლოგები?
- მე, როგორც პრაქტიკოსი სტომატოლოგი და პედაგოგი თითქმის 4 ათეული წლის გამოცდილებით, ხაზგასმით აღვნიშნავ ქართველი სტომატოლოგების მაღალ მოქალაქეობრივ და პროფესიონალურ პასუხისმგებლობას „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში. სტომატოლოგიურმა კლინიკებმა შეწყვიტეს გეგმიური პაციენტების მიღება და გადავიდნენ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების გაწევაზე უსაფრთხოების სპეციალური ნორმების დაცვით. სტომატოლოგები მკაცრად იცავენ და მომავალშიც დაიცავენ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) სპეციალურ რეკომენდაციებს პანდემიის პირობებში სტომატოლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებით. ამის ნათელი დადასტურებაა, რომ არც ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მედპერსონალის ან პაციენტის „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების ფაქტი არ არის დაფიქსირებული.
- როგორ მოგწონთ პანდემიის პირობებში ბრძოლის სტრატეგია ჩვენი მედიცინის მუშაკების მხრიდან?
- თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მედიცინის მუშაკები ფრონტის წინა ხაზზე სრული თავდადებით იბრძვიან და ამტკიცებენ თავიანთ უმაღლეს პროფესიონალიზმს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგები სრულიად აშკარაა: საქართველო მსოფლიოს იმ მოწინავე ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც წარმატებით ებრძვიან და უმკლავდებიან პანდემიას. ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენ ყველა ერთად სიხარულით მივულოცავთ ერთმანეთს საშინელ პანდემიაზე გამარჯვებას!
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ მედიცინის მუშაკს, რომელთა შორის ჩემი ბევრი მეგობარიცაა, რომლებიც თავგანწირულად იბრძვიან ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის! აქვე უპრიანია გავიხსენოთ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ერთ-ერთი ძირითადი დევიზი: „არ არსებობს ჯანმრთელობა პირის ღრუს ჯანმრთელობის გარეშე!“
- როგორ გესახებათ თსუ-ის სენატის მუშაობა და რას საქმიანობს სენატი ამჟამად?
- სენატი, ისევე, როგორც მთელი უნივერსიტეტი, აგრძელებს აქტიურ მუშაობას პანდემიის პირობების მიუხედავად. მარტის ბოლოს ჩვენ ჩავატარეთ ონლაინ სხდომა, რომელშიც სენატის თითქმის ყველა წევრმა მიიღო აქტიური მონაწილეობა. მაღალი იყო სენატის წევრთა ჩართულობა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვაში. ონლაინ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ჩვენი უნივერსიტეტისათვის. ამჟამად სენატის სამდივნოში შემოსულია რამდენიმე საკითხი, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ — ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ცხოვრების და მუშაობის ჩვეულ, აქტიურ რეჟიმს დავუბრუნდებით.
- რას საქმიანობთ სახლში — ახალი დღის წესრიგი როგორია?
- ჩემთვის, როგორც ყველა ჩემი კოლეგისთვის, სახლში „ჯდომა“ მეტად უჩვეულოა. ჩვენ მიჩვეული ვართ აქტიურ ცხოვრებას და მუშაობას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთ პირობებშიც შესაძლებელი ყოფილა აქტიურობა.
23 მარტიდან დავიწყე ლექციების კითხვა Zoom-ის მეშვეობით, რაშიც დიდი დახმარება გაგვიწია თსუ-ის ადმინისტრაციამ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანატმა. ყველას გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო თავდადებისა და გაწეული შრომისათვის!
მინდა, აღვნიშნო ჩვენი სტუდენტების დიდი აქტიურობა და მაღალი ჩართულობა ონლაინ ლექციებსა და სემინარულ მეცადინეობებში. მათი და ჩვენი პედაგოგების მონდომების და პროფესიონალიზმის დამსახურება იყო ის შედეგები, რომელიც სტუდენტებმა აჩვენეს გამოცდებზე.
პირადად მე შესაძლებლობა მომეცა აქტიურად ჩავრთულიყავი საერთაშორისო ვებინარებში, რომლებსაც ატარებდნენ ისეთი პრესტიჟული ორგანიზაციები, როგორიცაა ამერიკის და ევროპის ესთეტიური სტომატოლოგიის აკადემიები, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია და სხვ. ასევე, ძალიან აქტიურობენ ჩვენი, ქართული პროფესიული სტომატოლოგიური ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ უფასო, მეტად საინტერესო ვებინარებს. ამ კუთხით ძალიან აქტიურობს საერთაშორისო სტომატოლოგიური განათლების აკადემია — IDEA, რომლის ეთერში 30-მდე მეტად საინტერესო საგანმანათლებლო ლექცია ჩატარდა 6000-მდე მსმენელისთვის. ლექტორებად მიწვეულები იყვნენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ცნობილი პროფესორები და პრაქტიკოსი ექიმები. მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით სტომატოლოგიური მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდა უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (იტალია), ბოსტონის (აშშ) ტაფტის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი მარიამ მარგველაშვილი.
ამჟამად საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციასთან (რომელიც სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის წევრია) და საერთაშორისო სტომატოლოგიური განათლების აკადემიასთან ერთად ვამზადებთ საერთაშორისო ვებ კონფერენციას, რომელშიც სპიკერებად მოწვეულნი არიან პროფესორები აშშ-დან, ისრაელიდან და უკრაინიდან, მათ შორის, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, დოქტორი გერჰარდ სიიბერგერი.
სახლში ყოფნის პერიოდს აქტიურად ვიყენებ სტუდენტებისთვის ახალ სახელმძღვანელოზე სამუშაოდ. ასევე, პარალელურად, ჩემმა ერთ-ერთმა დოქტორანტმა დაასრულა სადოქტორო პროგრამა და ვამზადებ საჯარო დაცვისათვის. ვემზადები ახალი დოქტორანტების მისაღებად, რისთვისაც ახალი პროექტების წარდგენას ვგეგმავ უახლოეს მომავალში.
ასე რომ, ვცდილობ დრო უქმად არ დაიკარგოს და მაქსიმალურად ინტენსიურად გამოვიყენო მიღებული შესაძლებლობები.
ესაუბრა ნინო კაკულია