გვესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგი, აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის პროგრამის სუბ-მენეჯერი, თსუ-ის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი აკაკი აბუთიძე:
- ახლად აღმოჩენილი კორონავირუსი SARS-CoV-2 არის კორონავირუსების ახალი სახეობა, რომელიც ადრე არ იყო გამოვლენილი ადამიანებში. პირველად ეს ვირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს ამ ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია და ის, რომ მას აქვს პოტენციალი გამოიწვიოს რესპირაციული სისტემის მძიმე დაავადება.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გადაცემა ხდება ცხოველისგან ადამიანზე. ასევე შესაძლებელია ადამიანისგან ადამიანზე გადაცემაც. SARS-CoV-2-ის გადაცემა მოხდა ცხოველისგან ადამიანზე. ინფექციის პირველადი წყარო ჯერჯერობით უცნობია (სავარაუდოდ, რეზერვუარი არის ცხოველი. შესაძლოა, იყოს ღამურა, ხოლო შუალედური რეზერვუარი — პანგოლინი). დადასტურდა COVID-19-ის ადამიანისგან ადამიანზე გადაცემა.
COVID-19 გადაცემა ხდება წვეთოვანი და კონტაქტური გზით. შემთხვევათა უმრავლესობა ინფიცირდება სიმპტომურ პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტით. ინფექციის წყარო შესაძლოა ასევე იყოს ასიმპტომური ინფექციით პაციენტიც. დახურულ სივრცეებში დიდი ხნით ყოფნისას ადამიანების ინფიცირება შესაძლოა მოხდეს ასევე აეროზოლითაც. შესადარებლად განვიხილოთ კორონავირუსებით გამოწვეული ეპიდემიები:
მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS)
პირველად გამოვლინდა 2002 წელს სამხრეთ ჩინეთში. დაფიქსირდა სულ 8,098 დადასტურებული შემთხვევა; გარდაიცვალა 774 პაციენტი (ლეტალობა − 10%).
შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS)
პირველად გამოვლინდა 2012 წელს საუდის არაბეთში. დაფიქსირდა სულ 2,494 დადასტურებული შემთხვევა; გარდაიცვალა 858 პაციენტი (ლეტალობა − 34%).
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19)
პირველად გამოვლინდა 2019 წლის დეკემბერში ქ. უჰანში, ჩინეთში. 2020 წლის 3 აპრილისთვის დაფიქსირდა 1,018,948 დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 53,179 პაციენტი (ლეტალობა − 5.2%).
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით COVID-19-ით შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაინფიცირდეს. თუმცა, დაავადების გართულების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანშიშესული ადამიანები, ასევე ის პირები, რომელთაც აქვთ სერიოზული ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება და სხვ.), ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი და სხვ.
ჩინეთის და სხვა ქვეყნების მაგალითზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (14%-ზე მეტი) აღინიშნება, ძირითადად, 80 წელს გადაცილებულებისთვის. ქალებთან შედარებით, მამაკაცებში COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, განპირობებული იყოს მამაკაცებში თამბაქოს ჭარბი მოხმარებით და ასევე ქრონიკული დაავადებების უფრო მაღალი სიხშირით, რომლებიც ზრდიან COVID-19-ის გართულებების რისკებს.
უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ს არ ახასაითებს რაიმე უჩვეულო, აუხსნელი სიმპტომი. COVID-19-ის დროს ვითარდება არასპეციფიკური სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს რესპირაციული სისტემის ინფექციების უმრავლესობას.
COVID-19 კლინიკური სიმპტომები: ცხელება — 88%; მშრალი ხველა – 68%; დაღლილობა – 38%; სველი ხველა – 33%; ყნოსვის დაქვეითება — 15-30%; ქოშინი – 19%; ლეიკოპენია/ლიმფოპენია; მიალგია/ართრალგია — 15%; ყელის ტკივილი — 14%; თავის ტკივილი -14%; შემცივნება — 11%; თირკმლის ფუნქციის დაქვეითება; დიარეა; ცხვირის გაჭედვა — 5%; გულისრევა/ღებინება — 5%.
ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციას მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც მოსახლეობაში შიში და პანიკა ახლავს თან. მოსახლეობის ემოციები ახლად აღმოცენებულ ინფექციურ დაავადებებზე ხშირად გადაჭარბებულია და ეს, შესაძლოა, საზიანოც კი იყოს. პირველ რიგში, მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია COVID-19 არ არის ფატალური (მომაკვდინებელი) დაავადება.
საზოგადოებაში ვრცელდება ის ინფორმაციაც, რომ ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 თითქოსდა ხელოვნურად შექმნილი ვირუსია და შესაძლებელია მისი ბიოლოგიურ იარაღად გამოყენება. ეს არასწორია. ბიოლოგიურ იარაღად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ისეთი ინფექციური დაავადების გამომწვევები, რომლებიც ძალიან ადვილად (მაგ. ჰაეროვანი გზით, აგრეთვე გადამტანების — მწერების, ფეხსახსრიანების საშუალებით) გადაეცემა ადამიანისგან ადამიანს, მოკლე დროში აინფიცირებენ მოსახლეობის დიდ ნაწილს და ახასიათებთ ძალიან მაღალი ლეტალობა. აქედან გამომდინარე SARS-CoV-2-ით გამოწვეული ინფექცია COVID-19 ბიოლოგიურ იარაღად ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან ის ვრცელდება წვეთოვანი და კონტაქტური გზით და ისიც 1-2 მეტრის დისტანციაზე და არ ვრცელდება ჰაეროვანი გზით. აგრეთვე COVID-19-ს არ აქვს ლეტალობის მაღალი მაჩენებელი.
მსოფლიო პანდემიები
კაცობრიობის ისტორიას არაერთი ინფექციური დაავადების პანდემია ახსოვს. ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პანდემიები გახლავთ:
შავი ჭირი („შავი სიკვდილი“) — კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი პანდემია. დაავადება, სავარაუდოდ, აღმოცენდა ცენტრალურ ან აღმოსავლეთ აზიაში, საიდანაც აბრეშუმის გზით 1343 წელს მიაღწია ყირიმს და შემდეგ გავრცელდა მთელს ევროპაში. 1347-1351 წლებში ევრაზიაში შავს ჭირს შეეწირა 75-200 მილიონი ადამიანის სოცოცხლე. მთლიანობაში შავ ჭირს ევროპის მოსახლეობის 30%-დან 60%-მდე ემსხვერპლა.
ყვავილი — ყვავილმა უდიდესი ზიანი მოუტანა მსოფლიო მოსახლეობას. მე-18 საუკუნეში ყვავილით ყოველწლიურად ევროპაში, დააახლოებით, 400,000 ადამიანი კვდებოდა. ყვავილით ინფიცირებულებში ლეტალობის მაჩვენებელი შეადგენდა 20-60%-ს (მათ შორის 80%-ს ინფიცირებულ ბავშვებს შორის). მე-20 საუკუნეში მსოფლიოში ყვავილმა შეიწირა 300-500 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. მე-19-მე-20 საუკუნეებში ჩატარებული წარმატებული ვაქცინაციის შედეგად ჯანმომ-მ 1979 წელს ოფიციალურად გამოაცხადა ყვავილის ერადიკაცია (აღმოფხვრა) მსოფლიოში.
ქოლერა. ყოველწლიურად ქოლერით ავადდება 3-5 მილიონი ადამიანი და მათგან კვდება 58,000-130,000. ბოლო 200 წლის მანძილზე მსოფლიოში აღინიშნა ქოლერის შვიდი პანდემია. მე-19 საუკუნემდე, სავარაუდოდ, ქოლერით მსოფლიოში კვდებოდა ათობით მილიონი ადამიანი. მარტო რუსეთში 1847-1851 წლებში ქოლერით 1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 1900-1920 წლებში ინდოეთში ქოლერას შეეწირა 8 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე. ქოლერის ბოლო ეპიდემია განვითარდა 2010 წელს ჰაიტიზე მიწისძვრის დროს, რომელმაც 2010 წლიდან 2015 წლამდე ჰაიტიზე დააინფიცირა 700 000 ადამიანი, რომელთაგან 9 000 გარდაიცვალა.
ესპანური გრიპი („ისპანკა“) — ცნობილია აგრეთვე, როგორც 1918 წლის პანდემიური გრიპი. ეს იყო სასიკვდილო გრიპის პანდემია. 1918-1920 წლებში „ისპანკით“ დაავადდა 500 მილიონი ადამიანი (იმდროინდელი მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი) და გარდაიცვალა დაახლოებით 17-50 მილიონი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 100 მილიონი) ადამიანი.
ესაუბრა თამარ დადიანი