გარსევან კურდღელაიძე პირველი ქართველი მეცნიერი იყო, ვინც ანტარქტიდის კონტინენტზე ფეხი შედგა. მის სახელთან დაკავშირებულია ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის — ატლანტის ოკეანისა და საქართველოს თვალწარმტაცი ბუნების შესწავლა-გამოკვლევა.
გარსევან კურდღელაიძე 1920 წლის 11 ოქტომბერს დაიბადა თუშეთში, სოფელ შენაქოში. საშუალო განათლება ქვემო ალვანში (ახმეტის მუნიციპალიტეტი) მიიღო, რომელიც 1938 წელს დაამთავრა და მუშაობა დაიწყო მშობლიურ რაიონში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი გამანადგურებელი ბატალიონის წევრი იყო თელავის რაიონში. 1951 წელს შევიდა და 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კვლავ მშობლიურ თუშეთს დაუბრუნდა, სადაც ორი წლის განმავლობაში ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის უფროსი იყო. 1957 წელს მიიწვიეს ანტარქტიდის მე-3 საბჭოთა ექსპედიციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც 1959 წლამდე დაჰყო, ანტარქტიდის სამეცნიერო-კვლევით სადგურ „პიონერსკაიაზე. მან ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში თავი გამოიჩინა, როგორც მცოდნე პროფესიონალმა მკვლევარ გეოგრაფმა, რომელმაც ექსპედიციის ხელმძღვანელობის არაერთი მადლობა დაიმსახურა. აღნიშნული მუშაობის შედეგად გამოაქვეყნა წიგნი — „ანტარქტიდის დღიური“ (1962), სადაც დაკვირვებული მკვლევრის მიერ ძალიან საინტერესო შთაბეჭდილებები და მასალებია თავმოყრილი. იგი სკოლის მოსწავლეებისათვის საინტერესო საკითხავი წიგნი გახდა.
1970 და 1971 წლებში გარსევან კურდღელაიძე ორჯერ მიიწვიეს საბჭოთა კავშირის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ოკეანოლოგიურ ექსპედიციებში გემ „მუსონზე“, რომელიც ატლანტის ოკეანეს იკვლევდა. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა გოლფსტრიმის დინების შესწავლას. მისი უშუალო მონაწილეობით სრულდებოდა ბათიმეტრიული და ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებები. კვლავაც ხელმძღვანელობის მიერ არაერთგზის აღინიშნა მისი მაღალი პროფესიონალური, მორალური და საზღვაო თვისებები. მეცნიერის არქივში ინახება ექსპედიციის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ჯილდოები და სიგელები.
1959 წლიდან გარსევან კურდღელაიძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც პროფესორ დავით წერეთლის თაოსნობით იწყებოდა გლაციოლოგიური გამოკვლევები კავკასიონის მყინვარებზე. გამოცდილი მკვლევარი გარსევან კურდღელაიძე სათავეში ჩაუდგა ქართველ გლაციოლოგთა ექსპედიციებს და წლების განმავლობაში დიდი მონდომებით მუშაობდა მთის მყინვარებზე და მდინარეებზე. ამ სამუშაოთა საფუძველზე შექმნა 50-ზე მეტი ნაშრომი, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია. მონაწილეობა მიიღო საქართველოს მყინვართა კატალოგის შედგენაში, რომელიც 1975 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოიცა.
გარსევან კურდღელაიძის ინტერესები მარტო გლაციოლოგიური გამოკვლევებით არ იფარგლებოდა. მან გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს მღვიმე-გამოქვაბულების შესწავლის საქმეში და უშუალო მონაწილეობა მიიღო აფხაზეთ-სამეგრელოს სპელეოლოგიურ ექსპედიციებში: ეშვებოდა ღრმა უფსკრულებში, ატარებდა ჰიდრომეტრიულ და მეტეოროლოგიურ გაზომვებს, სწავლობდა კარსტულ წყაროებსა და მიწისქვეშა მდინარეებს. გამოცდილი ჰიდრო-მეტეოროლოგი დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით მუშაობდა გეოგრაფიის ინსტიტუტის სიონის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში, სადაც მისთვის ჩვეული მონდომებით აწარმოებდა კომპლექსურ დაკვირვებებს. მოპოვებული მასალების საფუძველზე კი რამდენიმე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.
როგორც ჭეშმარიტი ბუნებისმეტყველი, გარსევან კურდღელაიძე დიდი პოეტური სულის პიროვნება იყო. იგი ბუნებას ეპყრობოდა როგორც განსაკუთრებული ზრუნვის საგანს და ასეთ დამოკიდებულებას ავლენდა იმ მრავალრიცხოვან წერილებში, მოთხრობებში, ჩანახატებში, ლექსებსა და მშვენიერ ზღაპრებში, რომლებიც უხვად იბეჭდებოდა ჩვენს ჟურნალ გაზეთებში. მისი დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და თხრობის შეუდარებელი უნარი ძალიან იზიდავდა ბავშვებს, რომლებიც თავდავიწყებით უსმენდნენ მოგზაურის ფათერაკებითა და მდიდარი ფანტაზიით შეზავებულ ამბავ-მონაგონს.
გარსევან კურდღელაიძე ხშირად მონაწილეობდა თვითმოქმედ ხელოვანთა გამოფენებში, სადაც იმსახურებდა ჯილდოებს მეტად ორიგინალური ნაკეთობებით. იგი ოდნავი ხელის შეხებით აცოცხლებდა ხის გამხმარ ტოტებს, კუნძებს და მათ ცხოველების ან საგნების გასაოცარ გამოხატულებას აძლევდა. სიცოცხლეშივე მისგან პირადად გადმოცემული არაერთი ასეთი ქმნილება ამშვენებს ჩემს (ავტორის) თაროებს.
მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე გარსევან კურდღელაიძეს არ გაუწყვეტია კავშირი თავის მშობლიურ კუთხესთან, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა. 1983 წელს მშობლიურ კუთხეზე გამოსცა მონოგრაფია — „თუშეთი (მეურნეობა, ბუნება, ტოპონიმია)“, რომელშიც ჩაქსოვილია ამ კუთხის შვილის მამულისადმი დიდი სიყვარული.
გარსევან კურდღელაიძე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან. იგი საინტერესო მოხსენებებს კითხულობდა და ბეჭდავდა სტატიებს საზოგადოების შრომებში. არაერთი შეხვედრა ჰქონდა მოსწავლე ახალგაზრდობისა და სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან.
სამწუხაროდ, გარსევან კურდღელაიძე 63 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა (1983 წლის 12 ოქტომბერს), დაკრძალულია სოფელ ქვემო ალვანში. მასზე მთელ რიგ ჟურნალ-გაზეთებში სიცოცხლეშივე არაერთი წერილი გამოქვეყნდა.
საბედნიეროდ, მის მეგობრებს, კოლეგებს და ახლობლებს დღესაც ახსოვთ მოუსვენარი მკვლევარის და შემოქმედის ნათელი სახე.
კობა ხარაძე
ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტი
გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი