მოამზადა ნინო კაკულიამ
„ორგანიზატორული ამსრულებლისა და ორგანიზატორის დასჯადობა გერმანიასა და საქართველოში“ — ასე ჰქვია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის წიგნს, რომელიც ახლახანს გამოიცა. ეს წიგნი სრულად მოიცავს დისერტაციას, რომელიც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მან 2020 წლის 10 სექტემბერს დაიცვა.
წიგნი გერმანიაში ერთ-ერთმა წამყვანმა გამომცემლობამ — Nomos-მა დაბეჭდა. ამ გამომცემლობაში რომ მიიღოს ავტორმა წიგნის დაბეჭდვის უფლება, აუცილებელი მოთხოვნაა, დისერტაციაში ჰქონდეს მიღებული უმაღლესი შეფასება და გამომცემლობის სარედაქციო კოლეგიამ მოიწონოს შესაბამისი დისერტაცია. სწორად ამ პირობების დაკმაყოფილების შედეგად მიეცა ანრი ოხანაშვილს უფლება — გამოექვეყნებინა დისერტაცია Nomos-ის გამომცემლობაში, რომელიც შემდეგ თვითონ უზრუნველყოფს წიგნის წამყვან მაღაზიებში განთავსებას.
წიგნის შინაარსს საფუძვლად დაედო ფაშისტური გერმანიის პირობებში მომხდარი უმძიმესი დანაშაულები, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს მომხდარი მძიმე დანაშაულები, მათ შორის, ბერლინის კედლის შემთხვევები. ასევე სხვა ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ჩადენილი დანაშაულები.
„წიგნში წარმოებული კვლევის ძირითადი არსი მდგომარეობს გერმანულ სისხლის სამართალში განვითარებული სამართლებრივი ფიგურის — ორგანიზატორიული ამსრულებლის — და ქართულ სისხლის სამართალში კანონით დარეგულირებული ორგანიზატორის ფიგურის ანალიზსა და შედარებაში. ორგანიზატორული ამსრულებელი გერმანულ სისხლის სამართალში შუალობითი ამსრულებლობის ერთ-ერთი სახეა და მისი დასაბუთება ხდება ქმედებაზე ორგანიზაციული ბატონობით, მაშინ, როდესაც ქართულ სისხლის სამართლის მეცნიერებაში ორგანიზატორის დასაბუთება ხორციელდება განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით. ეს სამართლებრივი ფიგურა მიჩნეულია ფართო გაგებით თანამონაწილეობის ყველაზე საშიშ ფორმად. ამიტომ, ის გათანაბრებულია დანაშაულის ამსრულებელთან და გაგებულია ორგანიზატორული ამსრულებლის მსგავს ფიგურად.
წიგნში წარმოდგენილი კვლევით დასტურდება, რომ სისხლისსამართლებრივ დოგმატიკაში ორგანიზატორული ამსრულებლობა დასაბუთებადია. წიგნში ორგანიზატორის ფიგურა კი გაკრიტიკებულია, რადგან ის საბჭოთა პერიოდში პოლიტიკური მიზნით ხელოვნურად შექმნილი ინსტრუმენტია, რომელსაც სისხლისსამართლებრივი დოგმატური საფუძველი აკლია და ამიტომაც მისი თანამონაწილეობის ამ ფორმით არსებობა გაუმართლებელია,“ — აღნიშნავს წიგნის ავტორი ანრი ოხანაშვილი.
წიგნი თავისი შინაარსით სამეცნიეროა, ამიტომ, პირველ რიგში, ის განკუთვნილია პროფესორებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სისხლის სამართლით და სურთ ცოდნის ამ სფეროში გაღრმავება.
ანრი ოხანაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი საქართველოში არ იყიდება. ეს უფლემა მას Nomos-ის გამომცემლობამ უნდა მისცეს.
წიგნი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://www.nomos-shop.de/nomos/titel/die-strafbarkeit-des-organisationstaeters-und-des-organisators-in-deutschland-und-georgien