მოამზდა სოფო გიორგაძემ
„პირველი კურსი ჩემთვის სულ სხვა სამყარო აღმოჩნდა. ძალიან რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ვიცოდი ყველაფერი, მაგრამ არ ვსაუბრობდი. მრცხვენოდა ჩემი დაშვებული შეცდომების, მითუმეტეს, როცა ვისმენდი ქართველი მეგობრების მონათხრობს. საათობით ვკითხულობდი, ვთარგმნიდი სომხურ ენაზე — იმაზე მეტს ვმეცადინეობდი, ვიდრე ჩემი ქართველი კურსელები, მაგრამ მაინც ვერ ვაბარებდი. ამის მიუხედავად, ჯიუტად ვცდილობდი და ყოველდღე იმ ფიქრით ვბრუნდებოდი უნივერისტეტიდან, რომ ხვალ აუცილებლად ჩავაბარებდი მასალას“, – იხსენებს სტუდენტობის პირველ წლებს ანჟელა ღაზარიანი.
ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებიდან, რომელიც თსუ-ის ქართულ ენაში მოსამზადებელ კურსზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. მასაც, როგორც ყველას, თავისი მიზნები და მოლოდინები ჰქონდა: პროგრამის საშუალებით უფრო ადვილად ჩაებარებინა უნივერსიტეტში და სრულყოფილად ესწავლა ქართული ენა. მისი თქმით, ყველა მოლოდინი გამართლდა და იმისთვის, რომ თავის თემში ენის ცოდნის პრობლემის მოგვარებაში წვლილი შეეტანა, ძირითად პროფესიად ქართული ფილოლოგია აირჩია.
„დაწყებითი კლასებიდანვე მაინტერესებდა ლიტერატურა, ზოგადად, ჰუმანიტარული საგნების სწავლა ჩემთვის ყოველთვის უფრო მომხიბვლელი და ადვილი იყო. ახლა, რაც უფრო მეტი დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ქართული ფილოლოგია ჩემი სფეროა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მეხმარებოდნენ ლექტორები. ზუსტად იმიტომ გადავწყვიტე ქართული ენის სიღრმისეული შესწავლა, რომ შემდეგ ჩემი ცოდნა ჩემ ირგვლივ მყოფი სომეხი მოსახლეობისთვის გადამეცა და დავეხმარებოდი მათ, განსაკუთრებით ბავშვებს, რათა მომავალში ისინი არ დამდგარიყვნენ იმ პრობლემების წინაშე, რომლებიც მე მქონდა“, – ამბობს ანჟელა.
რაც შეეხება სირთულეებს, მისი აზრით, კიდევ უფრო დასახვეწია სწავლების მეთოდები, რომ არაქართულენოვანმა სტუდენტმა შეძლოს სრულფასოვანი სწავლა. ამისთვის, მისი აზრთ, საჭიროა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ქართველ სტუდენტებთან, პარალელურად იარონ ლექციებზე, რათა ყურში მუდმივად ესმოდეთ ქართული ენა. „ამ ყველაფრის გარდა, ცხოვრების ამ ეტაპზე სხვა პრობლემის წინაშეც დავდექით – ვგულისხმობ დისტანციურ სწავლებას. ასეთ პირობებში მოსამზადებელი კურსის სტუდენტი ვერ შეისწავლის ენას, რაც შემდგომში იმის პირობა გახდება, რომ, ფაქტობრივად, ქართველებთან ერთად სწავლას ვერ შეძლებს“, – ამბობს იგი.
სწავლის დასრულების შემდეგ ანჟელას დაგეგმილი აქვს, რომ სკოლაში დასაქმდეს. მას ძალიან უნდა, ჰქონდეს საკუთარი სასწავლო დაწესებულება, სადაც სომეხ მოსახლეობას, მიუხედავად მათი ასაკისა, ქართულს იმ დონეზე ასწავლის, რომ თავისუფლად საუბარი შეძლონ.
* * *
პროგრამა „1+4“ 2010 წლიდან ამოქმედაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამას განსხვავებული, ინდივიდუალური გეგმით წარმართავს. ხოლო, ამ პროგრამაზე ჩარიცხვა მხოლოდ ერთი გამოცდის (მშობლიურ ენაზე ზოგადი უნარების) საფუძველზე ხდება. ქართული ენის სპეციალური პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები სასურველ მიმართულებაზე უგამოცდოდ ირიცხებიან. 2010 წელს პროგრამაზე 299 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო 2017 წლის მონაცემებით (გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ანგარიში), ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 937 სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტი ჩაირიცხა, დღეს ეს ციფრი 1000-ს სცდება.