სტატია მოამზადა ნინო კაკულიამ
ისტორია მეორდება, ეპიდემიების სახელწოდებები იცვლება, ფაქტები შედარებითია და დღევანდელობასთან პარალელების გავლება ხერხდება. ანტიკურ ეპოქაში გაჩენილი მძიმე სენის გამო საბერძნეთს, კლასიკური ხანის ათენს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს და როგორც ანტიკური პერიოდის უბადლო მცოდნე, მკვლევარი რისმაგ გორდეზიანი ამბობს, უძველესი პერიოდის მაგალითის მოყვანა დასტურია იმისა, თუ რამდენად მსგავსი შეიძლება იყოს ვითარება სხვადასხვა ეპოქაში სასტიკი ეპიდემიის გავრცელების დროს.
რას გვეუბნება ისტორია „კოვიდ-19“-ის მსგავსი პანდემიების გავრცელების თაობაზე, რომელიც ადამიანთა აზროვნებას და ქცევას ცვლიდა? საბერძნეთის მაგალითის მიხედვით ისტორიკოს თუკიდიდესის მიერ საინტერესოდ აღწერილ ფაქტებზე და წარსული განსაცდელის დღევანდელობასთან კავშირზე გვესაუბრება თსუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი.
- მომავალი თაობისათვის „კოვიდ-19“ დარჩება კაცობრიობისთვის თავს დატეხილი საერთო განსაცდელის, საკუთარი გამოცდილებით გადატანილი უბედურების ისეთ ნიმუშად, რომელიც მითოლოგიზებას დაექვემდებარება და ადამიანთა მახსოვრობაში ბიბლიური წარღვნის მსგავს უბედურებას დაემსგავსება. ადამიანთა ამჟამინდელ და მომავალ თაობებს ეს პანდემია უფრო მწვავედ დააყენებს არჩევანის წინაშე — რა უფრო მნიშვნელოვანია: ნაციონალური თუ ტრანსნაციონალური იდენტობა. ამ ეტაპზე საერთო განსაცდელთან ჭიდილში ნაციონალური სახელმწიფოები ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე ბევრად უფრო ეფექტურები აღმოჩნდნენ.
ანტიკურ ეპოქაში ამგვარი განსაცდელი კლასიკური ხანის (ძვ. წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის 30-იანი წლებში) ათენში გავრცელებულმა ჭირმა გადაატანინა საბერძნეთს, რაც ბრწყინვალედ აღწერა ისტორიკოსმა თუკიდიდესმა თავისი ისტორიის მეორე წიგნში. ათენში გავრცელებული ჭირის ეპიზოდი ტოლს არ უდებს საუკეთესო რომანების ნარატივს. თუკიდიდესი წერს: „ამ დაავადების (ჭირი) რაობას ენა ვერ აღწერს. მან ყველა დაჯაბნა. იმდენად მძიმე იყო, ადამიანური ბუნება ვერ უმკლავდებოდა; მისი უცნაურობა იქიდანაც ჩანდა, რომ არც ლეშისმჭამელი ფრინველები და ოთხფეხები ეკარებოდნენ დაუმარხავად მიტოვებულ ცხედრებს (ასეთი კი ბევრი იყო), ხოლო თუ პირს დააკარებდნენ, იხოცებოდნენ. ყველაზე მეტად კი ძაღლებზე აისახა სენის შედეგები, რადგანაც ისინი ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ. ასეთი გახლდათ დაავადების საერთო სახე. კერძო შემთხვევათა განმასხვავებელ თავისებურებებს საგანგებოდ არ შევეხე. ადამიანები იმხანად სხვა ჩვეულებრივი სენით არ ავადობდნენ. თუ მაინც შეეყრებოდათ რაიმე, ისიც ჭირით მთავრდებოდა. იხოცებოდნენ მზრუნველობამოკლებულნიც და საგულდაგულოდ მოვლილნიც. შეიძლება ითქვას, ერთი რაიმე წამალიც არ არსებობდა, შვება რომ მიეცა სნეულთათვის: რაც ერთს ადგებოდა, მეორეს ვნებდა. სენს ვერც ძლიერი ორგანიზმი უმკლავდებოდა და ვერც სუსტი. არც ცხოვრების პირობებს ჰქონდა მნიშვნელობა. ჭირი ყველას განურჩევლად ემართებოდა. ყველაზე შემაძრწუნებელი მთელ ამ უბედურებაში სასოწარკვეთა იყო, რაც მაშინვე ეუფლებოდა ადამიანს, როგორც კი თავს შეუძლოდ იგრძნობდა (იმედდაკარგულნი ბედს მიენდობოდნენ და სენს აღარ უძალიანდებოდნენ). გარდა ამისა, შემაძრწუნებელი იყო ისიც, რომ მოვლისას სენი ერთიდან მეორეზე გადადიოდა და სნებაშეყრილნიცა და მათგან დასნებოვნებულნიც ცხვრებივით იხოცებოდნენ. სიკვდილიანობას ძირითადად სწორედ ის იწვევდა, რომ სენი გადამდები იყო. იმას, ვინც სენის გადადების შიშით სხვას არ ეკარებოდა, მარტოობაში უწევდა სულის დალევა. ასე უპატრონობით ბევრი ოჯახი ამოწყდა. მაგრამ იხოცებოდნენ ისინიც, ვისაც სინდისი შეაწუხებდა და თავს არ იზოგავდა, რომ მეგობარი მოენახულებინა, მეგობარი, რომელიც უკვე გარდაცვლილთა გლოვით გულდამძიმებულ და უბედურებისაგან ილაჯგაწყვეტილ ოჯახის წევრებს უკვე მოეძულებინათ. მომეტებულად თანაუგრძნობდნენ ავადმყოფებს და სულთმობრძავებს სენმოხდილნი, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ეს უბედურება. ისინი თამამად იყვნენ, რადგან სენი მეორედ არავის შეყრია და არავინ მოუკლავს. ათენელთა უბედურებას ისიც დაემატა, რომ ქალაქს მინდვრებიდანაც (სოფლებიდანაც) მოაწყდა ხალხი, მეტადრე უცხოელები (ჩამოსახლებულნი). მათ სახლ-კარი არ გააჩნდათ და ზაფხულში საშინლად დახუთულ ქოხმახებში იყვნენ შეხიზნულნი. ერთიმეორეზე ახორხლილი სულთმობრძავნი უთავბოლოდ ეყარნენ და იქვე იხოცებოდნენ, ან კიდევ ქუჩებში და ჭების ირგვლივ ცოცხალ-მკვდრები დაფორთხავდნენ წყურვილით გატანჯულნი. გვამებით სავსე იყო წმინდა ადგილებიც, სადაც კარვები ჰქონდათ გაშლილი. ჟამიანობით გატეხილმა და განადგურებულმა ადამიანებმა, რომლებმაც აღარ იცოდნენ რა ელოდებოდათ, დაკარგეს კრძალვა როგორც ღვთიური, ისე ადამიანური კანონების წინაშე. მიცვალებულთა გაპატიოსნების ადრინდელი ადათ-წესები შეირყვნა: ყველა ისე მარხავდა თავის მიცვალებულს, როგორც შეეძლო. გაუთავებელი სიკვდილიანობის გამო ბევრს დაკრძალვის საშუალებაც არ ჰქონდა და სამარცხვინოდ იქცეოდა: ერთნი როგორც კი სხვებისთვის გაჩაღებულ ცეცხლს დაიგულებდნენ, თავიანთი მიცვალებულის გვამს დებდნენ და წვავდნენ, მეორენი კი დაიწვებოდა თუ არა სხვისი მკვდარი, თავიანთი მიცვალებულის ცხედარს (ნეშთს) ზემოდან აგდებდნენ და გარბოდნენ.
მოარული სენის გაჩენისთანავე ხალხმა სახელმწიფოს კანონებზე სხვა მხრივაც აიღო ხელი. ადვილად ბედავდნენ იმას, რასაც წინათ მალვით ჩადიოდნენ, თავაშვებულობისთვის რომ არ დაეძრახათ. მათ თვალწინ ხდებოდა მდიდართა ბედის უკუღმა ტრიალი, რომლებიც მოულოდნელად კვდებოდნენ და მათი ქონება უპოვართ რჩებოდათ. ცხოვრებაცა და სიმდიდრეც წარმავალი ჩანდა და ყველას სურდა ხორციელ დატკბობას დაწაფებოდა. აღარავის უნდოდა თავის გაწირვა მშვენიერი მიზნებისთვის. ვინ უწყოდა, რომ მიზნების მიღწევამდე სული არ ამოხდებოდა. ამიტომ მშვენივრად და სასარგებლოდ ის მიაჩნდათ, რაც იმ წამს მიანიჭებდა ტკბობას ან ის, რაც ამ ტკბობის მიღწევაში დაეხმარებოდა. აღარც ღვთის შიში ჰქონდათ და აღარც ადამიანური კანონებისა. ხედავდნენ, რომ განურჩევლად ყველანი იღუპებოდნენ, ამიტომ ღმერთის პატივისცემა თუ უპატივცემულობა უმნიშვნელო რამედ ეჩვენებოდათ. არავის ჰქონდა იმდენ ხანს სიცოცხლის იმედი, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალში მიეცემოდა, ვინაიდან ბედს მათთვის უფრო მძიმე განაჩენი გამოეტანა და აღსასრულის მოსვლამდე, ცხადია, სიცოცხლით ტკბობა ეწადათ“. ისტორიკოს თუკიდიდესის ეს ეპიზოდი მითითებული მაქვს ჩემს წიგნში — „ბერძნული ლიტერატურა (ელინური ეპოქის პოეზია და პროზა)“.
ეს ეპიზოდი მოგვყავს იმის დასტურად, თუ რამდენად მსგავსი შეიძლება იყოს ვითარება სხვადასხვა ეპოქაში სასტიკი ეპიდემიის გავრცელების დროს.