თამარ დოლბაია,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
ასოცირებული პროფესორი
– ახალი სასწავლო წლისთვის მზადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა: ვაჯამებთ განვლილს და მივისწრაფით ახლისკენ. ამავდროულად, ვცდილობთ – არ ვუღალატოთ იმ ძირითად მიზნებს, რასაც სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხი ჰქვია.
უნდა ითქვას, რომ ფაკულტეტი გამორჩეულია საუნივერსიტეტო სივრცეში. მისი მულტიდისციპლინური სტრუქტურა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა თანაარსებობა ფართო შესაძლებლობებს იძლევა საგანმანათლებლო, სამკვლევრო თუ პრაქტიკული საქმიანობის კუთხით. წელს ბევრი რამ იგეგმება სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებისათვის და სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის. ვემზადებით 20-მდე საგანმანათლებლო პროგრამის რეაკრედიტაციისათვის და ვმუშაობთ ახალი ქართულ და ინგლისურენოვანი პროგრამების შექმნაზე.
უკვე ტრადიციად იქცა ყოველწლიური პროექტი — „სახელმძღვანელოების კონკურსი”, რომელიც ახალი სახელმძღვანელოების შექმნითა და არსებულის განახლებით, სიახლეზე ორიენტირებული ცოდნის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს.
ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა არაერთი ტრენინგი ჩაატარა და ელექტრონული სწავლების დამხმარე ტუტორიალი შექმნა დისტანციური სწავლების უნარების განსავითარებლად. ახალ სასწავლო წელსაც მოგვიწევს სასწავლო პროცესის „ჰიბრიდულ ფორმატში” წარმართვა და პროფესორთა და სტუდენტთა დახმარება ელექტრონული სწავლების ხელშესაწყობად.
მიუხედავად პანდემიისა, ფაკულტეტი აღრმავებს საერთაშორისო კონტაქტებს და თანამშრომლობს აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, ფაკულტეტის პროფესურა ჩართულია საერთაშორისო კვლევით საქმიანობებში.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უკვე მეცხრედ ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა”. ვირტუალურ სივრცეში ყოფნამ ხელი არ შეუშალა საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესს და წელს, პირველად, უცხოელ მონაწილეთა რაოდენობამ გადააჭარბა ადგილობრივ მონაწილეთა რიცხვს.
ფაკულტეტზე იქმნება პროფესორთა და სტუდენტთა არაერთი სამეცნიერო ჟურნალი. გამოვარჩევთ თსუ-ის რამდენიმე ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილ სამეცნიერო ჟურნალს – „გარემო და საზოგადოება”, რომლის მეორე ნომერს ვამზადებთ გამოსაცემად. ჟურნალი დარგთაშორისი და ფაკულტეტთაშორისი თანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშად მიგვაჩნია.
დიდია სტუდენტთა ჩართულობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და ამ სასწავლო წელსაც სტუდენტებს რამდენიმე სიახლეს შევთავაზებთ. ესენია: ონლაინ „სტუდენტთა სამეცნიერო კლუბი”, რომლის მიზანია სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარება და „სტუდენტთა საკვალიფიკაციო ნაშრომების ფესტივალი”, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები გაეცნობიან სწავლების სამივე საფეხურზე შექმნილ საუკეთესო საკვალიფიკაციო ნაშრომებს.
სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად ძალზე მნიშვნელოვანია აკადემიური და დამხმარე პერსონალის მოტივაციის ამაღლება. გამოიძებნა ფინანსური რესურსი და დიდი ხნის განმავლობაში პირველად ჯერ აკადემიური პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა, ახლა დამხმარე პერსონალისა იზრდება და ვიმედოვნებთ, ყოველივე ეს აისახება სტუდენტთა მომსახურების ხარისხზე.
წელს ფაკულტეტზე 640 სტუდენტი მივიღეთ. ისინი პირველად შემოაღებენ კარს ქვეყნის ამ უმთავრეს და ტრადიციულ უნივერსიტეტში, რაც უდაოდ მათგან გაწეული შრომის საზღაურია და იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება დასახული მიზნისკენ წარმატებით სვლაში.
ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა