მაია ტორაძე
29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს ალექსანდრე შენგელაიას ნაშრომთა ციკლისთვის – „მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და დაბალგანზომილებიანი მაგნეტიკების ექსპერიმენტული კვლევა“ – ეროვნული პრემია მიანიჭა. „ვფიქრობ, რომ ჩემი შრომის ამგვარი დაფასება, ფაქტობრივად, გასული ოცი წლის საქმიანობის შედეგია. ეს პრემია მარტო ჩემი არაა. ის ეკუთვნის უნივერსიტეტს და ყველა ჩემს კოლეგას, რომლებთან ერთადაც მიმუშავია. ბედნიერი ვარ და კიდევ მეტი სტიმული მომეცა, რომ მომავალში განვაგრძო კვლევა ამ მიმართულებით“, – უთხრა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ ალექსანდრე შენგელაიამ.
რას ეხება ნაშრომთა ციკლი – „მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და დაბალგანზომილებიანი მაგნეტიკების ექსპერიმენტული კვლევა“ და რა სამეცნიერო-კვლევითი გეგმები აქვს ეროვნული პრემიის მფლობელ მეცნიერს, პროფესორი ალექსანდრე შენგელაია თავად პასუხობს:
– ბატონო ალექსანდრე, რა სამეცნიერო მნიშვნელობისაა ნაშრომთა ციკლი „მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და დაბალგანზომილებიანი მაგნეტიკების ექსპერიმენტული კვლევა“, რომელსაც ეროვნული პრემია მიენიჭა, რა სიახლეს მოიცავს იგი?
მაღალტემპერატურული ზეგამტარობა 1986 წელს შვეიცარიელმა მეცნიერებმა, პროფესორმა ალექს მიულერმა და მისმა თანამშრომელმა გეორგ (ჯორჯ) ბედნორცმა აღმოაჩინეს. „ზეგამტარობა საოცარი მოვლენაა, რომელსაც მაკროსკოპულ კვანტურ მოვლენას უწოდებენ. ეს ისეთი მდგომარეობაა, რომელიც ბუნებაში იშვიათად გვხვდება, მაგრამ მას აქვს დიდი პრაქტიკული გამოყენება. მაგალითად, მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაში, რომელიც მედიცინის წამყვანი ინსტრუმენტია, სწორედ ზეგამტარები გამოიყენება. მათ გარეშე ვერ შეიქმნება მაგნიტური ველი, რომელიც ამ ხელსაწყოსთვის არის საჭირო. ცერნში (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) და, ზოგადად, ყველგან, სადაც ამაჩქარებელია განთავსებული, ზეგამტარები გამოიყენება. ეს მომავლის ტექნოლოგიაა, მაგრამ მიულერის და ბედნორცის აღმოჩენის შემდეგ შესაძლებელი გახდა ზეგამტარების უფრო მაღალ – ოთახის ტემპერატურასთან ახლო ტემპერატურაზე – გამოყენება, რადგან თავად ზეგამტარობა ჩნდება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, რომლის მიღება და შენარჩუნება რთულია. ამ აღმოჩენისთვის მიულერსა და ბედნორცს ნობელის პრემია მიენიჭა. სხვათაშორის, ეს რეკორდია ნობელის პრემიის ისტორიაში, რადგან აღმოჩენიდან ნობელის პრემიის მინიჭებამდე, სანამ დარწმუნდებიან, რომ ის მნიშვნელოვანია, როგორც წესი, მრავალი წელი გადის ხოლმე. მაღალტემპერატურული ზეგამტარობის აღმოჩენისთვის კი ამ მეცნიერებს ეს უდიდესი პრემია ერთ წელიწადში მიანიჭეს. ესეც ხაზს უსვამს ამ აღმოჩენის მნიშვნელობას.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ზეგამტარობის ფიზიკაში, რომელიც მიეძღვნა ნობელის პრემიის მინიჭების 20 წლისთავს. ამ კონფერენციას სტუმრობდა გეორგ ბედნორცი, რომელიც ალექს მიულერთან ერთად არჩეულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ციურიხის უნივერსიტეტში 10 წლის განმავლობაში მემუშავა პროფესორ მიულერთან. შესაბამისად, ბუნებრივი იყო ჩემი დაინტერესება ამ მიმართულებით.
რა პრობლემა დგას დღეს? ზეგამტარობის ბუნება ნივთიერებებში დღემდე არ არის ცნობილი. ამ აღმოჩენამ აჩვენა, რომ კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში ჩვენ ვართ რაღაც ზღვარზე, რომლის იქითაც ამოუცნობი, ახალი იწყება. ის ცოდნა, რაც ახლა გვაქვს, არასაკმარისია და თვისობრივად ახალ ცოდნაში უნდა გადავიდეთ. ამაზე მუშაობენ ახლა მეცნიერები მსოფლიოში. მათ შორის ჩვენი მოკრძალებული წვლილიც იყო. მე ვარ ექსპერიმენტატორი, ვაგროვებთ ექსპერიმენტულ მონაცემებს, რომლებიც შემდეგ საფუძვლად დაედება ზეგამტარობის ახალი თეორიის შექმნას.
– რა სამუშაოებს აწარმოებთ ამ ეტაპზე და სად ტარდება ექსპერიმენტები – შვეიცარიაში თუ საქართველოში?
– კვლევისას აქ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღეთ მთელი რიგი ახალი შედეგები, მაგალითად ახალი ტიპის იზოტოპური ეფექტები, ასევე მაგნიტური და ზეგამტარი ნივთიერებების ურთიერთქმედება. ეს ყველაფერი ასახულია ნაშრომთა ციკლში, რომელიც წარდგენილია ამ პრემიაზე. 12 ნაშრომიდან, რომელიც წარდგენილი იყო, 8 არის გამოქვეყნებული ჟურნალში — „Physical Review Letters“, რომელიც ითვლება ფიზიკაში ყველაზე მაღალი პრესტიჟის და რეიტინგის მქონე ჟურნალად. ნაშრომთა ნაწილი შესრულდა შვეიცარიაში, ნაწილი კი — საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ანუ ჩვენ აქაც გვაქვს ლაბორატორიები, რომლებშიც აქტიურად ვმუშაობთ ამ თემაზე.
– რა სამეცნიერო მიზნები იკვეთება ამ ეტაპზე, რაზე მუშაობთ?
– ბოლო წლებში მიზნად დავისახეთ სრულიად ახალი ტიპის ზეგამტარების აღმოჩენა და პროფესორ ალექს მიულერთან ერთად შარშან გამოვაქვეყნეთ სტატია, რომელშიც საუბარია პრინციპულად ახალი ზეგამტარების შესახებ. ახლა ველით საერთაშორისო გამოხმაურებას ამ თემაზე. თავად პროფესორი ალექს მიულერი მიიჩნევს, რომ ეს არის რაღაც ახალი პარადიგმა, მაღალტემპერატურული ზეგამტარების სფეროში. მისი მხრიდან ეს ძალიან მაღალი შეფასებაა და ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად მასტიმულირებელი ეფექტი ექნება ამ პრემიას და თქვენი შრომის მაღალ შეფასებას ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის?
– ყველაზე დიდი სტიმულია, როდესაც ახალგაზრდა ერთვება ჩვენს საქმიანობაში და მას რეალურად აქვს შესაძლებლობა — ჩაატაროს ექსპერიმენტი, თავისი თვალით ნახოს ეს საოცარი მოვლენა. აი, მაშინ ჩნდება სამეცნიერო ინტერესი, რომელსაც მერე ვერაფერი გააქრობს. ჩვენ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ სტუდენტებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვაქვს ლაბორატორიები, რომლებშიც ამ მოვლენას ვასწავლით სტუდენტებს.
ის, რომ მე მივიღე ეროვნული პრემია კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში, ახალგაზრდა მეცნიერებს აჩვენებს, რომ მათაც შეუძლიათ მიაღწიონ ამ და კიდევ უფრო დიდ წარმატებას. ვისურვებდი, რომ ნობელის პრემიაც მიეღოთ. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ საზღვარგარეთის წამყვან ცენტრებში, ან აქ – თსუ–ში სწავლობენ და მე ვცდილობ მათ ამ გზაზე დაყენებას.