გვესაუბრება ექიმი-ნევროლოგი, თსუ-ის პროფესორი, აკადემია ევროპეას წევრი ალექსანდრე ცისკარიძე
- ახალი კორონა ვირუსის საქართველოში გავრცელების პარალელურად რამდენად გაიზარდა ნევროლოგიური პრობლემებით მოქალაქეთა მომართვიანობა და, ზოგადად, როგორია ამ პრობლემი სმიმართ ნევროლოგის ხედვა?
- ამთავითვე მინდა განვმარტო, ნევროლოგიური პრობლემები ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ეშლებათ ხოლმე ფსიქოლოგიურ და ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევებით გამოვლენილ პრობლემებში. მკაცრი და უფრო კორექტული დეფინიციით, ნევროლოგიური პრობლემა დაკავშირებულია ნერვული სისტემის (როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული) ორგანულ დაავადებებთან, რაც პანდემიების დროს და, ზოგადად, ინფექციური დაავადებების მაღალი გავრცელების შემთხვევაში შეიძლება უფრო ხშირად შეგხვდეს. ახალი კორონავირუსი ძალიან მძლავრი ვირუსია და ნეგატიურ გავლენას ახდენს სხვადასხვა ორგანოებზე, მათ შორის, სავარაუდოდ, ნერვულ სისტემაზეც. ამჟამად არსებული ინფორმაციით, ნერვულ სისტემაზე ისეთი პირდაპირი ზემოქმედება, როგორიც სხვა ვირუსებს (რომელთაც ჩვენ ნეიროტროპულ ვირუსებს ვუწოდებთ) შეიძლება ახასიათებდეს, „კოვიდ 19“-ის კლინიკურ სურათში, პრაქტიკულად, არ გვხვდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნეიროტროპული ვირუსები იწვევს ნერვული სისტემის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა მენინგიტი (ტვინის გარსების ანთება), ენცეფალიტი (ანთებითი პროცესი უშუალოდ ტვინის ნივთიერებაში), ნეიროპათიები (პერიფერიული ნერვების ანთებითი პროცესი). ანუ შეიძლება ითქვას, რომ ახალი კორონავირუსი ნეიროტროპული ვირუსი არაა, თუმცა მყარი დასკვნების გამოტანა, ამ ეტაპზე, ნაადრევია, ვინაიდან სულ რაღაც 3 თვეა, რაც კაცობრიობა დადგა ამ უხილავი მტრის წინაშე. შესაბამისად, ახალი ვირუსის ბიოლოგიური ქცევა ჯერ არ არის ბოლომდე შესწავლილი და გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, ახასიათებს თუ არა „კოვიდ-19“-ს შორეული ნევროლოგიური ხასიათის გართულებები. იმედია, რომ ეს ასე არ იქნება. მეორე საკითხია უაღრესად მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც, ზოგადად, ეპიდემიებს, პანდემიებს მოაქვს. მაგალითად, განვიხილოთ კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია სტრესული და არაორდინარული სიტუაციით, ინფექციის მიმართ შიშით (შფოთვა როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ისე ახლობლისაზე და ასე შემდეგ). ცხადია, ეს ყოველივე ადამიანის ემოციურ სფეროში იწვევს სერიოზულ ცვლილებებს.
რაც შეეხება მომართვიანობას, მომართვიანობის თვალსაზრისით ამჟამად საინტერესო კანონზომიერება ვლინდება. ამ წუთში ჩვენ ვართ სოციალური დისტანცირების ეტაპზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევამციროთ ერთმანეთთან ურთიერთობის ხანგრძლივობა. საუბარია პირისპირ ურთიერთობაზე, ვინაიდან ფიზიკური კონტაქტი, გარკვეულწილად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი შეიძლება იყოს. ამიტომ იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით, რომ უნდა ვიყოთ სახლში და თავი უნდა ავარიდოთ პირისპირ კონტაქტს, პაციენტების კლინიკებში მომართვიანობა მნიშვნელოვნად დაკლებულია (ცხადია, თუ საქმე არ ეხება ურგენტულ სიტუაციებს). შესაბამისად, ძალიან გაიზარდა სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციებზე მოთხოვნა და ამ ჭრილში თუ შევხედავთ, მომართვიანობამაც მოიმატა.
სატელეფონო რეკომენდაციებს კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით გავცემთ. ზოგიერთ პაციენტს, მაგალითად, ვისაც ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება აქვს, აინტერესებს — როგორ უნდა მოიქცეს ასეთ სიტუაციაში. გააგრძელოს თუ არა ის წამლები, რომლებსაც იღებს? როგორი დღის რეჟიმი უნდა ქონდეს? როგორ მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ იგი შეამჩნევს ინფექციისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს? — ასეთი შეკითხვები არცთუ იშვიათია და ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ჩვენს პაციენტებს. პერიოდულად გვისვამენ კითხვებს — კორონავირუსული ეპიდემიის შემთხვევაში რამდენად უსაფრთხოა ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომელთაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ ხმარობენ (ეს იქნება არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები, სიცხის დამწევი თუ ტკივილგამაყუჩებელი აბები და ასე შემდეგ). ეს კითხვა ლოგიკურია, რადგან არსებობს თეორიული მოსაზრებები, რომ ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს ინფექციის უფრო აქტიურად გავრცელებასა თუ კლინიკურ გამოვლინებას. უმრავლეს შემთვევებში, ასეთი თეორიული მსჯელობები არ არის გამყარებული შესაბამისი კლინიკური მონაცემებით, ამიტომ, უმეტესწილად, რეკომენდაციები უცვლელია მაღალი არტერიული წნევის, შაქრიანი დიაბეტის, გულის და ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიების, აგრეთვე სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ზედმიწევნით ზუსტად გააგრძელოს ის მკურნალობა, რაც მას ექიმის მიერ დანიშნული აქვს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მას, ასევე ექიმის შეხედულებისამებრ, არ შეეცვლება მკურნალობა. მკურნალობის ცვლილების შესახებ კითხვით პაციენტმა ისევ თავის მკურნალ ექიმს უნდა მიმართოს და მისგან მიიღოს პასუხი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენს პაციენტებს კარგად განვუმარტოთ ეს საკითხი.
გარდა ამისა, ნებისმიერი ექიმი ვალდებულია გარკვეულ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდეს პაციენტს. იგულისხმება პაციენტის მიმართ ემპათიის გამოხატვა, მისი პრობლემების გაზიარება, გამხნევება, მხარდაჭერა... ასეთ შემთხვევებში, არა მხოლოდ ნევროლოგი, არა მხოლოდ ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი, არამედ თუნდაც ინფექციონისტი, თერაპევტი, გადაუდებელი და კრიტიკული დახმარების სპეციალისტი, რომელთაც უშუალოდ უხდებათ ამგვარ პაციენტებთან ურთიერთობა, ვალდებულია — შეუქმნას პაციენტს პოზიტიური განწყობა და გაჯანსაღების მოტივაცია, აუმაღლოს ოპტიმიზმი, რაც აუცილებელია ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლისას. თუ ავადმყოფი არ არის დარწმუნებული, რომ დაავადებას დაამარცხებს, ცხადია, მას გაუჭირდება სნეულებასთან გამკლავება, მითუმეტეს, ისეთი დაავადებისა, როგორიც კორონავირუსული ინფექციაა, რომლის ეპიდემიასაც იმთავითვე თან სდევს მძიმე ფსიქოლოგიური ფონი, პესიმიზმი და ფრუსტრაცია საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ რომ ასეთ მზრუნველობას იჩენს თავისი პაციენტის მიმართ, რაც აგრერიგ გვჭირდება დღევანდელ სიტუაციაში. საბოლოოდ კი დარწმუნებული ვარ, რომ კომპეტენტური სამედიცინო პერსონალის და მაღალი თვითშეგნების მქონე საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ 21-ე საუკუნის ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავებას.
ესაუბრა ნინო კაკულია