თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი უკვე მეორე ვადით არჩეულია ნიუ-იორკის საერთაშორისო ლინგვისტური ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრად (International Journal of Applied Linguistics and Translation, New York). ეს შეთავაზება მან მიიღო მას შემდეგ, რაც 2016 და 2017 წლებში გამოქვეყნდა მისი ორი ინგლისურენოვანი სტატია, რომელიც აღბეჭდილია სიტყვის მნიშვნელობის სრულიად ახალი ხედვით.
აკადემიკოს ინესა მერაბიშვილს ქართველი საზოგადოება იცნობს, როგორც ბაირონოლოგს, გალაკტიონოლოგს, ლიტერატურათმცოდნეს, მეცნიერს, მთარგმნელს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს. მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ბაირონოლოგიაში შეტანილი წვლილისათვის.
* * *
რაში მდგომარეობს ამ კონცეფციის სიახლე? სიტყვის მნიშვნელობის შესწავლისა და განხილვის თვალსაზრისით, აგერ უკვე საუკუნეა, ლინგვისტები ეყრდნობიან იმ სემანტიკურ სამკუთხედს, რომელიც ოგდენმა და რიჩარდსმა შემოგვთავაზეს ჯერ კიდევ 1923 წელს ლონდონური პუბლიკაციით. მათი კონცეფციის თანახმად, სიტყვის მნიშვნელობა შემდეგი სამი კომპონენტის ურთიერთობას ეყრდნობა: რეფერენტი, როგორც ექსტრალინგისტური სამყარის საგანი ან საგანთა კლასი; ნომინაცია, როგორც სიტყვის სახელდება და სიგნიფიკატი, როგორც სიტყვის ამსახველი ცნება. ენისა და მეტყველების დიქოტომიის თვალსაზრისით, სიტყვის მნიშვნელობის განსაზღვრისას ლინგვისტები ამ სამი კომპონენტის ურთიერთობას ეყრდნობიან.
ქართველი მეცნიერის თვალსაზრისით, აქ კითხვას ბადებდა შემდეგი ფაქტი: სიტყვა თავისი მნიშვნელობით უდავოდ ლინგვისტური მოვლენაა. მაშ რატომ აღმოჩნდა სიტყვის მნიშვნელობის სემანტიკურ სამკუთხედში ერთ-ერთ კომპონენტად ექსტრალინგვისტური სამყაროს ობიექტი? ინესა მერაბიშვილმა სიტყვის მნიშვნელობა შეისწავლა არა მხოლოდ ენისა და აზროვნების, არამედ ენისა და ცნობიერების თვალსაზრისით. ამ პროცესში მან აგრეთვე გაითვალისწინა დიდი ფიზიოლოგის სწავლება ორ სასიგნალო სისტემაზე, სადაც სიტყვა მეორე სასიგნალო სისტემად განიხილება.
სიღრმისეული ანალიზის შედეგად ინესა მერაბიშვილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიტყვის მნიშვნელობაში მონაწილეობს არა უშუალოდ გარესამყაროს ობიექტი, არამედ მისი გრძნობითი ასახვა, რომელიც ხატის სახით აისახება სიტყვაში. ამ გრძნობით ხატს ი. მერაბიშვილმა ლინგვისტური ხატი უწოდა და გამოავლინა, რომ ის შთასახულია ყოველ სიტყვაში, როგორც ენობრივ ნიშანში და თანაარსებობს ნომინაციისა და სიგნიფიკატის გვერდით. სიტყვის ჩვეულებრივი ხმარების დროს ლინგვისტური ხატი სიტყვის მნიშვნელობის ფსკერზეა მიძინებული. იმ შემთხვევაში, თუ სიტყვას უვითარდება გადატანითი ან უჩვეულო მნიშვნელობა, სიტყვის სიგნიფიკატი სემათა გადანაწილების ხარჯზე (მიშელ ბრეალის თეორია) სახეცვლილებას განიცდის. რაც შეეხება ლინგვისტურ ხატს, ის ყველა შემთხვევაში უცვლელია, ისევე, როგორც სიტყვის ნომინაცია, მაგრამ აქტიურდება და ფსკერიდან ზედაპირზე ამოდის, რაც იწვევს სიტყვის ხატოვანებას. ამ დაკვირვების შედეგად ინესა მერაბიშვილმა წამოაყენა ახალი სემანტიკური სამკუთხედი, რომელიც უკვე შედგება ნომინაციის, სიგნიფიკატისა და ლინგვისტური ხატისგან.
ამ პუბლიკაციებიდან გამომდინარე, ათობით საერთაშორისო სემეცნიერო ჟურნალმა შესთავაზა ინესა მერაბიშვილს ახალი მასალის გამოქვეყნება. მან არჩევანი შეაჩერა ნიუ-იორკის იმ ჟურნალზე, რომლის სარედაქციო საბჭოს წევრიც გახდა. ეს გახლავთ ამ ჟურნალში მისი პირველი პუბლიკაცია, რომელიც გამოქვეყნდა მიმდინარე წლის ოქტომბერში სათაურით „Towards Some Aspects of Linguistics of Poetic Translation“ (პოეტური თარგმანის ლინგვისტიკის ზოგიერთი ასპექტისათვის).
ამ პუბლიკაციის ღისშესანიშნაობა შემდეგში მდგომარეობს: სიტყვის მნიშვნელობის მის მიერ დადგენილი ახალი სემანტიკური სამკუთხედი ქართველმა მკვლევარმა განიხილა ტექსტის ლინგვისტიკის მოწინავე მიგნებათა, საკუთრივ, ი. გალპერინის თეორიის კვალდაკვალ. ი. გალპერინის თეორია ტექსტში სამ შინაარსობრივ კატეგორიას ცნობს: ფაქტობრივს, კონცეპტუალურსა და ქვეტექსტურს. სიტყვაში ლინგვისტური ხატის გამოვლენამ ინესა მერაბიშვილს საშუალება მისცა ტექსტის ლინგვისტიკისათვის შეეთავაზებინა მეოთხე კატეგორია, საკუთრივ, შინაარსობრივ- ხატობრივი. ი. გალპერინის საპირისპიროდ, რომელიც შინაარსის ქვეტექსტურ კატეგორიას განიხილავდა, როგორც სუბიექტურ ინფორმაციას, ინესა მერაბიშვილმა დაამტკიცა ამ კატეგორიის ობიექტურ ღერძზე არსებობა.
ამგვარად, სიტყვის მნიშვნელობის ახალი მოდელი და შინაარსობრივ კატეგორიათა პარამეტრების ახალი ნუსხა ინესა მერაბიშვილმა მიუყენა თარგმანის ფენომენს, რითაც მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა თარგმანის თეორიის განვითარების საქმეში. აი, მოკლედ, ყოველივე ის, რასაც მიეძღვნა მისი ბოლოდროინდელი პუბლიკაცია, რომლის ლინკსაც აქვე გთავაზობთ: http://www.ijalt.org/article/340/10.11648.j.ijalt.20210704.11