ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების — მარიამ კაციტაძის, ელენე სვანიძისა და თათია თურაზაშვილის კვლევა, რომელიც კორეული კომპანიის Big Hit Entertainment-ის (HYBE Labels) ინოვაციურ მიდგომებს, ბიზნეს გეგმებს, სტრატეგიებსა და სტანდარტული გასართობი კომპანიისგან განსხვავებულ მიდგომებს ეხება, წიგნში — „How Asian Brands Soar 6“ — დაიბეჭდა. კვლევამ აზიური ბიზნესის აკადემიის (Academy of Asian Business) კონკურსში გასულ წელს გაიმარჯვა და საუკეთესო ათეულში მოხვდა. საკონკურსო კომისიამ საუკეთესო ნაშრომები კრებულში — „How Asian Brands Soar 6“ — გააერთიანა. მისი შეძენა ვებ-გვერდზე — amazon.com — არის შესაძლებელი.
„Academy of Asian Business-ის პუბლიკაციებს აქტიურად იყენებენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები სწავლების პროცესში და ისინი ხელმისაწვდომია ისეთ ბიბლიოთეკებში, როგორიცაა Cambridge University Library, Princeton University Library, Northwestern University Library, Penn State University Libraries, Kenyatta University Library“, — გვითხრა ელენე სვანიძემ.
„უშუალოდ ჩვენი კვლევის შემფასებლებმა მოგვწერეს, რომ კვლევა Harvard Business Review-ს დონისაა და ძალიან მოეწონათ ჩვენი ნამუშევარი. ზოგადად, წინა წლის პუბლიკაციებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ყოველთვის კარგი გამოხმაურებით ხასიათდებოდა“, — აღნიშნა თათია თურაზაშვილმა.
„მიუხედავად იმისა, რომ კვლევის დაწყებამდე ბიზნესი და ეკონომიკა არ ყოფილა ჩვენი პროფესიის უშუალო შესწავლის ობიექტი, კვლევის მომზადების პროცესში საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა სამართლის სფეროს და კვლევის საგნის გადაკვეთა. ვფიქრობ, სამომავლოდ როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად ვიმუშავებ ამ საკითხებზე“, — განაცხადა მარიამ კაციტაძემ.
ქართველი სტუდენტების კვლევა Academy of Asian Business ივნისის ნომერშიც გამოქვეყნდება.
აზიური ბიზნესის აკადემიის კონკურსი ყოველწლიურია. მასში სტუდენტები მსოფლიოს ისეთი წამყვანი უნივერსიტეტებიდან მონაწილეობენ, როგორიცაა ჰარვარდი, კემბრიჯი... კონკურსის მიზანია აზიური ბიზნესპოლიტიკის კვლევა. გასულ წელს კონკურსში 2000 გუნდი მონაწილეობდა. შესაბამისად, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა უპირატესობა ბიზნესის მიმართულების სტუდენტებთან მოიპოვეს.