თამარ დადიანი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა უნივერსიტეტის ოქროს მედლით.
— ბატონო ავთანდილ, თქვენ თსუ-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდით, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო და რა გეგემები გაქვთ სამომავლოდ სამეცნიერო და სასწავლო მიმართულებით?
— ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, განსაკუთრებით — სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი მოკრძალებული წვლილისათვის. მადლობა უნივერსიტეტს, ფაკულტეტს, კათედრას, კოლეგებს და, საერთოდ, ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც გულითადად მომილოცეს თსუ-ის ოქროს მედლით დაჯილდოება.
ჩემთვის სასიამოვნოა ვიყო უნივერსიტეტის მიმდინარე წარმატებების ერთ-ერთი რიგითი მონაწილე. დიდ გეგმებზე საუბარი პირადად ჩემთვის — ასეთ ასაკში გაუმართლებლად მიმაჩნია. თუმცა მაქვს გარკვეული ჩანაფიქრი სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით, რომელთა რეალიზებას, იმედია, გარკვეულწილად, შევძლებ. განსაკუთრებით მინდა ხელი შევუწყო ჩვენს ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდობას სპეციალიზებაში. საბედნიეროდ, ასეთები საკმარისად გვყავს.
— თქვენი მეცნიერული ნაშრომებიდან რომელს გამოარჩევდით?
— არცერთი არ მინდა გამოვყო. მეტ-ნაკლები ხარისხით, საკმაოდ ბევრი ნაშრომი მაქვს გამოქვეყნებული საქართველოში და საზღვარგარეთ, პირველ რიგში, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში, რომლებითაც ხშირად სარგებლობენ როგორც ჩვენთან, ასევე, საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ჩემი თანაავტორობით გამოქვეყნებული პოპულარული ხასიათის მქონე წიგნი „გვარ-სახელები საქართველოში“ (სტატისტიკური მასალები), დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მოთხოვნადი იქნება სხვადასხვა სპეციალობის ფართო მკითხველისთვის.
— უნივერსიტეტში მოღვაწეობის რომელი ეტაპი იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი როგორც სამეცნიერო, ისე პედაგოგიური საქმიანობის თვალსაზრისით?
— ყველა ეტაპი: სტუდენტობიდან-პროფესორობამდე, დეკანის პოზიციიდან -პრორექტორობამდე, შემდეგ კი კათედრის ხელმძღვანელის თანამდებობა ჩემთვის საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა. კარგად მახსოვს კოლეგების თანადგომა-წარმატებებიც და ერთეულების უღირსი საქციელიც. მეტად მიმზიდველია საქმიანობის მიმდინარე ეტაპი...
— რა მოგცათ უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა და ვინ ქმნის დღეს უნივერსიტეტის იმიჯს?
— უნივერსიტეტმა მომცა პროფესიული ცოდნა-გამოცდილება და ის, რომ მადლიერების გრძნობა არ უნდა დაკარგო და არც უღირსებს უნდა დაუთმო დიდი დრო.
უნივერსიტეტის იმიჯს ქმნის მისი მდიდარი ისტორია, ასევე უნივერსიტეტის, ფაკულტეტების სტუდენტობის, ხელმძღვანელობის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი. შემთხვევითი როდია უნივერსიტეტის მაღალი პოპულარობა ქვეყნის შიგნით, ასევე, განსაკუთრებით ბოლო წლებში მისი საერთაშორისო ავტორიტეტის სწრაფი ზრდა.
— დღეს ახალგაზრდები უფრო პრაქტიკულად უყურებენ ცხოვრებას და სამეცნიერო საქმე სულ უფრო კარგავს მიმზიდველობას მათ თვალში. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესი გაიზარდოს ახალგაზრდებში?
— ინტერესი არსებობს, მაგრამ შემოსავლების დეფიციტის გამო მათი სრულყოფილად რეალიზება ვერ ხერხდება. მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს შრომითი ანაზღაურება. ამ თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისე, რომ სტუდენტთა სწავლის საფასური არ გაზრდილა. ასევე ქვეყანაში უკვე გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი რეფორმები განათლებისა და მეცნიერების გასაძლიერებლად, მათ შორის, ღირსეული ანაზღაურების დასამკვიდრებლად. ასეთი და სხვა ქმედითი ღონისძიებების ეფექტიანად რეალიზება პრობლემას არსებითად შეამცირებს.