თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის VIII სამეცნიერო კონფერენციის პლენარული სესია, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ, 7 თებერვალს გაიმართა. წელს კონფერენციაზე ფაკულტეტის 8 მიმართულება იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულთა რიგებში არიან როგორც მაგისტრატურის, ისე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები.
ტრადიციად ქცეული კონფერენციის ფინალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც ყოველთვის, გამარჯვებულ სტუდენტებს ეთმობა. ამ დღეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა მიმართულება ერთ სივრცეში იყრის თავს. გამარჯვებულთა პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, თითოეულმა დეპარტამენტმა სამეცნიერო შედეგების ამსახველი პოსტერები წარმოადგინა.
„ეს კონფერენცია ფაკულტეტზე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მასში ყოველწლიურად, დაახლოებით, 200-250 ადამიანი მონაწილეობს. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ ფაკულტეტის დეკანის — რამაზ ხომერიკის მიერ საკუთარი ხელფასიდან გამოყოფილი ფულადი ჯილდო (8 დეპარტამენტიდან თითო გამარჯვებულს (ან გუნდს) 600 ლარი) და სიგელი. გარდა ამისა, ამ კონფერენციის ფარგლებში, დოქტორანტები აკეთებენ სამეცნიერო-კვლევით პროექტების პრეზენტაციას, რასაც კომისია აფასებს. უნდა აღვნიშნო, რომ დიდი აქტიურობაა როგორც მაგისტრანტების, ისე ბაკალავრების მხრიდან“, — ამბობს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო სფეროში ვაჟა ტრაპაიძე.
ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, რომელმაც გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა და აღნიშნა: „ის, რომ ჩვენ ძალიან წარმატებული და კარგი მეცნიერები გვყავს, სადავო არ არის, მაგრამ რა იქნება ხვალ და რამდენად გავლენ ჩვენი სტუდენტები უნივერსიტეტის კედლებიდან კვლევითი ინტერესებით, ცნობისმოყვარეობით და ახალი მიზნებისაკენ სწრაფვით, ეს უკვე აკადემიურ პერსონალზე არის დამოკიდებული. გამარჯვებულ სტუდენტებს ვულოცავ ამ წარმატებას, ისინი უკვე უნივერსიტეტის ისტორიაში არიან ჩაწერილნი“.
წელს, როგორც ყოველთვის, ნაშრომები 8 სამეცნიერო დარგიდან იყო წარმოდგენილი: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია და გეოლოგია.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა რამაზ ხომერიკმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ფაკულტეტისთვის: „უკვე მეოთხე წელია, რაც ვუძღვები ამ კონფერენციას და მინდა გითხრათ, რომ, როგორც ყოველთვის, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა თითოეულ დეპარტამენტში: სტუდენტების მოსმენა, მოხსენებებისა თუ ნაშრომების განხილვა და გამარჯვებულების შერჩევა“, — აღნიშნა მან.
ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თქმით, იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც კონფერენციაში მონაწილეობენ, ყოველწლიურად იზრდება. მათი უმეტესობა კონფერენციაში პირველად მონაწილეობს. დაჯილდოებისა და პრეზენტაციების შემდეგ, მათ ემოციები და კვლევების ძირითადი მიგნებები გაგვიზიარეს.
* * *
მათემატიკის დეპარტამენტის მაგისტრატურის II კურსის სტუდენტმა არჩილ საყევარაშვილმა აღნიშნა, რომ მან ნახევარი წლის წინ დაიწყო კვლევა, რომლის ხელმძღვანელიც პროფესორი გიორგი ჯაიანი გახლდათ: „ჩემი ნაშრომი პიოზოელექტრული დრეკადი მასალის დეფორმაციასა და რხევას ეხება. ჩვენ მათემატიკურად შევისწავლეთ სხვადასხვა ტიპის მასალა. სიახლე არის ის, რომ მსგავსი ტიპის ამონახსნი სხვებს, ასე ვთქვათ, არ გამოუყვანიათ. ჩემთვის ეს პირველი კონფერენციაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შესაბამისად, პირველი გამარჯვებაც“, — გვითხრა მან.
გეოლოგიის დეპარტამენტიდან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა იყო წარმოდგენილი — „საქართველოს ციფრული პალეონტოლოგიური ბაზა“. „ჩემი პროექტის ხელმძღვანელი ასისტენტ პროფესორი კახა ქოიავა გახლავთ. პროექტზე, რომელზეც ბოლო სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდით, არის ციფრული პალეონტოლოგიური ბაზა. ზოგადად, საქართველოში ციფრული ბაზების ნაკლებობაა, ხოლო, რაც შემორჩენილია, არის საბჭოთა პერიოდისა. დღეს გაციფრულება რთულია და ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა მობილური ტელეფონის პროგრამა/აპლიკაცია, რომელიც საველე სამუშაოებში დაეხმარება ნებისმიერ გეოლოგს და იქნება უფრო კომფორტული და მარტივი. ჩემთვის ეს პირველი გამარჯვებაა, რადგან აქამდე ასეთი კარგი პროექტი არ მქონია. წელს გამარჯვებას ველოდი, რადგან ეს, ასე ვთქვათ, „ინოვაციური“ პროექტია“, — გვითხრა გეოლოგიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა ალექსანდრე თევზაძემ.
კონფერენცია განსაკუთრებით სასიხარულო II კურსის სტუდენტის ანა ჩართოლანისთვის აღმოჩნდა, რომელმაც პირველი გამარჯვება მოიპოვა. „ჩემი კვლევა ეხებოდა მესტია-ჭალის აუზში მომხდარ გლაციალურ ღვარცოფს, რომელიც საკმაოდ ხშირად ხდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს დიდ პრობლემას უქმნის. ბუნებრივია, ეს ძალიან აქტუალური თემაა სამეგრელოსთვისაც, რადგან წელს წყალმომარაგების სისტემაც კი დაზიანდა. ზუსტად ამიტომ, ვთვლი, რომ საზოგადოებისთვის ამის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო შემთხვევა 2019 წლის 25 ივლისს მოხდა, რის შემდეგაც, ბუნებრივია, ინფრასტრუქტურა აღდგა, მაგრამ კვლავ არის ხარვეზები. ჩემი ხელმძღვანელია ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. გამიხარდა გამარჯვება, რადგან კონკურენცია დიდი იყო“, — გვიყვება გეოგრაფიის დეპარტამენტის II კურსის სტუდენტი ანა ჩართოლანი.
სტუდენტებმა კონფერენციაზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაც არ დაივიწყეს და ძალიან აქტუალურ პრობლემას შეეხნენ: „ამ მოხსენების ძირითადი საკითხი არის ის, თუ როგორ შევამციროთ საკრედიტო ბარათების თაღლითური ტრანზაქციები ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ალგორითმის მეშვეობით. ჩვენ ერთმანეთს ვადარებთ ერთ გავრცელებულ და ერთ ახალ მეთოდს, რომელიც თავად მოვიფიქრეთ — არსებული მეთოდებისგან შევიმუშავეთ სტრატეგია. ნაშრომში, ასევე, ვხსნით, თუ რატომ არის ეს მიდგომა უკეთესი და წარმატებული. ჩვენს კვლევას სამი ავტორი ჰყავს: ანანო თურქიაშვილი, ერეკლე შიშნიაშვილი და ლიზი მამისაშვილი. ჩვენი ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი მაგდა ცინცაძე“, — გვითხრა კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის IV კურსის სტუდენტმა ანანო თურქიაშვილმა.