მაია ტორაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, University of Essex-ისა და Change School-ის კონსორციუმმა ფონდის – „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ – დაფინანსება მოიპოვა. დაფინანსების ფარგლებში თსუ-ის სტუდენტებს BIG IDEA CHALLENGE-ში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ („შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის სამეწარმეო (ბიზნეს) უნარების განვითარების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს — მომავალ თაობას მისცეს შესაძლებლობა შეიძინოს და განავითაროს საჭირო უნარები და გახდეს დასაქმების მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი). ცოტა ხნის წინ ამ პროექტის ფარგლებში „BIG IDEA CHALLENGE 2021“ — 60 წამიანი ვიდეო-ფიჩ კონკურსი გამოცხადდა. Fablab TSU-ის მთავარი სპეციალისტის ნიკოლოზ მნათობიშვილის თქმით, კონკურსის მონაწილეების განაცხადების მიღება შესაბამის პლატფორმაზე თებერვალში დაიწყო და უკვე დასრულდა. პირველ ეტაპზე, 28 თებერვლამდე, საჭირო იყო მხოლოდ ინტერესის დაფიქსირება, რის შემდეგაც, ბრიტანელმა პარტნიორებმა ჩაატარეს ტრენინგები იდეების დახვეწისა და ვიდეო-ფიჩის მოთხოვნების/რჩევების შესახებ. კონკურსის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიგონ 3000 გირვანქა სტერლინგი, მიიღონ ბიზნეს მხარდაჭერის სესიები, მენტორობის პაკეტები და დაესწრონ Start-up Sprint-ის დისტანციურ პროგრამას. გარდა კონკურსებისა, Fablab TSU სხვა აქტივობების განხორციელებითაცაა დაკავებული. მიმდინარე პროექტებსა და მომავლის გეგმებზე ნიკოლოზ მნათობიშვილი გვესაუბრება:
– რა აქტივობებს ახორციელებს ფაბლაბი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?
— ფაბლაბი არის ინოვაციების და ტექნოლოგიების სამრეწველო ლაბორატორია, რომლის მთავარი მიზანს წარმოადგენს ის, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე სტუდენტებმა წამოიწყონ თავიანთი ბიზნესი როგორც სამეწარმეო დანიშნულების, ასევე სტარტაპ-მიმართულებით, აქედან გამომდინარე, ფაბლაბი სტუდენტებს სთავაზობს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დახმარებას. თეორიული ნაწილი მოიაზრებს სტუდენტებში იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც მათ ბიზნესის/სტარტაპის გაკეთებაში გამოადგებათ, ხოლო პრაქტიკული თვალსაზრისით, პირველ ეტაპზე ჩვენ მათ ფაბლაბის დაზგა-დანადგარებით ვეხმარებით, ხოლო შემდგომ — წარმოების გამართვაშიც ვუწყობთ ხელს.
ამავე მიზნით ტარდება რიგი ღონისძიებები. შემუშავებულია სოციალური მედიის მარკეტინგისა და გრაფიკული დიზაინის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა მსგავსი კურსები. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მესამე წელია, აქტიურად ვთანამშრომლობთ ბრიტანეთის საბჭოსთან მათი საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელიც თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრმა და ფაბლაბმა მოვიგეთ. პროექტის ფარგლებში ვატარებთ სამდღიან „ბუთქემფებს“ მრავალ ნაკადად, რომელიც მოიაზრებს როგორც ტრენინგებს, ასევე პრაქტიკულ ნაწილსაც. ამ პროექტის მიზანია სტუდენტებში ბიზნეს-ცნობიერების ამაღლება და ბიზნესის დაწყება.
პანდემიის პერიოდში ყველანაირი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გადავიტანეთ. მხოლოდ პრაქტიკული ნაწილი დავტოვეთ ჩვეულებისამებრ და ბენეფიციარებს ვიღებდით ყველანაირი წესის დაცვით, რაც კანონდებლობით იყო გათვალისწინებული.
– რა გეგმები აქვს Fablab TSU-ს უახლოეს მომავალში?
– ფაბლაბში სამი თვის წინ გაიხსნა დრონების ლაბორატორია, რომელიც ევროკავშირის პროექტია. იგი მიზანად ისახავს ინდუსტრიული მიმართულებით დრონების გამოყენებას და მათ უშუალო ბიზნესში ჩართვას. აქედან გამომდინარე, 2021 წლის ივლისიდან აქტიურ ფაზაში შევა დრონების მიმართულეებით ტრენინგები, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ მასალას. ამ ეტაპზე ლაბორატორიას გააჩნია 24 პატარა და 2 დიდი დრონი, რომელიც გვაძლევს საშუალებას — სატრენინგო პროცესით მოვიცვათ თითქმის ყველა ინდუსტრია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი პროექტი, რომელიც ივლისამდე გაგრძელდება. პირველი და მთვარი აქტივობა (iTeams ) გულისხმობს ერთგვარ სისტემას, რომლის მიხედვითაც ჩვენ მიერ შერჩეული სამი სტარტაპი ასახელებს 3-3 გამოწვევას და უყვება მათ შესახებ ექვს გუნდად ფორმირებულ სტუდენტებს. ისინი, თავის მხრივ, ეძებენ მარტივ გზას, თუ როგორ გადაჭრან ესა თუ ის პრობლემა. შემდეგ თითოეული გუნდი წარსდგება Demo დღეზე, აირჩევა საუკეთესო იდეა და მათთან უკვე კომპანიები იწყებენ მუშაობას.
შემდეგი ორი ღონისძიება არის სოციალური მედიის მარკეტინგისა და გრაფიკული დიზაინის კურსები.
ფაბლაბში, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, ასევე ჩამოყალიბდა მეწარმეთა ჰაბი, რომლის მთავარი მიზანი არის ის, რომ უნივერსიტეტში რაც შეიძლება ბევრმა სტუდენტმა დაიწყოს მცირე ბიზნესი ფაბლაბისა და ცენტრის დახმარებით, რათა მინიმალური შემოსავალი ჰქონდეთ და სამომავლოდ გარდაიქმნან დიდ კომპანიებად.