მოამზადა მაია ტორაძემ
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე გამოაცხადა. 2021 წლის 23 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სწორედ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის 30 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თედო დუნდუამ, რომელიც კონფერენციის პირველი ინგლისურენოვანი სხდომის მოდერატორიც გახლდათ.
მოხსენებაში — „დასავლური ჰერალდიკა თანამედროვე საქართველოში და დასავლური ზარაფხანები ქართული ფულისთვის“ — თედო დუნდუამ ისაუბრა ქართულ ჰერალდიკაში არსებულ დასავლურ გავლენებზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი (1918-1921 წლები) სამფეროვანი დროშის პროტოტიპი გერმანიის იმპერიის დროშა იყო, ხოლო საქართველოს დღევანდელი დროშა ჯვაროსნული ეპოქის დასავლეთ ევროპის საინტეგრაციო სიმბოლოთი იერუსალიმის ჯვრით არის ინსპირირებული. ადრეც და დღესაც ქართველები ხშირად მიმართავდნენ დასავლურ ზარაფხანებს საკუთარი ფულის გამოშვებისთვის.
კონფერენციაზე ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტის (კაუნასი, ლიეტუვა) პროფესორმა ანჯეი პუქშტომ, წაიკითხა მოხსენება – „ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და ლიეტუვის საერთაშორისო აღიარება (1990-1991 წლები)“. მოხსენებაში მან ისაუბრა იმ ეტაპებზე, რომელიც ლიეტუვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზაზე გაიარა — „საიუდისზე“, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის რომ იბრძოდა, 1991 წლის იანვრის ვილნიუსის ტრაგიკულ მოვლენებსა და მოსკოვის აგვისტოს პუტჩის (1991 წელი) გავლენაზე ლიეტუვაში მომხდარ პოლიტიკურ პროცესებზე.
ედგარს ენგიზერსმა, რომელიც ბალტიის საერთაშორისო აკადემიას (რიგა, ლატვია) წარმოადგენდა, წაიკითხა მოხსენება – „ლატვიის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და მისი საერთაშორისო აღიარება (1990-1991 წლები)“. მოხსენებაში მან მიმოიხილა ლატვიის გზა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ, არაძალადობრივი წინააღმდეგობის კონცეფცია და მისი გავლენა ლატვიის დამოუკიდებლობის მოძრაობაზე, ასევე, მოსკოვის აგვისტოს პუტჩის კავშირი ლატვიის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებასთან.
ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) წარმომადგენელმა სერგეი ტამბიმ წაიკითხა მოხენება – „ესტონელი ევროსკეპტიკოსები ესტონეთის დამოუკიდებლობის პირველ წლებში (1991-1993 წლები)“. მოხსენებაში მან აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ესტონეთის პოლიტიკური სპექტრი, ძირითადად, ევროინტეგრაციას ემხრობოდა, თუმცა არსებობდნენ და დღესაც არსებობენ ევროინტეგრაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ჯგუფები და პარტიები, რომლებიც შედარებით ნაკლებ როლს თამაშობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ისტორიის დოქტორმა ლერი თავაძემ (საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, თსუ) თავის მოხსენებაში — „სახელმწიფო და ეკლესია თანამედროვე ქართულ რეალობაში“ — აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი სოციალური კონტრაქტის სრულყოფილ წევრად თავს ვერ აღიქვამს.
ისტორიის დოქტორმა ნათია ფიფიამ (საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, თსუ) მოხსენებაში — „პოლიტიკური კარიკატურა ჟურნალ „ნიანგის“ ფურცლებზე და მედიის თავისუფლების საკითხი XX საუკუნის 90-იან წლებში“ — აღნიშნა, რომ ჟურნალ „ნიანგის“ სარედაქციო პოლიტიკა 90-იანი წლების დასაწყისში არ გამოირჩეოდა კონკრეტული პოლიტიკური პირების თავისუფალი კრიტიკით, ხოლო 90-იანი წლების მეორე ნახევარში ჟურნალის პოლიტიკური სატირა მოქმედ პოლიტიკოსებთან მიმართებაში ბევრად უფრო მწვავე გახდა.
კონფერენციის მეორე სხდომას ხელმძღვანელობდა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი.
თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა დოდო ჭუმბურიძემ თავის მოხსენებაში ისაუბრა გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ დაპირისპირებებსა და მოვლენათა ინტერპრეტაციაზე ქართულ ისტორიოგრაფიაში.
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა დიმიტრი შველიძემ მიმოიხილა ნოე ჟორდანიას მიერ შემუშავებული კონცეფცია საქართველოს დამფუძნებელი კრების შესახებ. კონცეფციის მიხედვით, დამფუძნებელ კრებას (პარლამენტს) მაკონტროლებელი ფუნქცია უნდა შეესრულებინა, ჩარეულიყო აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში და, აგრეთვე, რაც შეიძლება ძლიერი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები – თვითმმართველობები.
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ნიკო ჯავახიშვილის მოხსენება შეეხებოდა საკითხს — თუ რა ურთიერთობა იყო საქართველოს და ლიეტუვის რესპუბლიკებს შორის სსრ კავშირის არსებობის უკანასკნელ წელს. მოხსენებაში დადგენილია, რომ ბალტიის რესპუბლიკების იმდროინდელი ეროვნული მთავრობები, რომლებსაც წინამძღოლობას უწევდნენ, ფაქტობრივად, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიტაუტას ლანდსბერგისი და საქართველოს ეროვნული ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, მხარდამხარ იბრძოდნენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა ბონდო კუპატაძემ წარმოადგინა საქართველოში 1990-2020 წლებში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედარებითი დახასიათება.
თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ისტორიის დოქტორმა ზვიად ტყეშელაშვილმა მიმოიხილა პატერნალიზმის პოსტსაბჭოთა მოდერნიზაცია საქართველოში.
კონფერენციის ყოველი სხდომის ბოლოს იმართებოდა საინტერესო დისკუსია. საგულისხმოა, რომ კონფერენციას ესწრებოდნენ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები.