ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი ნინო გოგოხია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად აირჩიეს. ნინო საქართველოს ახალგაზრდების ინტერესებს გაეროში 2021-2022 წლების განმავლობაში წარადგენს. რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გაეროში? — გვესაუბრება ნინო გოგოხია.
საკუთარი თავის ასოცირებას ჭადრაკის ფიგურა — პაიკთან — ახდენ, რატომ მაინც და მაინც პაიკი?
ვარ 22 წლის „პაიკი“ — ასე აღვიქვამ საკუთარ თავს. თუმცა, პაიკში ვგულისხმობ ყველაზე პატარა ფიგურას ყველაზე დიდი პოტენციალით — დაფის ბოლოში გადაიქცეს ნებისმიერ იმ ფიგურად, რომელიც საჭირო იქნება მოცემული პოზიციისთვის. ალბათ, სიმბოლურიცაა ეს ყველაფერი, რადგან ჭადრაკს პროფესიონალურად ვთამაშობდი ადრეულ წლებში და ოსტატობის კანდიდატის წოდებაც მაქვს.
ამ ეტაპზე მაგისტრატურას ვსწავლობ სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამასთანავე, უკვე გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლის სტატუსთან ერთად პარალელურად ვარ მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ის პრეზიდენტი საქართველოში.
მჯერა ადამიანების უსაზღვრო შესაძლებლობების და მსიამოვნებს ხალხთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მენტორობა, ქოუჩინგი და ყველაფერი, რაც საკუთარი თავისა და გარემოს უკეთესობისკენ ცვლილებასთანაა დაკავშირებული.
მთელი ცხოვრება ვცდილობ საკუთარი თავის სხვადასხვა სფეროში გამოცდას. ადრეულ ასაკში ძალიან გატაცებული ვიყავი მეცნიერებით, კერძოდ კი ფიზიკით. უცნაურია, მაგრამ მომიწია არჩევანის გაკეთება მეცნიერებასა და იურიდიულ ფაკულტეტს შორის. ლექსებსაც ვწერდი, დღემდე ვხატავ და დიზაინით ვარ გატაცებული.
წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თავად არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთში, გავიზარდე ამ ადგილისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და იმ რწმენით, რომ ჩემი თაობა შეძლებს საკუთარი მშობლებისა და ბებია-ბაბუების მიწაზე მშვიდობიანად დაბრუნებას.
როგორ აღწერდი გზას, რომელიც გაიარე გაერო-მდე?
ადრეული ასაკიდანვე აქტიური ახალგაზრდა ვიყავი. ვსწავლობდი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში და სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ყოველთვის უმაღლესი აკადემიური მოსწრებით გამოვირჩეოდი. პარალელურად კი ჩართული ვიყავი სხვადასხვა აქტვივობებსა და ორგანიზაციულ საქმიანობაში. დავამთავრე სამართლის ბაკალავრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბოლო 5 წელია ვარ მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ის ნაწილი და ბოლო 2 წელი კი — ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი საქართველოში. ამ ორგანიზაციის მთავარი მისიაც მშვიდობისკენ სწრაფვა და ადამიანური პოტენციალის სრულყოფაა. ჩემი პროფესია და სხვა ნებისმიერი საქმიანობა კი ერთგვარ სიმბიოზურ კავშირშია ერთმანეთთან. სამართალი, სამართლიანობა და მშვიდობა უმთავრეს ღირებულებებად მაქვს ჩამოყალიბებული და სწორედ ამ ყველაფერმა გამიკაფა გზა გაერომდე. ვცდილობდი, რომ თავი შესაბამისად მომემზადებინა და გამომეძერწა, რათა გაეროში ღირსეულად შემძლებოდა ქართველი ახალგაზრდობის წარმოდგენა. ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ კონკურსის შესარჩევ კომისიაში იღებდა მონაწილეობას და ვინც შეძლო ჩემი პოტენციალის დანახვა.
რა იქნება შენი, როგორც საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, პრიორიტეტები?
„ყველა თაობას ეძლევა შანსი, შეცვალოს სამყარო. მჯერა, რომ სამყარო განისაზღვრება მასში მცხოვრები ადამიანებით, ამიტომაც გამოსავლად მიმაჩნია პასუხისმგებლიანი, მცოდნე და მიზანსწრაფული ახალგაზრდა ლიდერების აღზრდა, რათა დადებით გავლენა მოახდინონ მათ ჩვენს მომავალზე.
ჩემი მანდატის ფარგლებში ფოკუსი იქნება ინკლუზიური, თანასწორი და მშვიდობიანი გარემოს შექმნა ახალგაზრდებისთვის. ამასთანავე, ვაპირებ, ხელი შევუწყო ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის სრულყოფაში, მსოფლიოს გაცნობასა და მთლიანი სურათის დანახვაში, რაშიც დამეხმარება ჩემი საერთაშორისო კონტაქტები და ქოუჩინგისა თუ მენტორობის პროფესიული გამოცდილება.
ახალგაზრდებს "პიკის თაობას" უწოდებ. რატომ ეს სახელწოდება? რა არის ამ თაობის მთავარი გამოწვევა?
ახალგაზრდობის დღევანდელი თაობა უდიდესია ისტორიაში, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 40% 25 წლამდე ასაკისაა, ამიტომაც ვუწოდებ ჩვენს თაობას "პიკის თაობას". პიკს მიაღწია, როგორც ახალგაზრდების რაოდენობამ მსოფლიოში, ასევე ჩვენმა შესაძლებლობებმაც. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი სწორედ ამ ყველაფრის სწორად აღქმა და გააზრებაა.
იმისთვის, რომ ცვლილება მოახდინო, პირველ რიგში, უნდა შეიმეცნო და დაინახო დიდი სურათი, რაც გამოიხატება სწავლაში, განათლების მიღებასა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში. მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიმეცნებ, შეძლებ გაიაზრო და გაითავისო და მხოლოდ მაშინ, როცა გაიაზრებ, შეძლებ შეცვალო კიდეც არსებული მოცემულობა უკეთესობისკენ. მე ასე ვხედავ ამ ერთგვარ ციკლს და ვთვლი, რომ ამ ერთგვარ ჯაჭვში ყველაზე მეტად პირველის ნაკლებობას განვიცდით. მეც სწორედ ცნობიერების ამაღლებასა და უკეთესობისკენ სწრაფვას, როგორც შესაძლებლობას, ვთვლი პიკის ახალგაზრდების გამოწვევად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ახალგაზრდობის წლები საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ჩამოსაყალიბებლად, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ჩვენმა „პიკის თაობამ“ შევძლოთ ძირეული პოზიტიური ცვლილებების მოტანა მთელი მსოფლიოსთვის.
„მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, მე ვარ მსოფლიოს მოქალაქე“ — რამდენად მნიშველოვანია ეს ხედვა თითოეული ადამიანისთვის?
2020 წელს ჩვენმა დედაბუნებამ გამოგვაღვიძა და გვაჩვენა, რომ ერთად დგომა გვჭირდება, რათა მივაღწიოთ მშვიდობასა და ადამიანური პოტენციალის სრულყოფას, ამისთვის კი საჭიროა, ვიმოქმედოთ ერთად, როგორც მსოფლიო მოქალაქეებმა. ამ ყველაფერზე კიდევ უფრო მეტად მომიწია დაფიქრება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მქონდა შესაძლებლობა მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციასა და საქმიან შეხვედრებში. ვიყავი ინდოეთში, ეგვიპტეში, რუმინეთში, რუსეთში, ავსტრიაში, ჩეხეთში და შემეძლო ერთ დიდ ოთახში მენახა 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ერთად. ახალგაზრდების იმედით ანთებული თვალების ნახვამ კიდევ უფრო მეტად შემმატა ძალა და ენთუზიაზმი — ვისწრაფვო მშვიდობისკენ და დაბრკოლებების მიუხედავად არ გავჩერდე ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
ამგვარად, მე, როგორც ერთმა პატარა პაიკმა საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც ყოველთვის იყო და არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, მშობლიური მიწა აფხაზი და ოსი ხალხისთვის, მშვიდობისთვის მებრძოლი ქვეყანა, მსურს მივმართო ყველას, რომ გავიღვიძოთ! გამოვიყენოთ მოცემული შესაძლებლობები, გავააქტიუროთ ლიდერობა, გავაძლიეროთ ერთმანეთი და დავიწყოთ ერთად მშვიდობიანი სამყაროს შენება.
დღეს მე ქართველი ახალგაზრდების სახელით ვიწყებ ამ მშვიდობიან კამპანიას. სწორედ ამიტომ, მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, მე ვარ მსოფლიო მოქალაქე!