ნინო კაკულია
სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით სტუდენტების პრეტენზიულ და კრიტიკულ შენიშვნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებში ინფრასტრუქტურული პრობლემების თაობაზე და ნაკლებად აღნიშნავენ ნაბიჯ-ნაბიჯ გაკეთებულ იმ სიკეთეს, რაც სწორედ რომ ინფრასტრუქტურულ სიახლეებს უკავშირდება.
უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. ადმინისტრაციამ ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ონლაინ სწავლების ფორმატში ჩართულ სტუდენტებს ახლო მომავალში უკეთესი გარემო დახვდეთ.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ადრეც შეიძლებოდა დასრულებულიყო, თუმცა იმ შეზღუდვებმა, რაც ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა, მცირედით გააჭიანურა პროცესის დასრულება. „კოვიდ 19“-ით ხან სამშენებლო კომპანიის პერსონალი იყო დაავადებული, ხან კი ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები აფერხებდა სამუშაო პროცესს. თუმცა შემოდგომაზე ჩვენ უკვე შევძლებთ მეორე კორპუსში სტუდენტების მიღებას.
ამასთან ერთად, მიმდინარეობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (მაღლივი) ფოიეს რეაბილიტაცია. სერიოზული ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაწყებული ზედა სართულებზე, სადაც არის საგამოცდო ცენტრი. ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს ბევრად კარგი გარემო დახვდებათ, როდესაც ისინი სამკითხველო დარბაზებით სარგებლობას მოისურვებენ ან საგამოცდო ცენტრში იქნებიან ვიზიტით.
მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე არსებული სპორტული განყოფილების ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდა. ვინც სტუდენტურ ცხოვრებაში ჩაერთვება და სხვადასხვა სპორტულ წრეებში გაწევრიანდება, მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოც დახვდებათ აქ“, — აღნიშნა ჩვენთან საუბარში თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ.
რამდენიმე წლის წინ თსუ-ის რექტორის სტუდენტებთან შეხვედრებზე მუდმივად ისმოდა უნივერსიტეტში სტუდენტური სივრცეების მოწყობის თაობაზე თხოვნა. ამ პრობლემის მოგვარება ადმინისტრაციამ მაშინვე დაიწყო. მაღლივი კორპუსის ფოიეში ულამაზესი სტუდენტური სივრცე 2020 წელს მოეწყო, თუმცა პანდემიის გამო სტუდენტებს ჯერ არ უსარგებლიათ ამ სიკეთით. როგორც ლაშა საღინაძე აცხადებს, 2021 წლის ბოლომდე თსუ-ის ყველა სასწავლო კორპუსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური სივრცეების მოწყობის პროცესი დასრულდება.
„აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2023 წლის ბოლომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა ძირითად სასწავლო კორპუსს ჩავუტაროთ. ასევე, ჩვენი მიზანია ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა, თუმცა ამ ახალ დეტალებზე სამომავლოდ გესაუბრებით“, — აღნიშნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას.