ნატო ობოლაძე
ინტერვიუ თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ლაშა საღინაძესთან
— ბატონო ლაშა, როგორ იქნება უზრუნველყოფილი 2 მაისიდან, სააუდიტორიო სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კოვიდ-რეგულაციები?
— როგორც უკვე განვაცხადეთ, 2 მაისიდან სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიებში გაგრძელდება, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც თითქმის სრულად არადისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას. ის რეგულაციები, რაც ამ პერიოდისთვის იმოქმედებს, სრულად იქნება დაცული უნივერსიტეტის მხრიდან.
— შესაძლებელი იქნება თუ არა დისტანციის დაცვა აუდიტორიაში მიმდინარე სალექციო პროცესის დროს?
— ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც გვიშლიდა სააუდიტორიო სწავლების აღდგენაში ხელს, იყო და არის სტუდენტებს შორის 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა, რაც, არსებული მოლოდინის გათვალისწინებით, აპრილის თვეში აღარ იარსებებს.
— სტუდენტების უმეტესობა იმყოფება რეგიონებში, როგორ შეუწყობს ადმინისტრაცია ხელს ასეთ სტუდენტებს?
— სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რამაც გადაგვაწყვეტინა სააუდიტორიო სწავლების აღდგენა 2 მაისიდან, სტუდენტებს სჭირდებათ დრო გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემების მოსაგვარებლად. ამასთან, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსების მსურველთათვის დამატებით გამოცხადდება რეგისტრაცია.
— ზოგიერთი სტუდენტი წერდა, რომ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში რეგისტრაციის ვადა დასრულდა და მომავალში, ანუ 2 მაისიდან მათ პრობლემები შეექმნებათ ამის გამო, რადგან რეგიონებში მცხოვრებმა სტუდენტებმა არ იციან — სად უნდა იცხოვრონ? სად არის გამოსავალი? რა პასუხი აქვს უნივერსიტეტს?
— როგორც უკვე აღვნიშნე, საერთო საცხოვრებელში მოხვედრის მსურველთათვის რეგისტრაცია დამატებით გამოცხადდება.
— მიეცემათ თუ არა სტუდენტებს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, დარჩნენ დისტანციურ სასწავლო ფორმატზე?
— 2 მაისიდან სწავლების ფორმატი იქნება სრულად სააუდიტორიო.
— მზად არის თუ არა უნივერსიტეტის მეორე კორპუსი სტუდენტების მისაღებად, შეტანილია თუ არა სასწავლო პროცესისთვის საჭირო ავეჯი და ა.შ.?
— როგორც იცით უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი იწყება 7 მარტს, გარკვეულ ფაკულტეტებზე პროცესი წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში და საამისოდ მეორე კორპუსიც მზად იქნება. რაც შეეხება ავეჯს, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ავეჯთან დაკავშირებით პრობლემა არც არასოდეს დამდგარა, შესაძლოა კითხვა ეხებოდეს საოფისე ავეჯს (რომელიც არანაირ შეხებაში არაა სასწავლო პროცესთან). ამაზე მოგახსენებთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის თხოვნის საფუძველზე, უნივერსიტეტმა ფაკულტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალისთვის შეიძინა განახლებული საოფისე ინვენტარი, რომლის მოწოდებაც (მომწოდებელი კომპანიის მიზეზით) დაგვიანდა 2 თვით, თუმცა ყველა ინვენტარი ამ დროისთვის უკვე მოწოდებულია.
— რა სიახლეებით ვხვდებით ახალ სემესტრს?
— თითქმის ყველა სასწავლო კორპუსში მოეწყო სტუდენტური სივრცეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა უნივერსიტეტის რიგ სასწავლო კორპუსებს, გარემონტდა ბიბლიოთეკის ფოიე და დარბაზები, საგამოცდო ცენტრის რამდენიმე ოთახი, ასევე უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებული სპორტული განყოფილება. დასასრულს უახლოვდება მეორე სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თებერვლიდან დაიწყო მედიცინის ფაკულტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომელიც 2023 წელს დასრულდება. 2022 წელს განხორციელდება ახალი სასწავლო მართვის ელექტორონული სისტემის შესყიდვა და დაიწყება არსებულის (LMS) ჩანაცვლების პროცესი. მიმდინარე წელს იგეგმება მრავალი ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელება, რომლის შესახებაც დამატებით გაცნობებთ.