თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება.
თსუ-ში ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას საფუძველი 1918 წელს, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაეყარა. აღნიშნულ ფაკულტეტთან, 1918 წელს ივ. ჯავახიშვილისა და ფ. გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე, პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ეკონომიკური განყოფილება (საეკონომიო დარგი). ამ დროიდან დაიწყო უნივერსიტეტში ეკონომიკური დისციპლინების სწავლება: „პოლიტიკური ეკონომია“, „სტატისტიკა“, „საფინანსო მეცნიერება“, „საქართველოს ეკონომიკური ისტორია“, „საეკონომიო მოძღვრებათა ისტორია“, „ბუხჰალტერია“. ეკონომიკის დარგს სათავეში ედგა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერებების ჩამოყალიბების ფუძემდებლად.
1922 წელს დამოუკიდებლად შეიქმნა სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტი (დეკანები: პროფ. შ. ნუცუბიძე, პროფ. დ. უზნაძე), რომელიც მოიცავდა ორ განყოფილებას — ეკონომიკურსა და იურიდიულს. აღნიშნულ ფაკულტეტზე „პოლიტიკური ეკონომიის“, „საფინანსო მეცნიერებისა“ და „სტატისტიკის“ კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ფ. გოგიჩაიშვილი, ხოლო 1931 წელს სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ეკონომიკის ფაკულტეტი, რომელიც გახდა ეკონომიკური პროფილის სასწავლო–აღმზრდელობითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ერთადერთი ცენტრი საქართველოში.
ამ დიდიებული თარიღის აღსანიშნავად თსუ-ში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლის ჩამონათვალსაც აქვე გთავაზობთ:
- 2022 წლის 8 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა უნივერსიტეტის დაარსებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „კოვიდ 19 პანდემია და ეკონომიკა“.
- 2022 წლის 25 მაისს დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის.
- 2022 წლის 30 ივნისს — ფაკულტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.
- 2022 წლის სექტემბერს — ფაკულტეტის მთავარი საიუბილეო ღონისძიება.
- 2022 წლის ნოემბერში გაიმართება ყოველწლიური VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“.