ნინო კაკულია
რას გვირჩევს ეპიდემიოლოგი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი პაატა იმნაძე, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული პანდემია არის კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა და თანამედროვე გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი, რომლის წინაშეც დღეს დგას მთელი მსოფლიო. COVID-19 პანდემიით მიყენებული ზიანის შემცირებისათვის რაციონალური გამოსავალია ვირუსის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების დანერგვა და ადმინისტრირება, რაც საბოლოოდ ეპიდემიის დასრულების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“, — ამბობს მეცნიერი, რომელიც საზოგადოებაში გააქტუალურებულ კითხვებზე გვცემს პასუხს:
რა შედეგებს გამოიწვევს უნდობლობის ის ხარისხი, რომელიც დღეს გაჩნდა აცრების მიმართ?
2021 წლის 26 მარტის მონაცემებით, COVID-19-ით დაინფიცირების შედეგად 2,7 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიამ უდიდესი დამაზიანებელი ზეგავლენა იქონია თითქმის ყველა სფეროზე და, გლობალური ჯანდაცვის კრიზისის პარალელურად, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა მსოფლიოში. დამტკიცებულია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, ვინც COVID-19-ით ავადობისა და სიკვდილობის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება მ.შ. პროფესიული საქმიანობის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დახურულ ინსტიტუციაში ცხოვრების სტატუსის გათვალისწინებით. აუცრელი ადამიანი საფრთხის ქვეშ აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას, ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მთლიანად საზოგადოებას.
როგორც პროფესიონალი, რას ეტყვით მკითხველს „ასტრაზენეკას“ შედეგიანობასა და მის გვერდით მოვლენებზე (თუ გიმსჯელიათ სამედიცინო წრეებში და შეგიდარებიათ სხვა ვაქცინებთან)?
ეფექტურობის პროცენტული მაჩვენებელი ყველა ვაქცინისთვის ინდივიდუალურია და ემყარება III ფაზის კვლევებს, რაც აღწერილია ანოტაციაში. ამ ეტაპზე გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობა მერყეობს 60-დან 95%-მდე. მაგალითად, ასტრაზენეკას ვაქცინა გამოცდილია ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ. კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდა 23 000-ზე მეტი ადამიანი დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში. ასევე 40 000 ადამიანის მონაწილეობით მიმდინარეობს კვლევა აშშ-ში, არგენტინაში, ჩილეში, კოლუმბიასა და პერუში. კვლევის თანახმად, ვაქცინის ეფექტურობა 70 %-ს აჭარბებს. ასტრაზენეკას ვაქცინის ახალმა კლინიკური კვლევამ, რომელიც აშშ-ში ჩატარდა, აჩვენა, რომ ვაქცინა ადამიანს 79 %-ში იცავს სიმპტომური დაავადების განვითარებისგან და 100%-ში მძიმე დაავადების განვითარების და ჰოსპიტალიზაციისგან. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძლო გვერდითი მოვლენები დროებითი და COVID-19-ის ინფექციასთან შედარებით გაცილებით მსუბუქია. ვაქცინაციას შესაძლოა ახლდეს გვერდითი მოვლენები, რაც ნორმალურია და მიანიშნებს, რომ ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს. COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს რეაქცია (ტკივილი, შეშუპება, შეწითლება) ინექციის ადგილზე, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა და ლიმფური ჯირკვლების შეშუპება.
თქვენ უკვე აიცერით. გაგვიზიარეთ – რა შეგრძნებები ან გვერდითი მოვლენები (თუ იყო ასეთი) გამოიწვია?
ჩემი შეგრძნებებია: ინექციის ადგილზე მტკივნეულობა, რომელიც 2 დღე გაგრძელდა და აცრის მე-2 დღეს მსუბუქი დაღლილობა და მუხლის სახსრის მტკივნეულობა.
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის თანამშრომელთა ჩართულობა როგორია ვაქცინაციის პროცესში (თავად თუ აიცრეს)?
საერთაშორისო რეკომენდაციების და ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, COVID-19 ვაქცინაციისათვის შეირჩა სამიზნე პოპულაციური ჯგუფები, რომელთა მოცვა ეტაპობრივად განხორციელდება. ამ ეტაპზე დაგეგმილია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია, რომელიც განიხილება ინფექციის მიღების კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფად და თავის მხრივ წარმოადგენს რისკს იმ მოწყვალადი ჯგუფებისთვის, რომელსაც ისინი უწევენ სამედიცინო მომსახურებას, ასევე 75 წლის და უფროსი ასაკის და 65-74 წლის მოსახლეობის ვაქცინაცია. საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების ვაქცინაცია განხორციელდება მე-2 ფაზაში. რაც შეეხება ფაკულტეტზე დასაქმებულ კოლეგებს, ჩვენი დეკანის, ბატონი დიმიტრი კორძაიას „თამადობით“ უკვე ბევრი მათგანი აიცრა.
რა უნდა იცოდნენ ვაქცინაციის მსურველებმა (ხო არ არის რაიმე დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა უთხრან ექიმს აცრის წინ)?
COVID-19 mRNA ვაქცინის უკუჩვენებებია: ცნობილი მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის ნებისმიერ კომპონენტზე, განსაკუთრებით, პოლიეთილენგლიკოლზე (PEG) ან მონათესავე მოლეკულებზე; მეორე დოზისთვის — დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. დროებითი უკუჩვენებებია: ცხელებით მიმდინარე (38,50 C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება — ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე; COVID-19 გადატანილ პირებში მონოკლონური ანტისხეულებით ან რეკონვალესცენტის პლაზით ჩატარებული მკურნალობა — ვაქცინაცია უნდა გადაიდოს სულ მცირე 90 დღით, მკურნალობისა და ვაქცინინდუცირებული იმუნური პასუხების ინტერფერენციის თავიდან არიდების მიზნით; ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 14 დღე (გამონაკლისია ანტირაბიული პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე). გაფრთხილება: ორსულობა; ძუძუთი კვება; იმუნოკომპრომისული პირები, იმუნოკომპრესიულ თერაპიაზე მყოფთა ჩათვლით — შეიძლება ჰქონდეთ შემცირებული პასუხი; ანამნეზში დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია სხვა ნებისმიერ ვაქცინაზე ან ინექციურ თერაპიაზე (მაგ., კუნთებში, ინტრავენურად ან კანქვეშა ვაქცინებზე ან თერაპიებზე, რომლებიც არ უკავშირდება mRNA COVID-19 ვაქცინების კომპონენტს ან პოლისორბატს). უნდა შეფასდეს ვაქცინაციის რისკი-სარგებელი და ისე გადაწყდეს აცრა. ასეთი პირები მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ ვაქცინაციიდან 30 წუთის განმავლობაში; საშუალო ან მძიმე მწვავე დაავადება კვებითი, კონტაქტური ან სეზონური ალერგიები, კვერცხის, ჟელატინის და ლატექსის ჩათვლით, არ განიხილება სიფრთხილის ზომად ან უკუჩვენებად. ასტრაზენეკას რეკომბინანტული ვაქცინის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე; მეორე დოზისთვის — ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. დროებითი უკუჩვენებებია: ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება; ნებისმიერ სხვა აცრსა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 14 დღე (გამონაკლისია ანტირაბიული პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე); გაფრთხილება: სისხლდენებისადმი და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება, ანტიკოაგულაციური მკურნალობა; იმუნოკომპრომისული პირები, იმუნოკომპრესიულ თერაპიაზე მყოფთა ჩათვლით — შეიძლება ჰქონდეთ შემცირებული პასუხი; ორსულობა; ძუძუთი კვება; საშუალო ან მძიმე მწვავე დაავადება; თრომბოციტოპენია; დემიელინიზაციის დარღვევები.