ნატო ობოლაძე
იაპონელი მწერლის იოკო ოგავას „პროფესორის საყვარელი ფორმულა“ ქართულ ენაზე გამოიცა. თანამედროვე იაპონური ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენლის წიგნი თსუ-ის მოწვეულმა მასწავლებელმა თათია მემარნიშვილმა თარგმნა. „პროფესორის საყვარელი ფორმულა“ თათია მემარნიშვილის მეორე მთარგმნელობითი ნამუშევარია.
„ჩემთვის, როგორც მთარგმნელისთვის, „ნიღბის აღსარება“ პირველი ნაბიჯი იყო. თარგმნის პროცესი რთული, გამოწვევებით სავსე და, ამავე დროს, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე არ გავჩერებულიყავი. როგორც კი მომდევნო ავტორი შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი. „პროფესორის საყვარელი ფორმულა“ მისი თანამედროვე ენის გამო და გამოცდილების დამსახურებით ბევრად ადვილი გამოდგა. მით უმეტეს, რომ წიგნი სავსეა თბილი გრძნობებით. ქართველი მკითხველისთვის იაპონური სამყარო, ზოგადად, ძალიან ახალია — XX საუკუნის მიშიმაც უცხოა და XXI საუკუნის ოგავაც. განსხვავებული კუთხიდან დანახული ნაცნობი თემები კი ყოველთვის მიმზიდველია“, — ამბობს მთარგმნელი.
თათია მემარნიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონურ ენას 2009 წლიდან ასწავლის. მთარგმნელმა ფართო აუდიტორიისთვის იაპონური ლიტერატურის შესახებ ონლაინ ლექცია 20 ოქტომბერს გამართა.