თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი სტუდენტებსა და სტარტაპებს სთავაზობს საინტერესო პროგრამას, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტებიც.
iTeams პროგრამის ფარგლებში, სამი სტარტაპი სამ სტუდენტურ გუნდს წარუდგენს სამ რეალურ ბიზნეს–გამოწვევას. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ რეალურ სტარტაპ–პრობლემებს, მოიფიქრონ საინტერესო წინადადებები, მოსაზრებები, პრობლემების გადაჭრის გზები და წარუდგინონ ისინი შერჩეულ კომპანიებს. პროგრამის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში ისინი ერთად იმუშავებენ და ერთმანეთს დაეხმარებიან ახალი იდეების დანერგვაში.
პროგრამა დაიწყო 22 მარტს და დასრულდება 3 მაისს, ხოლო 8 მაისს ჩატარდება დემო დღე, სადაც სტუდენტური გუნდები თავიანთ იდეებს წარუდგენენ შესაბამის სტარტაპ–კომპანიებს.
თუ რას მოიცავს 6–კვირიანი პროგრამა და რას სთავაზობს ის პროგრამაში მონაწილე მხარეებს, ამის შესახებ გვესაუბრება თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ირინა ცაგარეიშვილი.
– ქალბატონო ირინა, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა საინტერესო ბიზნესიდეებით შეპყრობილი ახალგაზრდა ადამიანების რიცხვი, რომლებიც ცდილობენ, რაიმე ახალი, განსხვავებული შექმნან და მიზნის მისაღწევად დაუღალავად იშრომონ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა ჩვენი ქვეყნისთვის. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება სტარტაპერობა უფრო და უფრო მეტად მიმზიდველი ქართველი ახალგაზრდებისთვის?
– დიახ, ქართული სტარტაპ ეკოსისტემა დღითიდღე იზრდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება, რაც, თავის მხრივ, უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.
ახალგაზრდები, ჩვენი მსგავსი (თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი) ერთეულების მიერ ორგანიზებული ტრენინგების, ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების დახმარებით, უფრო და უფრო აცნობიერებენ რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, დაიწყო საკუთარი საქმიანობა განურჩევლად იმისა, თუ რა პროფესიას ფლობ, რა ფაკულტეტზე სწავლობ და ა.შ.
ეს ტენდენცია მსოფლიოში მრავალი წლის წინ დაიწყო და ახლა უკვე ჩვენამდეც მოაღწია, რაც ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ მაღალინოვაციურ იდეებზე, მოიძიონ ინვესტიცია, გავიდნენ გლობალურ ბაზრებზე და ა.შ.
– რა არის iTeams და რას გვთავაზობს ეს პროგრამა?
– iTeams არის ექვსკვირიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სამი ბიზნესი სამ რეალურ გამოწვევას წარუდგენს სამ სტუდენტურ გუნდს. მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, პირისპირ დაუდგნენ რეალურ სტარტაპ პრობლემებს და მიიღონ ყველაზე გამორჩეული გამოცდილება. პროგრამის საშუალებით, მონაწილეები განივითარებენ მრავალფეროვან გუნდში მუშაობისა და პრობლემების იდენტიფიცირების უნარებს, შესთავაზებენ სტარტაპებს მათი გადაჭრის გზებს და რეალურად განახორციელებენ ამ პრობლემებსა და გამოწვევებთან გამკლავების თავიანთ სტრატეგიას.
iTeams პროგრამა შეიქმნა ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი" მხარდაჭერით და წარმოადგენს ჩვენი ბრიტანელი პარტნიორის — ესექსის უნივერსიტეტის წარმატებულად განხორციელებულ პროექტს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოვიტანეთ.
– ქალბატონო ირინა, დღეს სტარტაპების დიდი ნაწილი ვერ ახარხებს ზრდასა და განვითარებას. ხშირ შემთხვევაში ისინი ვერ ახერხებენ ძალების მოკრებას და შეცდომებსაც უშვებენ. სტარტაპ პრომლემების გადასაწყვეტად რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა და მათი აქტიურობა ბიზნეს გამოწვევების გასამკლავებლად?
– ხშირად, სტარტაპის შექმნის პროცესში, წარუმატებლობა გუნდის გამოუცდელობის ბრალია. სტარტაპების 90% გამოუცდელობის გამო მარცხდება, უჩნდებათ წარმოდგენა, რომ იდეის გაჩენისთანავე მოიზიდავენ მილიონობით ინვესტიციას. ასევე, ხშირად, ზედმეტადაც კი უყვარდებათ პროდუქტი და უჭირთ მასში ცვლილებების შეტანა, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე და სხვა. სწორედ ამ გამოცდილებას აძლევს iTeams მონაწილეებს, რომ მანამ, სანამ ისინი საკუთარი იდეების განხორციელებას დაიწყებენ, რეალურად ნახონ, როგორ მიმდინარეობს სტარტაპის შექმნის პროცესი, რა ეტაპებს გადიან დამფუძნებლები. ასევე მნიშვნელოვანია მათთან კონტაქტი, რეალურ პრობლემებზე მსჯელობა და მათი აღმოფხვრის გზების ერთად ძიება...
– მოდით, განვიხილოთ რა სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს სტარტაპ–კომპანიებისათვის სტუდენტური იდეების, სტრატეგიების გაცნობა და მათი ჩართულობა პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში.
– iTeams პროგრამაში საკმაოდ წარმატებული სტარტაპები გვყავს მოწვეული, მათ უკვე მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვთ მოზიდული და ბაზარზეც წარმატებულად ოპერირებენ.
თითოეული სტარტაპის მთავარი მამოძრავებელია სიახლეების დანერგვა და მუდმივად ინოვაციური იდეების შეტანა გუნდში, რათა მუდმივად ვითარდებოდნენ. სტარტაპებთან მოლაპარაკების დროს სწორედ რომ ეს ინტერესი დავინახეთ: კიდევ ერთხელ ჩაეძიონ შიდა პროცესებს, აწონ-დაწონონ თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან და ეს ყველაფერი გააცნონ პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს. ამასთან ერთად, iTeams პროგრამაში მონაწილე სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანია ასევე ქართული სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება და თსუ-ის სტუდენტებისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.
– რას მისცემს სტუდენტებს ამ პროგრამაში მონაწილეობა?
– პირველ რიგში — უნიკალურ გამოცდილებას. მსგავსი პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება. ეს არ გულისმოხბს უბრალოდ სტაჟირებას, ან რაიმე მსგავსს. ამ პროცესში სტუდენტები რეალურ პრობლემებს ეჭიდებიან და რეალურად ფიქრობენ მათი გადაჭრის გზებზე. ამასთან, გუნდების ფორმირება მოხდება სრულად უცხო მონაწილეებს შორის, რაც აძლევთ შესაძლებლობას, განავითარონ გუნდური მუშაობის უნარი, შეიძინონ ახალი კონტქატები.
– არის თუ არა უკვე ცნობილი იმ სტარტაპერების ვინაობა, ვისთანაც პროგრამაში მონაწილე სტუდენტური გუნდები ითანამშრომლებენ?
– დიახ, ესენი არიან Optio.Ai, STYX, Echolize..
– ვინ უხელმძღვანელებს სტუდენტურ გუნდებს და რა კრიტერიუმით შეირჩევიან მონაწილეები?
– სტუდენტურ გუნდებს თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის გუნდი გაუწევს მხარდაჭერას. ჩვენ მათთვის ჩავატარებთ საჭირო ტრენინგებს და მათთან ერთად გავივლით თითოეულ ეტაპს ექვსი კვირის განმავლობაში. მონაწილეებს აირჩევს ასევე ჩვენი ცენტრის გუნდი, ინდივიდუალური განაცხადების საფუძველზე. ყველაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმას, თუ რამდენად შეძლებს მონაწილეობის მსურველი, დაუთმოს პროგრამას საკმარისი დრო, დააკვირდეს ურთიერთობის გამოცდილებას ამ ეკოსისტემასთან და რაც მთავარია იმას, თუ რატომ სურს მონაწილეობის მიღება აღნიშნულ პროგრამაში და რა შედეგს ელოდება ექვსი კვირის შემდეგ.
ტრენინგების გარდა, სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ ამ ეკოსისტემაში საკმაოდ წარმატებული პირები, ვისაც შეხება აქვს პროგრამაში მოწვეულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან ან მსგავსებთან.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა?
– iTeams საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად ტარდება. ჩვენ ყოველთვის ვუმეორებთ ბენეფიციარებსა და სტუდენტებს ერთ უმთავრეს საყრდენს: „სანამ საბოლოო ვერსიას შექმნი, ჯერ დატესტე“. შესაბამისად, ჩვენც ამ გზას მივუყვებით. ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად, ეს პროგრამა მაქსიმალურად მოვარგეთ საქართველოში არსებულ საჭიროებებსა და რეალობას. ახლა კი, პროგრამის დაწყებას ველით, რათა მუშაობის პროცესში გავიგოთ თუ რა ხარვეზები გვაქვს ან რა არის შესაცვლელი. ჩვენი თითოეული პროგრამა ასე შეიქმნა — სატესტო პროგრამის მსვლელობის პროცესში მუდმივად ვიღებდით უკუკავშირს მონაწილეებისგან. სხვადასხვა პროგრამების პირველი ნაკადი ყოველთვის ამ პროცესის ერთგვარი შემქმნელია. მოლოდინი გვაქვს, რომ ახლაც ასე იქნება: დემო ვერსია საკმაოდ წარმატებულად ჩაივლის, რადგან, როდესაც რაიმე პროექტი პირველად ტარდება, იგი ყოველთვის განსხვავებულ ემოციებს ტოვებს როგორც მონაწილეებისთვის, ისე ორგანიზატორებისთვისაც.
მოამზადა თამარ დადიანმა