17 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მას ხელი მოაწერეს თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
„მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც ნაკარნახევია კვალიფიციური ტელე-რადიო სპეციალისტების მომზადების საჭიროებით და გამოხატულია როგორც პროფესიული განათლების ხელშეწყობის აუცილებლობით, ისე პროფესიულ სტუდენტთა სწავლის მოტივაციის გაზრდის სურვილით“,-წერია მემორანდუმში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურულ ერთეულებში.
„საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის მემორანდუმი ემსახურება ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკური ნორმებითა და პროფესიული სტანდარტებით შეიარაღებული ახალი კადრების აღზრდა. ვფიქრობ, რომ ეს მემორანდუმი გარკვეულწილად შეცვლის კლიმატს თანამედროვე მედიასივრცეში“,- აღნიშნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ.
სტუდენტების სტაჟირებასთან ერთად, მემორანდუმის თანახმად, მხარეები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ კონფერენციებში, მასტერკლასებში, სემინარებსა და სასწავლო-პრაქტიკულ პროექტებში. მათ შორის, სტუდენტებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ევროპის მაუწყებელთა კავშირის სასწავლო ცენტრით და მონაწილეობა მიიღონ იმ სემინარებში, რომლებშიც საერთაშორისო ტრენერები იქნებიან ჩართულნი.
„მოვაწერეთ ხელი ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომლის ფარგლებში ჩვენც ვეცდებით დავეხმაროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს იმაში, რომ პრაქტიკული სამუშაო მათთვის იყოს უფრო ხელშესახები. ჟურნალისტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სტაჟირება ჩვენთან გაიარონ. ამასთან, დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ გრანდიოზული და ამბიციური პროექტი — ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცენტრის დაარსებასთან ერთად, არა მხოლოდ მოქმედ ჟურნალისტებს, არამედ სტუდენტებსაც ექნებათ საშუალება, რომ ჩაერთონ ცენტრის სალექციო კურსებში. ეს იქნება დიდი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომ ნახონ, თუ როგორია ეს პროფესია სინამდვილეში“, — თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდა თსუ–ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება მეტი წარმატების მომტანი იქნება სტუდენტებისთვის:
„პირველი არხი და პირველი უნივერსიტეტი აწერენ ხელს მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ძალიან ბევრ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია და უფრო დაუკავშირდეს მომავალ პროფესიას. დარწმუნებული ვარ, რომ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის, საშური საქმეა“, — თქვა თსუ–ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტაჟირების ხანგრძლივობა, პროგრამა, ასევე კონკრეტულ პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა წინასწარ შეთანხმდება, ხოლო მონაწილე სტუდენტთა შერჩევას, შესაბამისი კრიტერიუმების დადგენის შემდეგ, უზრუნველყოფს უნივერსიტეტი. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელები პროფესორი მანანა შამილიშვილი და ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე დარწმუნებულები არიან, რომ მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იქნება, რის გამოც აუცილებელია მკაფიო კრიტერიუმების ჩამოყალიბება:
„ამ მემორანდუმის ფარგლებში, სტაჟირების ფარგლებში ჩვენი სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და ისწავლიან იმ სტანდარტების ჟურნალისტიკას, რომელიც უნდა იყოს დამახასიათებელი ზოგადად ჟურნალისტური საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ვფიქრობ, რომ სტუდენტების შერჩევის პროცესი არ იქნება მარტივი, რადგან ბევრი მსურველი გამოჩნდება და, ამდენად, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მოგვაწოდებს პირველი ჯგუფის კვოტას, ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის კრიტერიუმებს, მათ შორის იქნება გასაუბრებაც, რომლის მიხედვითაც შევარჩევთ სტუდენტებს“,- თქვა მაია ტორაძემ.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი მანანა შამილიშვილი მიიჩნევს, რომ ორი უწყების პროფესიონალების კოლაბორაცია, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმთან ტელევიზიაში პრაქტიკული სწავლების და სტაჟირების შერწყმა შედეგიანი თანამშრომლობის და თანამედროვე ჟურნალისტის უნარ-ჩვევებით შეიარაღებული ახალგაზრდა ჟურნალისტების გაზრდის გარანტი შეიძლება გახდეს.
„ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტსა და საზოგადოებივ მაუწყებელს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ და ერთობლივი ძალებით, პროდუქტიული კოლაბორაციით ის უნარები შეიძინონ სტუდენტებმა, რომელიც მათ დიდ ჟურნალისტიკაში საქმიანობისას გამოადგებათ“,- თქვა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა შამილიშვილმა.
თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მხარეები შესაბამის მონიტორინგს განახორციელებენ, დააკვირდებიან სტაჟირების მიმდინარეობას და ერთმანეთს მიაწოდებენ რეკომენდაციებს, რაც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს მეტად პროდუქტიულს და შედეგიანს გახდის.