თამარ დადიანი
მეცნიერებაში ფეხი ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან აიდგა, როცა მეცხრეკლასელმა ლიტერატურულ გამოცემაში პირველი თარგმანი დაბეჭდა. მას შემდეგ მთარგმნელობისადმი ინტერესი არ დაუკარგავს და თვლის, რომ თავის კოლეგებთან ერთად გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოების აზროვნების შეცვლასა და განვითარებაში. „ჩემთვის თარგმნაც და თარგმნის კვლევაც, ლიტერატურაც და ლიტერატურის შესახებ ფიქრიც ერთი მთლიანობაა, ბავშვობიდან მოყოლებული მთელი ჩემი ცხოვრების მთავარი ინტერესი“, — აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა კოპალიანი, რომელიც დღეს გაზეთ „თბილისის უნიევრსიტეტის“ კითხვებს პასუხობს.
— უმაღლესი განათლების მიღება საქართველოში ერთგვარ აუცილებლობად და მოდად იქცა. აბიტურიენტების უმეტესობას არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი თავი და ინტერესები. უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს — ვინ უნდა იყოს მომავალში, ნაწილი კი იცნობს იმ სფეროს, სადაც მოღვაწეობას აპირებს. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?
— ჩემს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო: მერვე კლასიდან ვთარგმნიდი ინგლისურ პოეზიას. მეცხრე კლასში უკვე პირველი პუბლიკაცია მქონდა — პერიოდულ გამოცემა „აფრაში“ დაბეჭდა ჩემი თარგმანი შოთა იათაშვილმა, რომელსაც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სტანდარტების მქონე და „მკაცრ“ რედაქტორად მივიჩნევ. მეათე კლასში გავიგე, რომ არსებობდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე (მაშინ ასე ერქვა) თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კათედრა და იმ დღის მერე სხვა პროფესიაზე აღარც კი მიფიქრია, თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება აქეთკენ მიდიოდა. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე არათუ ვიცოდი, რომ მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელობა მინდოდა, არამედ უკვე პირველი ბილიკებიც მქონდა გაკვალული ამ სფეროში: პუბლიკაციები, კონფერენციებსა და ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილეობა და ა.შ. ვფიქრობ, პროფესიონალად შედგომა საყვარელ საქმიანობაშიც კი არ არის ადვილი და ახალგაზრდა ადამიანი, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ინტერესია, მით უმეტეს, არ უნდა ჩაებას იმ სფეროში, რომელიც არ ხიბლავს.
— როდის გადაწყვიტეთ საქმიანობა სამეცნიერო მიმართულებით გაგეგრძელებინათ? თქვენი სადოქტორო თემის შესახებაც გვიამბეთ...
— როდესაც ადამიანი პრაქტიკოსი მთარგმნელია, არ არის გასაკვირი, რომ მას ამ პროცესთან დაკავშირებით კითხვებიც და პასუხებიც უგროვდებოდეს. თარგმანმცოდნეობა დიდწილად პრაქტიკოს მთარგმნელთა თვითრეფლექსიებს ეყრდნობა, რომელთაც მერე სისტემურ სახეს თეორეტიკოსები აძლევდნენ და აძლევენ. თარგმანმცოდნეობის შესწავლა იმისთვის დავიწყე, რომ ჩემი გადაწყვეტილებებისათვის თეორიული გამართლება, მხარდაჭერა მეპოვა; მერე კი აღმოვაჩინე, რომ მეც მაქვს პოზიცია, რომლის დაცვაც მინდა, რომ შემოქმედებითი პროცესების ანალიტიკური გააზრება შეიძლება ძალიან სასარგებლო გამოდგეს და პროფესიულ ზრდაში დაგეხმაროს. ჩემი სადისერტაციო ნაშრომი „ამერიკელი ქალი პოეტების ქართული თარგმანები შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კონტექსტში“, პირველ რიგში, იმიტომ მგონია საინტერესო, რომ მიმდინარე ლიტერატურული პროცესის გააზრების მცდელობაა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მორევში ტრიალებდე და თან იმის გამოთვლას ცდილობდე, საით წაგიღებს მდინარე. იმ მთარგმნელთა შორის, ვის ნამუშევრებსაც ვიკვლევ, მეც ვარ და ჩემი უძვირფასესი კოლეგებიც, რომლებმაც, ვფიქრობ, გარდამავალ პერიოდში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოების აზროვნების შეცვლასა და განვითარებაში. თუმცა ვცდილობ, კრიტიკულიც ვიყო ყველას და, პირველ რიგში, საკუთარი ნამუშევრების მიმართ.
— მთარგმნელობით საქმეს 2006 წლიდან ეწევით, 2016 წელს პრემია „საბა“-ს ფინალისტიც იყავით წლის საუკეთესო თარგმანისათვის ქართულ ენაზე. როგორ ფიქრობთ, მთარგმნელისთვის წარმატებული კარიერის შესაქმნელად რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
— დღევანდელ საქართველოში მთელი რიგი მიზეზის გამო მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელის საქმიანობას „კარიერა“ მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ საქმიანობასაც სჭირდება ყველაფერი ის, რაც ნებისმიერ სხვას: იმედის მომცემი საწყისი მონაცემები, დაუღალავი შრომა, თვითგანვითარება, ძიება და სიყვარული.
— რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ უახლოეს წლებში სხვადასხვა ენებიდან მთარგმნელთა ღირსეული ცვლა მივიღოთ?
— უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმისათვის მოწოდებული ახალი თაობა სხვა სფეროებში არ დასაქმდეს იმის გამო, რომ ლიტერატურის მთარგმნელებს არ აქვთ შრომის შესაბამისი სოციალური და მატერიალური სტატუსი. ნიჭიერ მთარგმნელთა უდიდესი ნაწილისათვის ეს საქმიანობა მხოლოდ „ნახევარგანაკვეთური“, ზოგჯერ ჰობიც კია, რაც, რასაკვირველია, დიდად აფერხებს ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ თარგმნა ინდივიდუალური საქმიანობაა და არა გუნდური, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება, ხშირად უნდა ტარდებოდეს მასტერკლასები, არსებობდეს შემოქმედებითი სახელოსნოები და ა.შ. თეორიულის გარდა, პრაქტიკული წვრთნა, დინამიზმის შემოტანაც ძალიან მნიშვნელოვანია. მქონია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უფროსი თაობის კოლეგებისაგან მიმიღია პროფესიული დახმარება — ყველა ეს შესაძლებლობა მთელ მოვლენად იქცა ჩემთვის.
— მთარგმნელობითი საქმიანობისათვის საკმაოდ ბევრი ჯილდო გაქვთ მიღებული, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევით, მშვენიერი ოჯახური კერა გაქვთ, დისერტაციის დასაცავად ემზადებით... რთული არ არის დოქტორანტისთვის ასეთი დატვირთული რეჟიმით ცხოვრება?
— ვფიქრობ, რომ, პირადი ცხოვრების გარდა, ყველა ეს სფერო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. მე მიყვარს თარგმნა და მას ძალიან ბევრ დროს ვუთმობ, მაგრამ ასევე მჭირდება შემოქმედებითი პროცესის ანალიტიკური გააზრებაც, რაშიც სამეცნიერო მუშაობა მეხმარება. მეორე მხრივ, ჩემს კვლევა-ძიებას პრაქტიკული საქმიანობა ასაზრდოებს — ეს ყველაფერი ბალანსის პოვნაში მეხმარება, რასაც საბოლოოდ მოსდევს ის, რომ ცოდნა და გამოცდილება უნდა გავაზიარო, ამას კი პედაგოგიურ საქმიანობამდე მივყავართ. ახალგაზრდებთან მუშაობა გაიძულებს, რომ მათ ინტერესებს ფეხი აუწყო, ისინი მოდუნების საშუალებას არასოდეს გაძლევენ, არც — ოჯახი და მით უმეტეს — არც მკითხველები. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ მოდუნების საშუალება არ მაქვს, თორემ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ის, ვინც სინამდვილეში ვარ — ზარმაცი.
* * *
ფილოლოგი, თარგმანმცოდნე, მთარგმნელი და პედაგოგი ანი კოპალიანი 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგია. მუშაობდა „ქართული წიგნის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, არის გამოცდების ეროვნული ცენტრის (ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო კომისიის) წევრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსის, ინტერნეტგაზეთ „Mastsavlebeli.ge“-ს სტატიების ავტორი და „ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული პროფესორი. საერთაშორისო ორგანიზაცია „Next Pages“-სა და „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ერთობლივი პროექტის — „წიგნის პლატფორმის“ ფარგლებში მიმდინარე კვლევის — „1990-2012 წლებში ქართულ ენაზე თარგმნილი ლიტერატურა — ფაქტები, ტენდენციები, რეკომენდაციები“ — ავტორი; მრავალი ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი. 2006 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგნილი აქვს ტომას სტერნზ ელიოტის, ქეით ჩოპინის, ენიდ ბლაიტონის, ნათანიელ ჰოთორნის, სარა პენიპეიკერის, მაია ენჯელოუსა და სხვათა ნაწარმოებები. არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო „გამორჩეული ქართული ენით მეტყველებისათვის“; არის „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ ორგანიზებული კონკურსის — „ჩემი ლიდერი ქალი“ გამარჯვებული და ლიტერატურული პრემია „საბა“-ს ნომინანტი (ნომინაცია „წლის საუკეთესო მთარგმნელი“).