ნატო ობოლაძე
აშშ-ის ფსიქოლოგთა ასოციაციის სპეციალური მოწვევით თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა ლადო გამსახურდიამ საერთაშორისო ვებინარზე მოხსენება — „აკულტურაციიდან პროკულტურაციამდე" — წარადგინა. ვებინარს ასოციაციის წევრი ფსიქოლოგები ესწრებოდნენ. ონლაინ შეხვედრა ღია იყო დაინტერესებული პირებისთვისაც. ლადო გამსახურდიამ კოლეგებთან მისივე შემუშავებული პროკულტურაციის კონცეფციის ზოგადი მნიშვნელობა განმარტა. მკვლევრის ახალი კონცეფცია ხაზს უსვამს საზღვარგარეთ ან მულტიკულტურულ საზოგადოებებში ცხოვრებისას სელფის ტრანსფორმაციული დინამიკის განვითარებისა და დიალოგური მახასიათებლების მნიშვნელობას. საერთაშორისო ვებინარი ასოციაციის საერთაშორისო ფსიქოლოგიის განყოფილების ეგიდით ჩატარდა.
„ვფიქრობ, აშშ-ის ფსიქოლოგთა ასოციაციის ვებინარში ჩართულობა მნიშვნელოვანია ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის, პრესტიჟის ამაღლებისა და ქართული ფსიქოლოგიისა და, ზოგადად, სოციალური მეცნიერებების განვითარების თვალსაზრისით.
ჩემი კონცეფცია წარმოადგენს სელფის კონსტრუირების პიროვნებაზე ცენტრირებული განვითარების დეველოპმენტალისტურ და სისტემურ მოდელს, მულტიკულტურულ საზოგადოებებში ინტერკულტურული კომუნიკაციის ან ემიგრაციის ფონზე. ის ვითარდება ტრადიციული მეინსტრიმული კროსკულტურალისტური აკულტურაციის მოდელებთან წინააღმდეგობაში და მისი მთავარი ღირებულება არის ე.წ. დეველოპმენტალისტური მიდგომის განვითარება, რაც აკლია სხვა ტრადიციულ, აქამდე არსებულ მოდელებს.
აქ წარმოჩენილია ადაპტაციის პროცესში პიროვნების სუბიექტურობის და პიროვნების ინტენციონალობის განსაკუთრებული როლი და, ასევე, ხაზს უსვამს ფსიქიკის დიალოგურ ბუნებას. ეს კონცეფცია ინტერკულტურული პროცესის გააზრებასა და პიროვნებისა და კულტურის ურთიერთმიმართების თეორიული მოდელირების დიალოგური მიმართულების განვითარებასაც ეძღვნება.
სტატიკური, არადიალოგური, ადაპტაციური მოდელებისგან განსხვავებით, რომლებიც უპირატესად სოციოლოგისტურია, პროკულტურაციის თეორია არის პიროვნებაზე ცენტრირებული, დეველოპმენტალისტური დიალოგური და სემიოტიკური“, — განმარტავს ლადო გამსახურდია.
ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქოლოგთა ასოციაცია, ფსიქოლოგიის სფეროში პროფესიული სტანდარტების დაწესების თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საზოგადოებაა.