„Academia Europea“-ს თბილისის რეგიონულმა ცენტრმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ-ის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის თანამონაწილეობით, 3-4 ოქტომბერს, თელავში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარმოადგინა პროექტი — „გელათის აკადემია — მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“. პროექტის მთავარი მიზანია გააცნოს ფართო საერთაშორისო საზოგადოებას გელათის აკადემია, როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი.
„Academia Europea“-ს თბილისის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამეცნიერო წრეების წამყვანმა სპეციალისტებმა. შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, „Academia Europea“-ს თბილისის ცენტრის აკადემიური დირექტორი დავით ფრანგიშვილი.
გვესაუბრება „Academia Europea“-ს თბილისის რეგიონული ცენტრის მთავარი სპეციალისტი მაია მაჭავარიანი:
— პროექტის — „გელათის აკადემია — მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ — აქტუალობასა და შინაარსზე, მისი განხორციელების აუცილებლობაზე, გთხოვთ, გვითხარით რამდენიმე სიტყვა...
დავით აღმაშენებლის მიერ 1106 წელს დაარსებული გელათის აკადემია გახდა თავისი დროის ქრისტიანული აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო-სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. შეიძლება ითქვას, რომ იმჟამინდელ ევროპაშიც ძნელად თუ იყო მსგავსი კულტურის და სიბრძნის კერა. გელათის აკადემიას, მის დანატოვარს ბევრი მეცნიერი სწავლობდა და სწავლობს, არსებობს ბევრი სამეცნიერო ნაშრომი, მაგრამ გელათის აკადემიის მნიშვნელობის სათანადოდ წარმოსაჩენად, ვფიქრობთ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენი პროექტის მიზანი სწორედ ეს არის — უფრო ვრცლად შეისწავლოს და გააცნოს ფართო საერთაშორისო საზოგადოებას გელათის აკადემია, როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრი.
— რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს პროექტის განსახორციელებლად და საერთოდ, რას ითვალისწებს აღნიშნული დოკუმენტი?
„Academia Europea“-ს თბილისის რეგიონული ცენტრის ვარაუდით, ეს პროექტი გაგრძელდება გარკვეული დროის მანძილზე, რამდენიმე წლით. სამეცნიერო კვლევა განხორციელდება სხვადასხვა მიმართულებებით — ფილოსოფიის, ფილოლოგიის, ისტორიის, არქეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკათმცოდნეობისა და სხვ. ჩვენს პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა უკვე მიიღეს წამყვანმა მეცნიერებმა ისეთი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებიდან, როგორიცაა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ-ის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი, თსუ-ის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გელათის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, გ. ჩუბინაშვილი სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალის მმართველობა.
პროექტში მიიღებენ მონაწილეობას როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მეცნიერები.
პროექტის ძირითადი მიზანი განხორციელდება ეტაპობრივად. კონკრეტულ ქმედებებს ყოველი მომდევნო ეტაპისთვის დაგეგმავს პროექტის მონაწილეთა საინიციატივო ჯგუფი.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის მიზნების, ხანგრძლივობის, განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომავალი გეგმების შესახებ და პროექტის პირველი ეტაპისთვის დაადგინეს შემდეგი სამოქმედო გეგმა:
- შეიქმნას სხვადასხვა დარგის ექსპერტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უხელმძღვანელებს პროექტს; საინიციატივო ჯგუფი გამართავს რეგულარულ შეხვედრებს.
- მომზადდეს სატელევიზიო სემინარების ციკლი, რომელიც ფართო საზოგადოებას გააცნობს გელათის აკადემიის მნიშვნელოვან როლს შუა საუკუნეების ევროპულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში.
- 2021 წლის სექტემბერში ქუთაისში ჩატარდეს მცირე თემატური კონფერენცია, რომლის თემა, საკითხები, მონაწილეები დაზუსტდება საინიციატივო ჯგუფის მომავალ შეხვედრაზე.
- 2022 წლის მაის-ივნისში ჩატარდეს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „გელათის აკადემია – შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყაროს ინტელექტუალური და კულტურული ცენტრი“.
- მომზადდეს და გამოიცეს ქართულ და ინგლისურ ენებზე „სამაგიდო წიგნი“ გელათის შესახებ, რომელშიც სხვადასხვა დარგის ექსპერტები — არსებული კვლევების შეჯამებისა და კომპლექსური ანალიზის საფუძველზე — წარმოაჩენენ გელათის აკადემიის უდიდეს გავლენას ქრისტიანული სამყაროს კულტურულ ცხოვრებაზე და შუასაუკუნეების ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის (ისტორია, ფილოსოფია, ფილოლოგია, არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა) განვითარებაზე.
— ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ სამოქმედო გეგმის წარმატებით შესასრულებლად სამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების მხარდაჭერაც მნიშვნელოვანი იქნება. ამ მიმართულებით თუ გაქვთ რაიმე ინიციატივა?
— რასაკვირველია, ჩვენ გვექნება ურთიერთობა სამთავრობო სტრუქტურებთან და იმედი გვაქვს, რომ ამ დიდი და რთული პროექტის განხორციელებაში მხარს დაგვიჭერს განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტრო.
— აღნიშნულ შეხვედრაზე ჩატარდა ორი ლექციაც. რა თემებზე საუბრობდნენ მომხსენებლები?
— სამუშაო შეხვედრაზე ჩატარდა ორი ლექცია: გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრების შესახებ ისაუბრა ქუთაისის ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალის მმართველობის ხელმძღვანელმა როლანდ ისაკაძემ. გელათის კილოს საგალობლების შესახებ მოხსენება წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა მაგდა სუხიაშვილმა — მისი ლექცია ილუსტრირებული იყო გელათურ კილოზე აგებული საგალობლებით, რომლებიც შეასრულა ალავერდის მონასტრის მგალობელთა გუნდმა.
ესაუბრა თამარ დადიანი