„ქრისტიანული მოტივები“ ის თემაა, რომელსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში გარკვეულწილად ტაბუ ჰქონდა დადებული და შემდეგ ეს ტენდენცია ინერციით კარგა ხანს გაგრძელდა. ძველი ქართული ლიტერატურის ქრისტიანული თვალთახედვით შესწავლა დიდი ხანია დაიწყო, რადგან თემატიკა არ იძლეოდა სხვაგვარი კვლევის საშუალებას, ხოლო იგივე პროცესი ახალ ქართულ ლიტერატურაში გაცილებით გვიან დგება.
ნაშრომის მიზანია: XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა მხატვრულ-ფილოსფიურ-რელიგიური ხედვის წარმოჩენა; ჩვენება იმისა, რომ ქრისტიანობა მათი არა მხოლოდ ფილოსოფიური აზროვნების საფუძველია, არამედ - მხატვრული ხედვისაც; რომ ეროვნული თვითშემეცნება, რომელიც ძველ ქართულ მწერლობაში რწმენაზე იყო დაფუძნებული, შეუცვლელია ახალი ქართული ლიტერატურისთვისაც.
ნაშრომი განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და, ზოგადად, ქართული მწერლობის ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.