სახელმძღვანელო განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. კურსი აერთიანებს ორ მჭიდროდ დაკავშირებულ დისციპლინას — ჰიდროგეოლოგიასა და საინჟინრო გეოლოგიას. წიგნში დიდი ყურადღება ეთმობა ისეთ ფუძემდებლურ საკითხებს, როგორიცაა: ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის დარგის განვითარების ისტორია, მიწისქვეშა ჰიდროსფეროს აგებულება; მიწისქვეშა წყლების ფიზიკური, წყლოვანი თვისებები და შედგენილობა, დინამიკა და რეჟიმი, მიწისქვეშა წყალშემცველი სისტემები, მიწისქვეშა წყლების კლასიფიკაცია, ქანების შესწავლისა და კლასიფიკაციის პრინციპები და დარაიონება. ნაშრომში დეტალურადაა დახასიათებული აერაციის ზონის, გრუნტის, არტეზიული, ნაპრალური და კარსტული, მუდმივი გაყინულობის, სიღრმული, თანამედროვე ვულკანური რაიონებისა და სუბმარინული წყლები. გადმოცემულია სარწყავი და დასაშრობი მიწების მელიორაციის საკითხები, სასმელი, სამეურნეო, მინერალური, თერმული წყლების, რეკრეაციული და ბალნეოლოგიური რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის პრობლემები, ჩვენი ქვეყნისათვის მეტად დამახასიათებელი გრავიტაციული, სუფოზიური, კარსტული პროცესები, ლიოსები და მათზე საინჟინრო ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები.