რუკა ობიექტური რეალობის სივრცე-დროითი აღქმისა და შემეცნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ჩვენს ირგვლივ არსებული სამყარო ერთიან ჭრილში მთელი თავისი მრავალფეროვნებით მხოლოდ და მხოლოდ რუკების მეშვეობით წარმოჩინდება. სწორედ ამიტომ რუკას მრავალმხრივი გამოყენება აქვს: სამეცნიერო, სასწავლო-შემეცნებითი, სამხედრო-სტრატეგიული, საკადასტრო, საცნობარო და ა.შ. იგი არის ისტორიული, გეოგრაფიული, მხარეთმცოდნეობითი, ტოპონიმიკური და სხვა მრავალი სახის ინფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. აქედან გამომდინარე რუკა ერის კულტურული მემკვიდრეობის საუნჯეა.
საქართველო, როგორც უძველესი ქვეყანა, ფლობს მდიდარ კარტოგრაფიულ მემკვიდრეობასაც, რომელიც ჟამთა სიავეს გადაურჩა. ერთ-ერთი ასეთია ტიმოთე გაბაშვილის მიერ შედგენილი იმერეთის სამეფოს რუკა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვახუშტი ბაგრატიონის შექმნილი საქართველოსა და კავკასიის ატლასი. რუკების შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა ივანე ჯავახიშვილმაც. ჯერ-ჯერობით მიკვლეულია ივანე ჯავახიშვილის მონაწილეობით შედგენილი 7 რუკა. ესენია:
საქართველოს რეპუბლიკის რუკა (1922 წ.);
საქართველოს ბოტანიკურ-აგრონომიული არეების რუკა ძველი წყაროების მიხედვით (1930 წ.);
საქართველოს საისტორიო რუკა. VII-XII ს. შედგენილი ძველი წყაროების მიხედვით (1913 წ.);
საქართველოს ისტორიული რუკა (1923 წ.);
საქართველოს საზღვრების რუკა (1919 წ.);
საქართველოს რუკა, # 1 (1919 წ. ფრანგულ ენაზე);
საქართველოს რუკა, # 2 (1919 წ. ფრანგულ ენაზე);
23/04/2016