გამოფენა, რომელიც ეძღვნება საქრთველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს
უნივერსიტეტის მუზეუმი საქრთველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, აწყობს გამოფენას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში მონაწილე იმ სასულიერო პირების ფოტოები ( კირიონ II, ლეონიდეს, კალისტრატე ცინცაძის, ამბროსი ხელაიას) და მათი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა დროს საქართველოს პატრიარქები გახდნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილია: საქართველოს ეროვნულ არქივში, თსუ ბიბლიოთეკასა და თსუ მუზეუმში დაცული ძველი საბუთები, ფოტოები და რარიტეტული გამოცემები.
დამთვალიერებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება უნიკალური საარქივო ხელნაწერები, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ 100 წლის წინ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით განვითარებულ რთულ პროცესებს. გამოფენაზე იხილავთ: სრულიად საქართველოს კათალიკოსს პატრიარქ კირიონ II -ის მიმოწერას თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ, დეკანოზ კორნელი კეკელიძესთან საქართველოს სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების აღდგენის თაობაზე (1917 წელი); კირიონ II -ის წმინდა ხარისხის ორდენით დაჯილდოების სიგელს (1915 წელი); ჩანაწერებს ივერიის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ (1905-1906 წლები); მასალებს ტაქტიკის შესახებ, რომელიც უნდა აირჩიოს ქართულმა სასულიერო ფენამ მშობლიური ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად (1905-1906 წლები); ისტორიულ ცნობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე (1905-1906 წლები); ქართველი სამღვდელოების მიერ რუსეთის მინისტრთა კომიტეტის სახელზე გაგზავნილ პეტიციას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ (1905 წელი); საქართველოს ქართლ-კახეთის სამღვდელოების მიერ ეგზარხოსს, მთავარეპისკოპოს ნიკოლოზის სახელზე შედგენილ პეტიცის; თეზისებს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე (1905 წელი); სვეტიცხოვლის ტაძარში კირიონ II -ის მიერ წარმოთქმულ სიტყვას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების თაობაზე (1917 წლის 12 მარტი); მისალოც დეპეშებს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებისა და პატრიარქად კირიონ II -ის აღსაყდრებასთან დაკავშირებით; გუჯარს - სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის კირიონ II -ისა საქართველოს ეროვნული ყრილობის მიმართ (1917 წლის 19 ნოემბერი) და ა.შ.
დამთვალიერებლისთვის ასევე საინტერესო იქნება 1629 წელს რომში გამოცემული პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - ქართული ანბანი ლოცვებითურთ; ასევე რომში, 1679 წელს გამოცემული ქართული ენის გრამატიკა; 1705 წელს მოსკოვში არჩილ მეფის დასტამბული დავითნი; 1709 წელს ვახტანგ VI და ერეკლე II სტამბაში დაბეჭდილი წიგნები და სხვა რარიტეტები. ექსპონატები ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად მაღალმხატვრული, პოლიგრაფიული და კალიგრაფიული შესრულებით გამოირჩევიან.
ექსპონატთა შორის ასევე მნიშვნელოვანია პირველი კათალიკოს-პატრიარქის კირიონ II -ის ნაქონი წიგნები, რომლიც უნივერსიტეტის ბილიოთეკაშია დაცული. გამოფენაზე იხილავთ აგრეთვე კალისტრატე ცინცაძისა და პატრიარქ ილია მეორის წიგნებს. დამთვარიელებელს შესაძლებლობა ექნებათ თვალი გადაავლონ ქართული წიგნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, პოლიგრაფიულ ცენტრებს, რომლებიც ფუნქციონირებდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გამოფენილი უნიკალური საარქივო ხელნაწერები, ფოტოები და რარიტეტული გამოცემები ასახავენ 100 წლის წინ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ განვითარებულ რთულ პროცესებს.