თამარ დადიანი
ამერიკის ფენომენის ობიექტურად შეფასების, მისი განვითარებისა და გაძლიერების მიზეზ-შედეგობრივი ფაქტორების საუკეთესოდ წარმოჩენის მცდელობაა „ამერიკის შესწავლის საკითხების“ მე-8 კრებული, რომლის პრეზენტაციაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
პრეზენტაციას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის კულტურის ატაშე საქართველოში კრისტოფერ ანდერსონი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კრებულში თავმოყრილია ამერიკელი და ქართველი მეცნიერების სტატიები, რომლის თემატიკა მრავალფეროვანია და, პრაქტიკულად, აშშ-ის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს: ისტორია და პოლიტიკა, კულტურა, სოციალური საკითხები, ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, ფილოსოფია და განათლება, მედიცინა. მეცნიერების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია დოქტორანტებისა და მაგისტრანეტების საუკეთსო სტატიები. კრებული გათვალისწინებულია ამერიკის შესწავლის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის.
თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი უმაღლესი სკოლა, სადაც ამერიკანისტიკის მიმართულება ჩამოყალიბდა და დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. „ეს გამოცემა, რომელიც ქართველ და ამერიკელ მეცნიერებს აერთიანებს, საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს დაწყებული სოციოლოგიიდან, პოლიტიკის მეცნიერებიდან, დამთავრებული არქიტექტურით, მედიცინით. სტატიები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა და კარგია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება“, — განაცხადა თსუ-ის რექტორმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „საქართველოში აშშ-ის საელჩოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკის შესწავლის პროგრამას დიდი ხნის პარტნიორობის ისტორია აქვს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ახლო თანამშრომლობას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მის რექტორთან, ამ პროგრამის ხელმძღვანელებთან გვაკავშირებს და გვსურს ორივე მხარემ ერთად შევუწყოთ ხელი აშშ-ის წარმოჩენას საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მრავალი საინტერესო პროექტისა თუ ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები ვიქნებით“, — აღნიშნა კრისტოფერ ანდერსონმა.
გამოცემის მთავარი რედაქტორის, თსუ ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას თქმით, „წლევანდელი კრებული საკმაოდ უხვმოსავლიანია, მასში 61 სტატია არის წარმოდგენილი. კრებული კვლავ საერთაშორისოა. ამერიკელ ავტორებს ამჯერად პოლონელიც დაემატა. ვამაყობთ, რომ კრებულის თანარედაქტორი, ჩვენი დიდი სტენფორდის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი შელი ფიშერ ფიშკინია. იმედს გამოვთქვამ, რომ თსუ-ის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით მოვახერხებთ, რომ ჩვენს ყველა კრებულში და, ასევე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალოგიური ხასიათის კრებულებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ დაბეჭდილი ყველა სტატია ერთ წიგნში გაერთიანდება და გამოქვეყნდება. კრებული შინაარსითა და პოლიგრაფიული დონით მართლაც სანაქებო გამოვიდა და საწყენია, რომ იგი მხოლოდ თსუ-ის წიგნის მაღაზიაში გაიყიდება და ხელმისაწვდომი არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის, ისევე როგორც წინა კრებულები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამოცემა, რომელიც პანდემიის პირობებში, დისტანციურ რეჟიმში მომზადდა, ძალიან დიდი შრომის შედეგია და ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ავტორებსა და გამომცემლებს“, — აღნიშნა ვასილ კაჭარავამ.
„ჩვენს კრებულებს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ყოველი კრებულის გამოცემა იყო ნაბიჯი წინ... უკვე 20 წელიწადია, რაც ეს წიგნები გამოდის და წინამდებარე კრებული ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის. კარგია, რომ ამ კრებულის შედგენაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა. თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რომ ამერიკისმცოდნეობის ყველა მიმართულება წარმატებით ავითვისოთ. ამ დარგს დიდი პერსპექტივები აქვს და ის აქტუალურია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ქართველი ახალგაზრდებისთვისაც“, — განაცხადა თსუ-ის პროფესორმა ელენე მეძმარიაშვილმა.
კრებულში წარმოდგენილი ავტორების, დოქტორანტებისა და სტუდენტების მეცნიერული სტატიების დონეზე ისაუბრა კრებულის რედკოლეგიის წევრმა, ამერიკული ფილოსოფიის ცნობილმა სპეციალისტმა, პროფესორმა ანასტასია ზაქარიაძემ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდა მეცნიერების ნაშრომებს: „ამ კრებულში, პირველად, ჩვენი მიმართულების სტუდენტებმა გვაჯობეს პედაგოგებს საკითხის სიღრმისეული ცოდნით, პრობლემების დასმის სიმწვავითა და თემების მრავალფეროვნებით. ეს არის შედეგი იმისა, რომ „ამერიკისმცოდნეობის“ პროგრამა წარმატებით ხორციელდება.“
„ახალგაზრდა დოქტორანტებისათვის ასეთ სოლიდურ გამოცემაში ნაშრომის გამოქვეყნება პრესტიჟული და დიდი სტიმულის მომცემია, რომელიც მათ სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესს გაუძლიერებს და გაუღრმავებს. ასე რომ, ახალგაზრდების მოზიდვით დიდი საქმე გაკეთდა და იმედია, მათი ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება“, — განაცხადა რედკოლეგიის წევრმა, ამერიკული და ბრიტანული ლიტერატურის გამორჩეულმა სპეციალისტმა, პროფესორმა თემურ კობახიძემ.
პრეზენტაციაზე პროფესორმა ია ხუბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ 14 მარტს წინამდებარე კრებული წარმოდგენილი იქნება გაეროში ქართული საგამომცემლო სახლის პრეზენტაციაზე, როგორც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო ნიმუში, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი და საამაყოა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრებული, რომელიც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიერ მომზადდა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელი ავტორების სტატიებს აერთიანებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: აშშ-ის ადმინისტრაციების ეროვნული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის და საქართველოს მიმართ 1992-2002 წწ; ფილოსოფია ქართულ-ამერიკულ პარალელებში; თანმდევი პროცესები ამერიკელ და ქართველ ფემინისტთა მოძრაობაში; ქართველები ლათინურ ამერიკაში; აშშ-რუსეთის ურთიერთობები და მათი ასახვა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე და სხვა.
აი, რას ვკითხულობთ ისტორიის დოქტორის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თედო ჯაფარიძის რეცენზიაში: „კრებულში მაღალ მეცნიერულ დონეზე აღწერილი და გაანალიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის საშინაო და საგარეო ასპექტები, მათი ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი. ავტორების მიერ შემოთავაზებული სტატიების პალიტრა უთუოდ დაეხმარება მკითხველს, უფრო კარგად გაერკვიოს — თუ რას წარმოადგენს ე.წ. „ამერიკული ექსპერიმენტი“ და როგორ უნდა ხდებოდეს ამ ქვეყნის ისტორიის ცენტრალური ნარატივის არა მხოლოდ მეცნიერული შესწავლა, არამედ მისი ადაპტირება ქართულ რეალობაზე“.
რა თქმა უნდა, მსოფლიოს ლიდერი ქვეყნის გამოცდილების შესწავლასა და სათანადო გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნისთვის, რათა მან თავისი შესაფერისი, ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებს შორის.