ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, 1 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს — თანამშრომელ პროფესორთა შვილებსა და შვილიშვილებს თავი დაამახსოვროს იმით, რომ უნივერსიტეტის გაზეთში მათ შესახებ გაჩნდეს ჩანაწერი — დასამახსოვრებელი საბავშვო თავგადასავლები, ამბები და წარმატების მაგალითები. „პრესაში უკვე პოპულარული ხარ“ — ეტყვის დედა, მამა, ბაბუა ან ბებია პატარებს თუ მოზრდილებს და „ამ პოპულარობის“ ხიბლით, ვინ იცის, რა კაცები და ქალები დადგნენ... ასე რომ, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ჩვენ მათ უფლებას შევეხებით — წარმოჩნდნენ, როგორც ქართული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ჯაბა სამუშია გვიყვება: „სამი ვაჟი მყავს: ცოტნე სამუშია 13 წლისაა, თორნიკე სამუშია 11 წლის და დავით (დათა) სამუშია 6 წლის. ცოტნე გატაცებულია ტექნიკური საგნებით. ძალიან კარგად ეუფლება უცხო-ენებს. თორნიკე უფრო ჰუმანიტარული დარგებისკენ იხრება და თან ფეხბურთს თამაშობს. დათა საბავშო ბაღშია, თუმცა კვირაში ერთხელ სახლში გამოფენებს აწყობს, ხატავს. როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც, მთავარი „კამათის“ მიზეზი კომპიუტერია, რომელსაც სამივე ფანტასტიურად ფლობს და დიდ დროსაც კომპიუტერთან ატარებენ. ამიტომ, მთავარი „შეზღუდვები“ კომპიუტერს ეხება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მშობლებმა თავისი შვილებისთვის უნდა გააკეთონ, ეს არის ქვეყნის სიყვარულის გაღვივება. ქართველები თავისი კულტურით არც არავისზე მეტნი ვართ და არც არავისზე ნაკლები. ადამიანი საკუთარ თვითმყოფადობას არასდროს დაკარგავს, თუ ის მყარად დგას საკუთარ ფესვებზე. თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობ, ჩემს შვილებს სამშობლო დავათვალიერებინო, ამიტომაცაა, რომ ბევრს ვმოგზაურობთ. განსაკუთრებით ცოტნეს და თორნიკეს უყვართ ოჯახური „ექსკურსიები“, თითქმის მთელი საქართველო დათვალიერებული აქვთ“.