ნანა გაფრინდაშვილი
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
ასე არასოდეს არაფრის დაწერა გამჭირვებია... მინდა, ყველაფერი ვთქვა მასზე, როგორც მეცნიერზე, მეგობარზე, კოლეგაზე და ვთქვა ისე, როგორც მას ეკადრება, როგორც მას შეეფერება, როგორც მას მოეწონებოდა (თუ მოეწონებოდა საერთოდ ეს ჟანრი)...
ბოლოს რომ ვესაუბრე, უკვე საავადმყოფოში იწვა, თუმცა იმედითა და ოპტიმიზმით იყო აღსავსე... მეორე დღეს შინ დაბრუნებას გეგმავდა... ათასი თავისი გეგმა გამანდო, მონოგრაფიის დაწერა შემომთავაზა თანაავტორობით, სადღაც საერთაშორიო კონფერენციაზე მეპატიჟებოდა, ბევრიც ვიხუმრეთ, ვიცინეთ... მოკლედ, უბედურებას თითქოს არაფერი მოასწავებდა... იმ ღამეს კი დამძიმდა, ბევრი იწვალა, თითქმის მთელი თვე... ეს ჩვენი უკანასკნელი საუბარი აღმოჩნდა... სამწუხაროდ...
ჩვენი საუნივერსიტეტო ოჯახის გამორჩეულ წევრს, პროფესორ დავით გოცირიძეს ორიგინალური ხედვის, ფართო დიაპაზონის მქონე თვალსაჩინო ქართველ მეცნიერს დიდად აფასებდნენ და ანგარიშს უწევდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სლავისტები მისი ინტელექტის, გამოცდილების, უზადო პროფესიონალიზმის, არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებების გამო.
პროფესორი დავით გოცირიძე ჭეშმარიტი უნივერსიტეტელი იყო, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფილოლოგთა მრავალი თაობის აღმზრდელი, სლავისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თსუ აკადემიური საბჭოსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი, მრავალი უცხოური ავტორიტეტული სამეცნიერო-საგანმანათლებლო საზოგადოებისა თუ ორგანიზაციის წევრი, ჟურნალების რედაქტორი თუ სარედაქციო კოლეგიის წევრი...
ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა. ის ჩემი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომელმაც მალევე მიიქცია პროფესორთა ყურადღება. პერსპექტიულმა ყმაწვილმა ნამდვილად გაამართლა მათი იმედები და შთამბეჭდავ წარმატებებსაც მიაღწია.
მისი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები ბევრს ნიშნავდა როგორც ჩვენი ფაკულტეტისათვის, ასევე პირადად ჩემთვის. იგი იყო არაჩვეულებრივი მეგობარი, კოლეგა და თანამოაზრე, საიმედო დასაყრდენი და კეთილი მრჩეველი.
როგორც ყველა ნიჭიერ ადამიანს, მასაც გასაოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ყველას გვახსოვს, როგორ მოკრძალებით, უცნაურად ჩაიღიმებდა ხოლმე ულვაშებში, ვიდრე მორიგ ხუმრობას წამოიწყებდა. ყველას გულს უთბობდა მისი კეთილი, სრულიად უბოროტო იუმორი, რომლის დახმარებით ადვილად ახერხებდა ხოლმე დაძაბული სიტუაციის განმუხტვას და კონფლიქტურ სიტუაციას თვითონაც ირიდებდა და სხვასაც აარიდებდა თავიდან. მას შეეძლო მშვიდად, აუღელვებლად, კონსტრუქციულად და ეფექტიანად გადაეჭრა რთული ამოცანები, მიეღწია მაქსიმალური შედეგისათვის.
ზოგჯერ დათო ცოტა დაბნეულის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა, მაგრამ, თუ საჭირო იყო, ემოციური, ინტელექტუალური და ფიზიკური ძალების მობილიზების გასაოცარ მაგალითს იძლეოდა და როცა უკვე თითქმის დარწმუნებული იყავი, რომ საქმე ჩაუვარდა, შესანიშნავად გაართმევდა თავს ურთულეს ამოცანას და ყველაფერს მშვენივრად მოაგვარებდა.
ჩვენთვის ის ყოველთვის დარჩება ერთგული მეგობრისა და ჭეშმარიტი პროფესიონალის მაგალითად, რომელიც ყველას დაგვაკლდება; ყოველთვის გვემახსოვრება ყველაფერი, რაც მან გააკეთა დარგის პოზიციების გასაძლიერებლად და გასავითარებლად.
ბატონი დავით გოცირიძის გარდაცვალება ნამდვილად დიდი დანაკლისია არა მარტო მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგებისათვის, არამედ უნივერსიტეტისა და მთელი დარგისათვის.