თამარ ზარანდია,
იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი
– ყველა პირველკურსელს, განსაკუთრებით კი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელებს ვულოცავ სტუდენტობას! სასიხარულოა, რომ ამ სემესტრიდან ჩვენი სტუდენტები განახლებულ მეორე კორპუსში შეძლებენ სწავლას. იურიდიული ფაკულტეტი უკვე ასწლოვან ისტორიას ითვლის და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკადემიური ტრადიციების გათვალისწინებით, განათლების ბაზარზე მოთხოვნის, სწავლების ხარისხის, კურსდამთავრებულთა დასაქმებისა თუ სხვა მაჩვენებლებით იგი ლიდერია. გვახარებს, რომ ყველა მაჩვენებლით თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროგრამები ინარჩუნებს პირველ პოზიციებს სამართლის პროგრამებს შორის. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ჩვენს ფაკულტეტზე ჩაბარება არის რთული, მაგრამ სწავლა კიდევ უფრო რთულია, ამიტომ პირველკურსელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ბევრი შრომა მოუწევთ მომავალი წარმატებებისთვის.
იურიდიული ფაკულტეტი სამართლის პროგრამების სააკრედიტაციო პროცესისათვის ემზადება. სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გარე შეფასების მიზნით, ფაკულტეტს სტუმრობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები: პროფესორი ანა კლებე პელისიე და პროფესორი დოქტორი ხოსე მარია დე დიოს მარსერი (ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი). მათი რეკომენდაციების საფუძველზე ფაკულტეტმა გარკვეული ცვლილებები განახორციელა სამართლის პროგრამებში. გარე შეფასებები ძალიან პოზიტიური იყო. ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თსუ იურიდიული ფაკულტეტი ერთ-ერთი მაღალი დონის სამართლის სკოლაა ევროპული მასშტაბით.
იურიდიული ფაკულტეტისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი, რაც გამოიხატება პროგრამების განხორციელებაში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან (ძირითადად ევროპისა და ამერიკის წამყვანი იურიდიული სკოლებიდან) მაღალკვალიფიციური კადრების ჩართვაში. ამ მიმართულებით ფაკულტეტი არ ღალატობს ტრადიციას და მიმდინარე სემესტრშიც რამდენიმე უცხოენოვანი დისციპლინა იქნება სტუდენტებისთვის შეთავაზეული, როგორც სააუდიტორიო, ისევე დისტანციურ ფორმატში.
ფაკულტეტი აგრძელებს თანამშრომლობას ჰარვარდის სამართლის სკოლასთან და, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ფაკულტეტი საკუთარ სტუდენტებს კვლავ სრულიად უფასოდ სთავაზობს ერთობლივ სასერტიფიკატო კურსს საავტორო სამართალში.
მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტი გეგმავს არაერთ საინტერესო ღონისძიებას: კონფერენციებს, საჯარო ლექციებს. იგეგმება ახალი სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისათვის, მათ შორის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ახლად დაწესებული სტუდენტური სტიპენდია.
ჩვენი სტუდენტებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარე სემესტრისთვის სრულდება მეორე აკადემიური კორპუსის იურისტების ნაწილის რეაბილიტაცია. იურიდიულ ფაკულტეტს აქვს მოლოდინი, რომ ამ რეაბილიტაციის შემდეგ ფაკულტეტი შეძლებს გაიუმჯობესოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც და იმედია, წარსულს ჩაბარდება ისეთი პრობლემები, როგორიც არის სააუდიტორიო ფართის არარსებობა ან სიმცირე. გაიზრდება და უკეთ დაიგეგმება საბიბლიოთეკო სივრცე, შეიქმნება სტუდენტებისათვის რელევანტური საუნივერსიტეტო გარემო.
სასწავლო პროცესთან კავშირშია სტუდენტური ელექტრონული ბაზების საკითხი. ფაკულტეტს აქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე სემესტრში ექნება კვალიფიციური IT მხარდაჭერა, რაც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სტუდენტებს მიიღონ 21-ე სააუკუნის შესაბამისი საუნივერსიტეტო სერვისები, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის რეპუტაციისთვის.
ამასთან ერთად, უნივერსიტეტი და ფაკულტეტი მუდმივად უნდა ზრუნავდეს პროფესორების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ერთი მხრივ, იურიდიული ფაკულტეტი ამაყობს საკუთარი აკადემიური გუნდით, და მართლაც, ამ ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობაზე არიან პროფესორები, რომლებიც ქმნიან ქართულ იურისპრუდენციას, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებელია უნივერსიტეტმა და ფაკულტეტმა ერთობლივად განახორციელონ ისეთი ცვლილებები, რაც ფაკულტეტს მისცემს შესაძლებლობას ღირსეული ანაზღაურება და სოციალური დაცვის გარანტიები შესთავაზოს საკუთარ პროფესორს. აღნიშნული საკითხი თანხვედრაშია საუნივერსიტეტო მიზნებთან და უცხოელი ექსერტების მიერ უნივერსიტეტისთვის მიცემულ რეკომენდაციებთან, რომლის თანახმადაც უნდა შეიცვალოს ფაკულტეტისთვის ბიუჯეტის გამოყოფის პრინციპი. უნივერსიტეტი ფაკულტეტს უფრო მეტ თანხას უნდა აძლევდეს თავად ფაკულტეტის მიერ მოპოვებული თანხიდან. ცხადია, ყველა ფაკულტეტს უნდა ჰქონდეს მის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად შემოტანილი ფინანსების საშუალებით საკუთარი აკადემიური გუნდისა და ინფრასტრუქტურის ღირსეული განვითარების შესაძლებლობა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ სტუდენტებსა და პროფესორებს ახალ სასწავლო სემესტრს და ვუსურვებ წარმატებებს უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
* * *
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 2020/2021 სასწავლო წელს სტუდენტების გაორმაგებული რაოდენობა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაზე 2020 წლის მისაღები გამოცდების სქემა, სხვა უსდ პროგრამებთან შედარებით (არა მარტო თსუ, არამედ ქვეყნის მასშტაბით) უფრო მაღალი მოთხოვნების იყო. როგორც წინა წლებში, წელსაც სტუდენტებს სავალდებულო საგბნებად ჩასაბარებელი ჰქონდათ ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები და უცხო ენა, ხოლო არჩევით საგნებად — მათემატიკა და ისტორია.
80 პირველკურსელიდან 86% სახელმწიფო გრანტის მფლობელია, საიდანაც: 100% გრანტი მიიღო 17 სტუდენტმა; 70% — 18 სტუდენტმა და 50% — 34 სტუდენტმა.
ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა