ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში ZOOM-ის პლატფორმაზე ჟურნალის – „ქართული წყაროთმცოდნეობა XXII“ – წარდგენა შედგა. მიუხედავად ონლაინ ფორმატისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც კვლევითი და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მეცნიერები და პუბლიკაციათა ავტორები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები.
ღონისძიება გახსნა ჟურნალის რედაქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგემ, მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, თსუ-ის პროფესორმა მარიამ ჩხარტიშვილმა. მან მონაწილეებს მიულოცა ახალი ნომრის გამოსვლა და ხაზი გასუვა ჟურნალის მნიშვნელობას. ჩვენ გავესაუბრეთ ქალბატონ მარიამს, რომელმაც საინტერესო დეტალები გაგვანდო ჟურნალის დაარსების, განვითარების და უკვე 22-ე ტომის შესახებ.
– როგორია ჟურნალის დაარსებისა და შემდგოში განვითარების ისტორია?
– ჟურნალი „ქართული წყაროთმცოდნეობა“ არის ძალიან დიდი ტრადიციის სამეცნიერო ჟურნალი. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ქართულ სამეცნიერო სივრცეში ჰუმანიტარიის სფეროში ბევრი არ მოგვეპოვება ასეთი დიდი ისტორიის მქონე პერიოდული გამოცემა. „ქართული წყაროთმცოდნეობა“ დაფუძნდა 1965 წელს, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ერთი განყოფილების კრებული, რომელშიც თავიდან, უმთავრესად, ამ განყოფილების თანამშრომლების ნაშრომები იბეჭდებოდა. ტერმინი „წყაროთმცოდნეობა“ კი გაგებული იყო შედარებით ვიწროდ, როგორც მხოლოდ წერილობითი წყაროების შემსწავლელი მეცნიერება. შემდგომში გამოცემის ავტორთა წრე და სამეცნიერო პრობლემატიკა თანდათან გაფართოვდა. 2010 წლიდან „ქართული წყაროთმცოდნეობა“ ჟურნალად გადაკეთდა. ჩამოყალიბდა ახალი რედკოლეგია, შეიქმნა ახალი სარედაქციო პოლიტიკა და გამოიყო ახალი განყოფილებები. თავად ტერმინ „წყაროთმცოდნეობის“ გაგებაც შეიცვალა: მან მოიცვა ყველა ტიპის წყაროთა კვლევები. ჟურნალად გადაკეთების დროიდან მას რედაქტორობენ თსუ პროფესორები: გიული ალასანია და მარიამ ჩხარტიშვილი. 2019, 2020 წლის ნომრებს დამატებით ჰყავდა კიდევ ერთი რედაქტორი – ისტორიის დოქტორი ზურაბ თარგამაძე. ჟურნალად გადაკეთების შემდგომ შემუშავდა ყდის ახალი დიზაინიც, ის გახდა მუდმივი: ნომრების მიხედვით მხოლოდ გარეკანის ფერები იცვლება. ამით, ახალ შინაარსთან ერთად, ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, ჟურნალის ვიზუალური იდენტობაც. ეს იმიტომ, რომ რედკოლეგიას სურს შექმნას სამეცნიერო პროდუქტის სრულიად გამორჩეული ბრენდი. „ქართული წყაროთმცოდნეობა“ არის თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი პერიოდული გამოცემა და ყოველწლიურად გამოიცემა ერთი ნომერი.
– როგორც ჩანს, წლების მანძილზე იცვლებოდა და ვითარდებოდა ჟურნალი. დღეს რა მნიშვნელობა აქვს მას?
– სამეცნიერო მედიის გარეშე არ არსებობს მეცნიერება. რადგან მეცნიერება სხვა არაფერია, თუ არა იდეების მუდმივი გაცვლა. „ქართული წყაროთმცოდნეობა“ სწორედ ამის საშუალებას აძლევს მეცნიერებს: ისინი ჟურნალის საშუალებით ფართო სამეცნიერო საზოგადოებას თავიანთ აზრებს უზიარებენ. აქ საუბარია სამეცნიერო ეთიკაზეც, რაც ასე აქტუალურია დღეს. ჟურნალში არის არა მარტო კვლევითი სტატიების განყოფილება, არამედ წიგნების მიმოხილვა და სამეცნიერო მოვლენების ქრონიკა. მკვლევარს შეუძლია მოკლე კომენტარის სახითაც გამოხატოს აზრი. ჟურნალში პუბლიკაციებს აქვეყნებენ არა მარტო ისტორიკოსები, არამედ, ზოგადად, ჰუმანიტარიის წარმომადგენლები, აქვე ჟურნალი ახალისებს ინტერდისციპლინურ კვლევებსაც. უნდა ითქვას, რომ აქ ნაშრომებს აქვეყნებენ უცხოელი მკვლევრებიც. ჟურნალი, ფაქტობრივად, არის ამსახველი ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებისა, ამავე დროს, ის არის ამ განვითარების პროცესის კატალიზატორიც. ამგვარად, მნიშვნელობაც ნათელია. ჟურნალს აქვს ეს ორი მთავარი ფუნქცია: მეცნიერული პროცესების ასახვა და ამ პროცესების ხელშეწყობა.
– ჟურნალის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩანს მისი მიზანიც, თუმცა საინტერესოა დავაკონკრეტოთ, რა არის ჟურნალის ძირითადი მისია?
– ჟურნალის მისიაა, ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით ისტორიული და, ზოგადად, ჰუმანიტარული კვლევების განვითარებას, ასევე, ქართულ სინამდვილეში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესატყვისი მეცნიერების დამკვიდრებას. ამ მისიის განსახორციელებლად რედკოლეგია ძალისხმევას არ იშურებს: ცდილობს, ყოველწლიურად გააუმჯობესოს ჟურნალის ხარისხი, გახადოს ის უფრო ცნობადი, უფრო მიმზიდველი როგორც ავტორების, ისე მკითხველებისათვის.
– რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალი ახალგაზრდებისათვის და არიან თუ არა სტუდენტები ჩართული?
– ჟურნალი სამეცნიეროა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არაა ფართო მკითხველზე გათვლილი. მიუხედავად ამისა, ჟურნალი ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიკოს სტუდენტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყოველ წელს ტარდება ჟურნალის პრეზენტაციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო დამსწრეთა დიდი ნაწილი სტუდენტია. ყოველთვის მოუთმენლად ელიან სტუდენტები ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლას. ბევრი გვყავს ახალგაზრდა ავტორი (ასაკისა და პოზიციის მიხედვით შეზღუდვა არ არის ჩვენს ჟურნალში, მთავარია წარმოდგენილი ნაშრომის ხარისხი). ამასთან, ახალგაზრდები არიან რედკოლეგიის შემადგენლობაშიც. სამი მათგანი: ნატო სონღულაშვილი, ზურაბ თარგამაძე, სოფიო ქადაგიშვილი ჩვენი უნივერსიტეტის აღზრდილები გახლავთ. სამივე პირადად ჩემი დოქტორანტი იყო და ახლა თავად მოღვაწეობენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, როგორც ლექტორები. ისინი უკვე გადამწყვეტ როლს თამაშობენ ჟურნალის წარმატების საქმეში. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟურნალს მრავალმხრივი დამოკიდებულება აქვს ახალგაზრდობასთან: ახალგაზრდები მას კითხულობენ, ახალგაზრდები მასში სტატიებს ბეჭდავენ, ახალგაზრდები რედკოლეგიაში მუშაობენ და დიდი წვლილი შეაქვთ ჟურნალის მოდერნიზების საქმეში. ანუ, ჩვენი ჟურნალი ერთდროულად არის ქართულ სამეცნიერო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული და, ამავე დროს, ძალიან ახალგაზრდული ჟურნალი.
– ვინ იყო ჩართული ჟურნალის ამ ნომრის მომზადების პროცესში?
– ახალგაზრდების გარდა, რედკოლეგიაში წარმოდგენილია მკვლევართა უფროსი თაობა, დარგის აღიარებული სპეციალისტები: გონელი არახამია, ეკა კვაჭანტირაძე, ქეთევან ქუთათელიძე, დავით მერკვილაძე, გიორგი ჭეიშვილი. ჟურნალი, როგორც ვთქვი, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (დირექტორი გიორგი ჭეიშვილი) გამოცემას წარმოადგენს, რომელიც აფინანსებს ჟურნალის გამოცემას.
– როგორია „ქართული წყაროთმცოდნეობის“ 2020 წლის გამოშვება ანუ 22-ე ტომი?
– ტრადიციულად „ქართული წყაროთმცოდნეობა“ მოცულობითი გამოცემაა. რაც ჟურნალად გადაკეთდა, 300 გვერდზე ნაკლები არასოდეს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში მომზადდა, ახალი ნომერიც 300 გვერდზე მეტია. წელს ჟურნალში 19 კვლევითი სტატიაა; ასევე, არის ათეული მიმოხილვითი და საინფორმაციო სტატიაც. ჟურნალი, ტრადიციულად, იხსნება რედაქტორების მარიამ ჩხარტიშვილისა და გიული ალასანიას მიმართვით. წელს გამოყოფილია რამდენიმე განყოფილება: „ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები“; „თეორიული და ინტერდისციპლინური მიდგომები“, „წყაროთა წარდგინება“, „წიგნების მიმოხილვა“, „ქრონიკა“, „ხსოვნა“. ავტორები, როგორც ყოველთვის, არიან დარგის პროფესიონალები: ისტორიკოსები, წყაროთმცოდნეები, ეთნოლოგები, არქეოლოგები, ფილოლოგები. ისინი წარმოადგენენ თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, თავისუფალ უნივერსიტეტს.
– ვინ ესწრებოდა ახალი ნომრის პრეზენტაციას და როგორ შეფასდა ჟურნალი?
– ჟურნალის წარდგინება ყოველ წელს დიდი აუდიტორიის წინაშე ხდება, იბეჭდება მოსაწვევები, პლაკატები, ბანერი. წელსაც ჩატარდა პრეზენტაცია, ოღონდ ამჯერად ზუმის პლატფორმით. რა თქმა უნდა, დაიბეჭდა ბანერიც. ავტორებს, კურიერის საშუალებით, გადაეცემათ ჟურნალის ბეჭდური ვარიანტი და სამახსოვრო საჩუქრები. ზუმ-შეხვედრას ესწრებოდნენ რედკოლეგიის წევრები, ავტორები, სხვა ჟურნალების რედაქტორები, დაინტერესებული სპეციალისტები, სტუდენტები. წარმომადგენლობა ამჯერადაც იყო ძალიან ფართო: აქ იყვნენ მეცნიერები სხვადასხვა ქალაქების სასწავლო-სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებებიდან. სიტყვით გამოვიდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი; სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები ომარ არდაშელია და ლია ახალაძე; ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი ნუგზარ მგელაძე და, რა თქმა უნდა, რედკოლეგიის წევრები: ისტორიის დოქტორი ზურაბ თარგამაძე, ისტორიის მაგისტრი სოფიო ქადაგიშვილი, ისტორიის დოქტორი დავით მერკვილაძე, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვალერი ვაშაკიძე. ავტორებიდან სიტყვა წარმოთქვა ლადო მირიანაშვილმა. ასევე, სიტყვებით გამოვიდნენ ჟურნალების „ქრონოსისა“ და „სიენციას“ რედაქტორები ალექსანდრე თვარაძე და მანუჩარ გუნცაძე. სასიხარულოა ის, რომ გამომსვლელთა შორის იყვნენ სტუდენტებიც. ისინი მსჯელობდნენ კონკრეტულად „ქართულ წყაროთმცოდნეობაზე“ და, საზოგადოდ, სამეცნიერო მედიის მომავალზე საქართველოში. ახალი ნომერი და, საზოგადოდ, ჟურნალის რედკოლეგიის მუშაობა შეფასდა უაღრესად დადებითად. სხდომა შეაჯამა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჭეიშვილმა. მან სამეცნიერო საზოგადოებას მიულოცა ახალი საინტერესო ნომრის გამოსვლა და რედკოლეგიას მომავალშიც ყოველმხრივი ხელშეწყობა აღუთქვა.
– პრეზენტაციაზეც დაანონსდა სიახლეები ჟურნალის ახალ ნომერთან დაკავშირებით. რა იგეგმება სამომავლოდ და როდის დაიწყება ახალ ნომერზე მუშაობა?
– ჟურნალი დღეს არის ნამდვილად საერთო ეროვნული მასშტაბის გამოცემა. ანუ „ქართული წყაროთმცოდნეობა“ არ იფარგლება თბილისში არსებული სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, არამედ აქვს ძალიან ხანგრძლივი და ინტენსიური თანამშრომლობა მეცნიერებთან რეგიონებში. ამ მიმართულებით ის კიდევ უფრო გაზრდის მუშაობას. ასევე, გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო მასშტაბითაც. ყველა სტატიას აქვს რეზიუმე ინგლისურად და იბეჭდება სტატიები ინგლისურადაც. მუშაობა პრაქტიკულად არ წყდება. ახალი ნომრისთვის მასალების ნაწილი უკვე მიღებული გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სპეციალური მიმართვა სტატიების მიღებაზე არც დაგვიგზავნია. ნაშრომის წარმოდგენა ავტორებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. მაისამდე წარმოდგენილი მასალა დაიბეჭდება იმავე წელს, მაისის შემდეგ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნდება მომდევნო წელს. დაბეჭდვამდე სტატიები გადის რეცენზირების შრომატევად პროცესს. იგეგმება კონკრეტული ნაბიჯები აღიარებულ სამეცნიერო ბაზებში ჟურნალის ჩასართველად, რათა ჟურნალი უფრო ხილვადი გახდეს მსოფლიო მასშტაბით.
მოამზადეს: მაია ტორაძემ
ლიანა მარქარიანმა