ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გაიხსნა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „გლობალური პროფესიული უნარები — ლიდერობა და დასაქმების შესაძლებლობები”. აღნიშნული უნივერსიტეტების გარდა, სკოლის მუშაობაში მონაწილეობენ ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტისა და თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
აღნიშნული საზაფხულო სკოლა უკვე მეხუთედ ტარდება. 2017 და 2018 წლებში მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა, მაშინ მრავლად გვესტუმრნენ გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. 2016 და 2019 წლებში სკოლა ბაქოში ჩატარდა, სადაც ასევე თსუ-ის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. 2020 წელს, გლობალური პანდემიის გამო, პირველად საზაფხულო სკოლა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიხსნა.
დღიდან დაარსებისა, პროექტის საერთო ხელმძღვანელია გერმანელი პროფესორი მაგდალენა შტულბი, თანახელმძღვანელები — პროფესორი გაბრიელა ვოლფი და სვენ ბინდერი. თეორიულ მეცადინეობებს უძღვებიან გერმანელი, ქართველი და აზერბაიჯანელი პროფესორები და მოწვეული პედაგოგები. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობენ თამარ კბილაძე და სოფიკო ჯვარშეიშვილი.
საზაფხულო სკოლის პროგრამით გათვალისწინებულია არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მეცადინეობებიც. ამ მიზნით, სამივე მონაწილე ქვეყანაში წინასწარ შეირჩა ბიზნეს კომპანიები ჯანდაცვის, სპორტისა და მრეწველობის სფეროდან. საქართველოს მხრიდან საზაფხულო სკოლის პროექტის პარტნიორები გახდნენ: სტომატოლოგიური კლინიკა „მედი დენტ პლუსი” (დირექტორი თამარ დოლიძე); საფეხბურთო კლუბი „საბურთალო” (პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი), საქართველო-ისრაელის ერთობლივი კომპანია „ბარ ლევ ჯგუფი” (გენერალური დირექტორი აჰარონ გაგულაშვილი), რომელიც წარმატებითაა დასაქმებული საქართველოში მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და განვითარების საქმეში.
ანუკა ქინქლაძე, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, საზაფხულო სკოლის მონაწილე: — „საერთაშორისო საზაფხულო სკოლა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან გაიცნონ ერთმანეთი, ერთმანეთის კულტურა და წეს-ჩვეულებები. პროექტი საკმაოდ ინტერაქციული და ნაყოფიერია. მიუხედავად იმისა, რომ წელს სკოლა დისტანციურ რეჟიმში ტარდება, ვფიქრობ, თითოეულმა მონაწილემ ძალიან მაღალ დონეზე შეძლო როგორც საკუთარი თავის, ისე უნივერსიტეტისა და თავისი ქვეყნის წარმოჩენა. პროექტის მთავარ თემას წარმოადგენს გლობალური სამუშაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რაც მეტად აქტუალური და საინტერესო საკითხია თითოეული სტუდენტისთვის. თითოეული შეხვედრა არის საკმაოდ ნაყოფიერი და ინფორმატიული, აქტიურად ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და, რაც მთავარია, პროექტი მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს — ჩვენი საზაფხულო კვლევა უფრო სრულყოფილი გავხადოთ. გარდა ამისა, ეს პროგრამა გვეხმარება უამრავი თვისებისა და უნარის დახვეწაში, როგორიცაა კომუნიკაციის, პრეზენტაციის, გუნდური მუშაობის და სხვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ორგანიზატორსა და მონაწილეს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებისათვის”.
ლუკა კანკაძე, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, საზაფხულო სკოლის მონაწილე: — „კავკასიის საზაფხულო სკოლა ნამდვილად უნიკალური პროექტია, რომელიც წლებია ხორციელდება და ხელს უწყობს ქართველი, გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მრავალმხრივ დაახლოებას. ყოველდღიურად გვიტარდება სემინარები, ვმუშაობთ სხვადასხვა საინტერესო პროექტზე, შეხვედრების დროს აქტიურად ვმსჯელობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უმუშევრობა, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევები და ასე შემდეგ. ყველაზე უჩვეულო ის არის, რომ წელს საზაფხულო სკოლის სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, რაც მას საკმაოდ განსაკუთრებულს ხდის. სტუდენტები და საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები წარმატებით ვახერხებთ გავაძლიეროთ მეგობრული ატმოსფერო ვირტუალურ სივრცეშიც კი. ამ დღეების განმავლობაში მიღებული საერთაშორისო გამოცდილება და ახალი სოციალური კავშირები დამეხმარება მომავალი „Erasmus +”- ის გაცვლითი სემესტრი უფრო ნაყოფიერად გავატარო კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში”.
საზახულო სკოლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები. მომავალი წლისთვის, ასევე, იგეგმება ტრადიციის გაგრძელება და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
უჩა გოგრიჭიანი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის კოორდინატორი,
თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი