გვესაუბრება თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ენუქიძე
უმრავლესობას სასწავლო პროცესში ჩართვისას პრობლემები არ შექმნია — ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ენუქიძე. „ფაკულტეტებმა შეიმუშავეს და აკადემიურმა საბჭომ დაადგინა ელექტრონული სწავლების წესი. ყველა ფაკულტეტმა შეიტანა ცვლილებები სტუდენტის შეფასების სისტემაში. ძირითადად, სწავლება ხორციელდება პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. ლექციები ტარდება შეუფერხებლად. სტუდენტებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ უმრავლესობას სასწავლო პროცესში ჩართვისას პრობლემები არ შექმნია. თუმცა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სტუდენტი სოფელში იყო წასული და ინტერნეტის არასაკმარისი სიხშირის გამო ლექციაზე დასწრებას ვერ ახერხებდა. მსგავსი ტექნიკური ხასიათის ხარვეზი დაფიქსირდა, თუმცა, სხვა მხრივ სასწავლო პროცესი მართულად მიმდინარეობს. შეფასების წესში თითოეულმა ფაკულტეტმა, დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიტანა ცვლილებები (ფაკულტეტების დეკანები უფრო დაწვრილებით გასცემენ ამ კითხვას პასუხს). ფინალურ გამოცდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. ეს დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. თსუ-ში არის რიგი საკითხებისა, რაზეც გადაწყვეტილება ეტაპობრივად მიიღება“, — განაცხადა ეკა ენუქიძემ.
როგორ მუშაობს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი დისტანციურად?
„დისტანციურ რეჟიმში ჩვეულებრივად ვმუშაობთ. მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული საქმის წარმოება დაფუძნდა, განცხადებები კანცელარიის ელ-ფოსტაზე მიიღება/ტარდება, შემდეგ შემოდის ჩვენთან და თანამშრომლებს შორის ნაწილდება. მუშაობისას არანაირი შეფერხება არ გვაქვს. როდესაც სტუდენტს სჭირდება ცნობის დამოწმება ცოცხალი ხელმოწერით (ეს იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ სჭირდება წარსადგენად და ეპიდემიის პერიოდში ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა გვქონდა), მივდივარ უნივერსიტეტში და ცნობას ხელს ვაწერ. ჩვენი დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ ყველა ფუნქციას შეუფერხებლად ვახორციელებთ“, — აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ენუქიძე. ჩვენს შეკითხვაზე — ახალი სასწავლო წლიდან პირველკურსელთა მიღების თვალსაზრისით ხომ არ ელოდებით რაიმე შეფერხებას, ეკა ენუქიძე გვპასუხობს: — „ყველაფერი დამოკიდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაზე. თუ ყველაფერი შეუფერხებლად ჩაივლის, მიღება ჩვეულებრივად განხორციელდება“.
სტატია მოამზადა ნატა ობოლაძემ