მაია ტორაძე
პოპულარულ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ არასოდეს უგრძვნია, რომ ეს მისთვის პრივილეგია იყო — ოჯახმა გადაწყვიტა ასე, როცა შვილებს ცხოვრების ის წესი შესთავაზა, როგორითაც მის გარშემო სხვები ცხოვრობდნენ — ბუნებრივი, ჯანსაღი ურთიერთობები, თავმდაბლობა და შრომისადმი სიყვარული ის ღირებულებებია, რომელსაც მუდმივად უნერგავდნენ. თავად ამბობს, რომ ირმა სოხაძის და რეზო ასათიანის შვილობა ბედნიერებაა, მაგრამ არა გამორჩეულობის ნიშანი, „ვიღაცის დედა გაკვეთილს ატარებს, ვიღაცისა — ლექციას, ვიღაც კარგი ექიმია, დედაჩემი კი, ისე, როგორც მამა და ბაბუა, არაჩვეულებრივად მღერის. ამაში განსაკუთრებული არაფერია, ამ გარემოში გავიზარდე და მუდმივად მესმოდა, რომ მათი მიღწევა მათი მიღწევაა, ხოლო მე და ჩემს დას თავად უნდა გაგვეკვალა გზა. ასეც მოხდა. მე არ დამიმთავრებია კერძო სკოლა, საჯარო სკოლაში დავდიოდი და ვიყავი ჩვეულებრივი მოსწავლე. ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე სწორედ ამ გარემოებამ მოახდინა დიდი გავლენა. სხვათა შორის, ჩემი შვილებიც საჯარო სკოლაში დადიან და ვფიქრობ, ამ კუთხით სწორი არჩევანი გავაკეთე“, — ასე აღწერს თავის გაკვალულ გზას ნატა ასათიანი, რომელმაც პროფესიაც ისე აირჩია, რომ არც დედის და არც მამის სპეციალობას გავლენა არ მოუხდენია. „ცოტა ჩემი უფროსი და დამეხმარა — ის უკვე იმ ასაკში იყო, რომ შეეძლო რჩევა მოეცა და ერთად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ფსიქოლოგია შემესწავლა“, — გვითხრა ნატამ.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. მაგისტრატურა კი უკვე პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტში (UNYP) სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით აირჩია და დღემდე ამ სეგმენტს ემსახურება. მის სამსახურებრივ გამოცდილებაში ჩაიწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, თსუ რექტორის კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიეთობის საკითხებში, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი... მშობლიური უნივერსიტეტის პროფესორობისთვის, ალბათ, ჯერ ემზადება, რამეთუ წელს პროფესორ მზია წერეთლის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ბულინგის ფსიქოლოგიური ბუნება და მისი განმაპირობებელი ფაქტორები (საქართველოში მცხოვრები მოზარდების მაგალითზე)“.
სადისერტაციო თემა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ნატა ასათიანი ტელეეკრანის ხშირი სტუმარი გახდა – ბულინგი თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სისტემის ერთ–ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა და, ბუნებრივია, მისი გადაჭრის გზებით მედიაც ინტერესდება.
გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტიც“ ამით დაინტერესდა – რატომ გადაწყვიტა ამ თემაზე მუშაობა და რა რეკომენდაციებს გასცემდა სკოლებისა და, ზოგადად, საზოგადოებისთვის.
— ნატა, რატომ აირჩიეთ საკვლევად ბულინგის თემა, რამ გამოიწვია ამ პრობლემისადმი სამეცნიერო ინტერესი?
— მოგეხსენებათ, საკმაო ხანი ვიმუშავე განათლების და მეცნიერების სამინისტროში, სადაც ცხადად დავინახე, რომ ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის თუ ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით, ფუჭი და წყალში გადაყრილი იყო მაშინ, როცა სკოლებში არსებობდა ძალადობისა და ბულინგის გახშირებული ფაქტები.
მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არც დღეს არიან და არც მაშინ იყვნენ გულგრილნი ბულინგის თემისადმი, ეს პრობლემა მაინც პრობლემად რჩებოდა და წერტილოვანი მცდელობები, ვთქვათ, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, რომელსაც ძლიერი ცენტრალური სკოლები პროექტების სახით ახორციელებდნენ, არ იყო საკმარისი – სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდებოდა. რა პერიოდიც ვიმუშავე განათლების სამინისტროში, კვირა არ გავიდოდა, რომ ბულინგის შემთხვევა არ ყოფილიყო რომელიმე სკოლაში. ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს სკოლის ჰარმონიული ცხოვრება მთლიანად ირღვევა. ჩემთვის კატალიზატორი, რომ მეცნიერული თვალსაზრისით მეკვლია ქცევის ეს ფენომენი, იყო ხორავას ქუჩის ტრაგედია, რომელსაც ბულინგის რამდენიმე შემთხვევა უსწრებდა წინ.
— რა იყო კვლევის მიზანი და რა მეთოდებით იკვლიეთ საკითხი?
— პირველ რიგში, დავინტერესდი, რა არის ასეთი შემთხვევების ფსიქოლოგიური მექანიზმი და რა უძღვის წინ ამ ქცევას. ჩვენ გვყავს კვალიფიციური ფსიქოლოგები, მკვლევრები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ბულინგის პრობლემაზე მუშაობენ, მაგრამ ქართულ ენაზე სამეცნიერო ლიტერატურა ძალიან ცოტაა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი წვლილი შემეტანა და კვლევის სახით შემეთავაზებინა სისტემისთვის გარკვეული თეორიები და რეკომენდაციები.
ბულინგის მექანიზმის კვლევისთვის ძალიან ბევრი თეორია არსებობს, რომელიც გამოგვადგებოდა, იქნება ეს ქცევის მოდელირება თუ სხვა, მაგრამ მე ჩემი თემის ხელმძღვანელთან ერთად გადავწყვიტე, რომ კვლევის პლატფორმად გამომეყენებინა ქართული ფსიქოლოგიური სკოლა და ისეთი თვითმყოფადი თეორია, როგორიც გახლავთ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია.
აქედან გამომდინარე, ჩვენ დავუშვით, რომ განწყობა არის მექანიზმი, რომელზეც შეგვიძლია მოვახდინოთ გავლენა და ასეთი ფორმით ვმართოთ ბულინგის შემთხვევები.
ჩვენი საკვლევი ჰიპოთეზა დაახლოებით ასე ჩამოყალიბდა: თუ გარემო არის კეთილგანწყობილი და საიმედო, აგრესია, თუნდაც ის არსებობდეს მოსწავლეებში, არ გადაიზრდება ბულინგში და მსგავს ქცევაში. ამ შემთხვევაში ჩვენ მნიშვნელოვან ცვლადად შემოვიტანეთ გარემო და ვთქვით, რომ თუ მოსწავლე აღიქვამს კეთილგანწყობილ გარემოს მის ირგვლივ, თუ იცის, რომ მას ყოველთვის მეგობრულად მიუდგებიან და მასწავლებელი გვერდში დაუდგება, ის აღარაა მოწყვლადი და არ გახდება მსხვერპლი.
კვლევის შედეგად დადასტურდა კიდეც, რომ გარემოს შეუძლია დიდი ზემოქმედება მოახდინოს, მათ შორის, ბულერის ანუ აგრესორის განწყობაზეც და საბოლოო ჯამში აგრესია ვერ გამოვლინდება.
— აპირებთ თუ არა ამ მნიშვნელოვანი კვლევის გაცნობას სკოლებისთვის?
— დიახ, ვაპირებ. ფაკულტეტის დახმარებით ჩემი ნაშრომი წიგნად დაიბეჭდება და გადაწყვეტილი მაქვს, რომ შედეგები გავაცნო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების და სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე სასკოლო საზოგადოებასაც. კვლევა და სისტემური მიდგომა არის საჭირო იმისთვის, რომ პრობლემას ეშველოს.
— მოგეხსენებათ, სწორედ ამ გარემოს შექმნას სჭირდება პედაგოგების დიდი ძალისხმევა, რადგან მათზეა დამოკიდებული, რამდენად ემპათიური იქნება მოსწავლის გარემოცვა. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა ჩაერთოს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მასწავლებელი?
– მასწავლებელი არის ამ ყველაფერში მთავარი რგოლი. ძალიან ბევრმა ქარტეხილმა გადაიარა ჩვენი მასწავლებლების თავზე და ამ ფონზე სწორედ ისინი არიან მთავარი მოქმედი პირები სასკოლო კლიმატის ჩამოყალიბების ნაწილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. სანამ მათ ვალდებულებებზე ვისაუბრებთ, აქვე უნდა ვთქვა, რომ ყველა ცვლილება მათ შეეხოთ — სისტემა არსებულ მასწავლებლებს ხან კვალიფიკაციას უწუნებდა, ხან გამოცდებს აბარებინებდა, ხან ტრენინგების ციკლს უტარებდა, რამაც დაგვანახა, რომ არ მოიტანა შედეგი და ეს იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში მასწავლებლის მომზადების ციკლი არ არის აწყობილი. ჯერ მომზადების სისტემა უნდა აეწყოს და შემდეგ ვიფიქროთ გადამზადებაზე (ტრენინგებზე და პროფესიულ განვითარებაზე). რეალური რეფორმა უნდა იწყებოდეს არა სკოლაში, არამედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც მოამზადებენ პედაგოგს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ზრუნავდეს სისტემა მის პროფესიულ განვითარებაზე. შესაბამისად, მთავარი აქცენტი არა არსებული პედაგოგების გადამზადებაზე, არამედ სისტემაში ახალი, მომზადებული კადრების შეშვებაზე უნდა გაკეთდეს. ძალიან კარგი იდეაა ორი კვალიფიკაციის მინიჭებელი პროგრამების არსებობა, რაც ცალკეული დარგის სპეციალისტებს მასწავლებლობის შესაძლებლობასაც მისცემს. თსუ უკვე შევიდა ამ ინიციატივით პარლამენტში და ველოდებით დადებით გადაწვეტას.
ამ ყველაფერზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მასწავლებელი სწორედ ამ პოზიტიური სასკოლო კლიმატის ფორმირების თვალსაზრისით მთავარი დასაყრდენია. დღეს განათლება აღარ განიხილება მხოლოდ ცოდნის გადაცემად, დღეს განათლების ქვეშ მოვიაზრებთ მოსწავლის (მთლიანობით) ჰოლისტურ განვითარებას, ეს კი პრაქტიკულად მიუღწეველია, როცა მოსწავლეს არ ვუქმნით კეთილგანწყობილ, მშვიდ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს და არ ვახვედრებთ სკოლაში კვალიფიციურ პედაგოგს.
რა უნდა გაკეთდეს სკოლებში ბულინგთან ბრძოლის თვალსაზრისით? სკოლაში უნდა არსებობდეს კონკრეტული მექანიზმი. უფრო სწორად, როდესაც ბულინგზე გვაქვს საუბარი, სკოლამ რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს: ერთი არის ის, რომ უნდა არსებობდეს კონკრეტული გზამკვლევი, ჩამონათვალი იმ აქტივობებისა, რასაც მისდევს სკოლა. თუ ბულინგის ფაქტი გამომჟღავნდა, ეს დოკუმენტი უნდა იყოს ყველას მიერ გაზიარებული. მასწავლებელმა, დირექციამ, მოსწავლემ და მშობელმაც უნდა იცოდეს ამ გზამკვლევის თაობაზე.
რაში გვეხმარება ეს? ერთი მხრივ, იცავს პოტენციურ მსხვერპლს და მეორე მხრივ, აფრთხილებს პოტენციურ მოძალადეს – პოტენციურმა მსხვერპლმა იცის, რა ნაბიჯები გადაიდგმება, თუ ის გახდება მსხვერპლი და მოძალადემაც იცის, რომ საკუთარ ქცევაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება. როდესაც ასე გარკვეულია ურთიერთობები, უფრო ნაკლები შანსია ბულინგის შემთხვევების და ეს აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სკოლამ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ასეთი პრაქტიკა: არსებობს მედიატორის პოზიცია, რომელსაც იკავებს კვლიფიციური ადამიანი. ეს შეიძლება იყოს განვითარების ფსიქოლოგი, ბავშვთა ფსიქოლოგი ან კონფლიქტებზე ორიენტირებული კონსულტანტი, რომელმაც იცის, თუ როგორ ჩაერიოს ბულინგის საკითხში. ბულინგი ხომ სოციალური ქცევაა? ამიტომ არასდროს უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ურთიერთობაში ერთი მოძალადე ან ერთი მსხვერპლია. მათ აუცილებლად ჰყავთ ე.წ. „დამკვირვებლები“ – ჩართულები ან ნაკლებად ჩართულები პროცესში. დამკვირვებელი შეიძლება არ ერთვებოდეს ამ პროცესში, მაგრამ გულგრილობით და პასიურობით პოზიციას მაინც აფიქსირებს. ამდენად, ეს კომპლექსური საკითხია და ასეთივე კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, რაზეც ზრუნვაც უნდა დაიწყოს.
— რა ადგილი უჭირავს ამ პროცესში მშობელს, რამდენადაა მყარი დღეს მშობლის და სკოლის კავშირები?
— ბავშვთა შორის დაპირისპირების დროს ხშირად გაგვიგია მშობლებისგანაც და მასწავლებლებისგანაც – „ბავშვები არიან და თავად გაარკვევენ“, „ვის არ უჩხუბია“, „მერე რა მოხდა“ და ა.შ. ამით იწყება ძალიან ბევრი ტრაგედია.
დღეს აბსოლუტურად მორღვეულია მშობლების განათლება. ზოგადად, მშობლების პედაგოგიზაცია კიდევ ცალკე მიმართულებაა, რომელზეც სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. აი, ახლაც, პანდემიამ ცხადად გვაჩვენა, რომ მშობლები არ ვიყავით მზად, რომ აგვეღო ხელში ჩვენი შვილების სწავლების პროცესი. ამასთან, არც ის ვიცით, როგორ დავუჭიროთ ემოციურად მათ მხარი, ამას არავინ გვასწავლის. ჩემს ოჯახშიც ხშირად გამიგია ჩემი შვილების მისამართით მათი ბებია-ბაბუებისგან გასროლილი ფრაზა, რომელსაც არ ვუფიქრდებით: „გოგო ხომ არ ხარ, რა გატირებს?!“. ამგვარი დამოკიდებულებით, ჩვენდაუნებურად, კიდევ უფრო ვაღრმავებთ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც გამოსასწრებელი და მოსაშორებელია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი და ჩამოვყალიბდეთ რაღაც ღირებულებებზე.
მესამე მექანიზმი ბულინგთან ბრძოლისა არის ის (თუმცა ესეც საყოველთაო უნდა იყოს და არა წერტილოვანი), რომ ცენტრალიზებულად უნდა დაიგეგმოს ცნობიერების ასამაღლებელი გრძელვადიანი და ქმედითი კამპანია ბულინგთან მიმართებაში. ყველა რგოლმა უნდა გაიგოს, რომ ეს არის სამარცხვინო ქცევა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ. ამის უზრუნველყოფა ძალიან მარტივია, უბრალოდ, ამ პრობლემისადმი თვალის გასწორება და მუშაობაა საჭირო.
— შვილები ახსენეთ და... თავად თუ ცდილობთ, ამგვარი ღირებულებები ჩაუნერგოთ შვილებს?
— სულ ის განცდა მაქვს, რომ მე არ ვარ ისეთი დედა, როგორიც მინდა, ვიყო. ვერ გეტყვით ნამდვილად, რომ რაღაცებს სხვა დედებისგან უკეთესად და გამორჩეულად ვაკეთებ. მეც საკუთარი ეჭვები მაქვს და ვფიქრობ, რაღაცებს უკეთესად უნდა ვაკეთებდე. ოღონდ, ვცდილობ, რომ მეტად ემპათიური და გამგები ვიყო, ეს ხან გამოგვდის, ხან – არა. ამ დროს უნდა დაგვეხმაროს სკოლა.
— თქვენი საუბრიდან გამომდინარე, სკოლამ ცოდნის გადაცემაზე მეტი რამ უნდა აიღოს თავის თავზე. მაინც, ვინ უნდა აღზარდოს განათლების ამ საფეხურმა – ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც სწავლას უნივერსიტეტში გააგრძელებს თუ ადამიანი, რომელსაც სწორი ღირებულებები ექნება?
— განათლების სისტემამ, სკოლამაც და უნივერსიტეტმაც, პირველ რიგში, მოქალაქე უნდა აღზარდოს — აკადემიური განათლება და აღზრდა ერთი მთლიანის ორ განუყოფელ კომპონენტად უნდა წარმოვიდგინოთ. ჩვენი ლიტერატურა, ისტორია სწორად გააზრების შემთხვევაში იძლევა ღირებულებებზე დაფიქრების საშუალებას და შესაბამისად, ყველა საგანი ამას უნდა ემსახურებოდეს.
— პატრიოტული გრძნობებიც სკოლამ უნდა აღძრას? ბოლო დროს რაღაცნაირად საქილიკო გახდა ეს სიტყვაც და ქართული ტრადიციებიც...
— სკოლას და მით უმეტეს უმაღლეს სასწავლებლებს, ზოგადად, მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებათ იმ თვალსაზრისით, რომ იმართებოდეს დისკუსიები, მიმდინარეობდეს ანალიზი საქართველოს ისტორიის, აწმყოს, მისი ტრადიციების თუ იდენტობის ფორმირების პროცესების შესახებ. ეს რთული და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არ უნდა იყოს სტატიკური, ისინი ფიქრს და განსჯას საჭიროებს. დიდი როლი აქვს მედიასაც — ჩვენში რიგმა მედიასაშუალებებმა განაპირობეს ის, რომ პატრიოტიზმი დღეს გაშარჟებული ფორმითაა წარმოდგენილი. ტოკ-შოუებში რეიტინგის აწევის მიზნით დამკვიდრდა ტენდენცია, როცა გვაჩვენებენ ორ რადიკალურ პოლუსს, რომელიც ხშირად წარმოსახვითია და არ ასახავს საქართველოს საზოგადოების რეალობას და მრავალფეროვნებას. „ტრადიციების დამცველებად“ ხშირად გვევლინებიან საეჭვო წარსულის და ღირებულებების მქონე პირები, ხოლო მათ მოწინააღმდეგეებად, ასე ვთქვათ, „წინ წასულებად“, თუ „თანამედროვეებად“ მიჩნეულები, ვისთანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს ვერ აიგივებს. დისკუსია შეუძლებელი ხდება, ყველაფერი ხმამაღალი, ემოციური ფრაზებით და ყვირილით გადაიფარება ხოლმე. და ეს, მათ შორის, იწვევს იმასაც, რომ „პატრიოტიზმი“ და „ტრადიცია“არასწორადაა აღქმული. დისკუსია და განსჯა სწორედ იმის შესახებაა საჭირო, თუ რას ნიშნავს ტრადიცია, როგორია საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის დამკვიდრებული ყოფა, თანაცხოვრება, ღირებულებები თუ რიტუალები, რა განსაზღვრავს ჩვენს კოლექტიურ იდენტობას. და ამაში როგორც სასწავლო დაწესებულებებმა, ისე მედიამ და მთელმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
– პანდემიის პერიოდმა უარყოფითთან ერთად რაღაც დადებითიც მოიტანა – ზოგმა ახალი ნიჭი აღმოაჩინა საკუთარ თავში, ზოგმაც დაწყებული და დაუსრულებელი საქმეები მიიყვანა ბოლომდე. თქვენ, როგორ ჩანს, მეორე ჯგუფს განეკუთვნებით, რადგან დისერტაციასთან ერთად კიდევ ერთი კარგი და საშური საქმე გააკეთეთ – გამოსაცემად მოამზადეთ წიგნი „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“...
– ზოგადად ერთ ადგილას ვერ ვჩერდები და არ შემიძლია იმის განცდა, რომ არაფერს ვაკეთებ. ეს წიგნიც ერთგვარი მიზანი იყო ჩემთვის – რადგან პანდემიაა და აქტიური ცხოვრება უცებ ძალიან პასიური გახდა, მინდოდა, დამესრულებინა ჩემი სადოქტორო ნაშრომი და დამეცვა დროულად. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ მრავალი წელია ვასწავლი საჯარო გამოსვლის ხელოვნებას, სურვილი მქონდა, ლექციები შემეკრა სახელმძღვანელოდ. ძალიან ბევრი ვიშრომე და ეს შრომა ჩემთვის ერთი დიდი სიამოვნება იყო. იმდენად მიყვარს ის, რაც დავწერე, რომ, პირიქით, მომენატრა კიდეც ეს პერიოდი.
რაც შეეხება გამოცემას, ჩემმა მეგობარმა შემაგულიანა, რომ წიგნი გამეგზავნა პალიტრა L-სთვის, რომელიც წიგნების ერთ-ერთი მსხვილი გამომცემელია და აქვს ხაზი „ლურჯი ოკეანე“, რომელიც ცნობილ ან მნიშვნელოვან ბიზნეს–ლიტერატურას ბეჭდავს. პირველი ორი თავი რომ გავგზავნე, მათგან ძალიან დადებითი გამოხმაურება მივიღე და ამან მომცა მოტივაცია, ბოლომდე მიმეყვანა საქმე. ახლა დიზაინიც მზად არის, უკვე დაკაბადონებულია და ველოდები, რომ გამოსცემენ და სექტემბრისთვის ჩემი სახელმძღვანელოთი ვასწავლი სტუდენტებს.