ნატო ობოლაძე
თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები კვლევით პროექტზე — „ხანგრძლივი ფსიქო-სოციალური სტრესის გავლენის შესწავლა ჰიპოკამსა და თავის ტვინის ქერქში კალციუმის რაოდენობრივი ცვლილების ხასიათზე“ — მუშაობენ. პროექტის მიზანს ფსიქო-ემოციური სტრესის მოდელში თავის ტვინის ზოგიერთ უბანში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგი და მათი დახასიათება წარმოადგენს, რაც ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე სოციალური იზოლაციის ზემოქმედების უკეთ წარმოჩენის საშუალებას იძლევა.
სტრესის — ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხი გარეგან ცვლილებაზე და მისი მოქმედების ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.
„დადგენილია, რომ ხანგრძლივი სოციალური იზოლაციით გამოწვეული ფსიქო-ემოციური სტრესი მიმდინარეობს სხვადასხვა მეტაბოლური გზების ცვლილებების ფონზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მეხსიერებასა და დასწავლაზე, ასევე, ინდივიდთა ემოციურ მდგომარეობაზე და, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, ნეიროტოქსიკური ეფექტით ხასიათდებოდეს. სამეცნიერო ლიტერატურიდან კარგადაა ცნობილი კალციუმის იონის (Ca2+) მნიშვნელობა და მისი რაოდენობრივი ცვლილებების განსხვავებული გავლენა ნერვულ ქსოვილზე. აღსანიშნავია, რომ მისი რაოდენობრივი ცვლილებების ხასიათი დამოკიდებულია იმ სატრანსპორტო მექანიზმზე, რომლითაც ხორციელდება კალციუმის უჯრედული ტრანსპორტი. ამ პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს პლაზმური მემბრანის Ca-ATP-აზა და Ca-არხები. ამასთან, მნიშვნელოვანია ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერი (გლუტამატი, სეროტონინი), რომელთა ზემოქმედების ხარისხი უჯრედზე დამოკიდებულია ოქსიდაციური პროცესების პირობებში მათი სამიზნე რეცეპტორების კონფორმაციაზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს უჯრედშიდა კალციუმის რაოდენობაზე. ცნობილია, რომ, ხშირ შემთხვევაში, კალციუმის რაოდენობრივი მატება ნეიროტოქსიკური ეფექტის მატარებელია და დამოუკიდებლად შეუძლია ოქსიდაციური სტრესის ინიცირება, რადგან მის სამიზნეს სხვადასხვა აქტიური მოლეკულა და სასიგნალო გზა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ Ca2+-ის რაოდენობრივი მატება დაკავშირებულია ისეთი ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულის რაოდენობრივ მატებასთან, როგორიცაა აზოტის ჟანგი (NO), რომელიც აქტიურადაა ჩართული ოქსიდაციური სტრესის ჩამოყალიბებისა და აქტივაციის პროცესში“, — განმარტავს თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტი, პროექტის კოორდინატორი ელენე ივანიაშვილი.
ექსპერიმენტებში გამოყენებულია თანამედროვე, სპეციფიური მეთოდები ამა თუ იმ მარკერის განსაზღვრისათვის, რაც საშუალებას იძლევა, რომ გაკეთდეს მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად სარწმუნო დასკვნები.
„ამ ეტაპისათვის, პროექტის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად განხორციელდა საკვლევ ნიმუშებში Ca2+-ს რაოდენობრივი ცვლილებების განსაზღვრა, რის შედეგადაც გამოიკვეთა სტრესირებულ ინდივიდებში იონის სარწმუნო მატება. ამასთანავე, განისაზღვრა Ca2+-თან დაკავშირებული ზოგიერთი სისტემის ფუნქციური მდგომარეობა, კერძოდ, NO-ს რაოდენობა კალციუმის მატების პარალელურად იმატებს, რაც მიუთითებს სტრესის ფონზე ოქსიდაციური პროცესების შესაძლო გაძლიერებაზე, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, გახდეს სხვადასხვა მეტაბოლური პროცესების ინჰიბირების მიზეზი, ასევე, ხშირ შემთხვევაში, ის დაკავშირებულია ენერგეტიკული დისბალანსის განვითარებასთანაც. აღნიშნული ვარაუდი გაამყარა ექსპერიმენტების შემდეგ ეტაპზე მიღებულმა შედეგებმა, რის შედეგადაც გამოიკვეთა მიტოქონდრიის გარდამავალი განვლადობის ფორის ხსნადობის ხარისხის ზრდა, რაც მიტოქონდრიების გაჯირჯვებისა და მიტოქონდრიების ფუნქციური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. კალციუმის რაოდენობრივი ცვლილების ხასიათი დიდწილადაა დამოკიდებული უჯრედში მის მატრანსპორტირებელ მექანიზმებზე. ცნობილია, რომ მემბრანული (პლაზმური, მიკროსომული, მიტოქონდრიული) Ca2+-ატფაზები პასუხისმგებელნი არიან ჭარბი Ca2+-ის აცილებაზე, რაც დადებითად მოქმედებს Ca2+-ის ჰომეოსტაზზე. აღნიშნული ფერმენტების აქტივობის შეფასებამ გამოავლინა, რომ მიკროსომული და პლაზმური მემბრანის Ca2+-ატფაზების აქტივობა შემცირებულია საცდელ ჯგუფში საკონტროლოსთან შედარებით, ხოლო მიტოქონდრიული იზოფორმის აქტივობის ცვლილებაში სარწმუნო განსხვავება ვერ იქნა ნანახი. ექსპერიმენტის ბოლო ეტაპზე განხორციელდება კალციუმთან დაკავშირებული სასიგნალო სისტემებისა (კორტიკოსტერონი-სეროტონინი, გლუტამატისა და ინოზიტოლტრიფოსფატი) და გლუტამატის ლიგანდ-დამოკიდებული რეცეპტორის რაოდენობრივი ცვლილებების შესწავლა სტრესირებულ და საკონტროლო ინდივიდებში. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას შევაფასოთ სოციალური იზოლაციით გამოწვეული სტრესის პირობებში კალციუმის რაოდენობრივი ცვლილების მიზეზი. კერძოდ, აღნიშნული გამოწვეულია Ca2+-ის არხების ჰიპერაქტივაციის გზით, თუ უმეტესად უჯრედშიდა პროცესების გაძლიერებით მიიღწევა ე.წ. Ca2+-ის ექსაიტოტოქსიურობის ეფექტი, რაც, თავის მხრივ, რიგი ნეიროპათოლოგიური პროცესების მაინიცირებელი შეიძლება გახდეს“, — აღნიშნა ბიოლოგიის მიმართულების IV კურსის სტუდენტმა ანი ჯავახიშვილმა.
კვლევით პროექტს თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ახორციელებენ: ქიმიის მიმართულებით — ლევან გოჯიაშვილი, ელენე ივანიაშვილი, ბიოქიმიის — ბარბარე ხიტირი და ბიოლოგიის — ანი ჯავახიშვილი. სტუდენტების სამეცნიერო ხელმძღვანელი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა კოშორიძეა.