შურთხია ბეროშვილი
მე-19/მე-20 საუკუნის დამდეგის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწის ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებითა და მოღვაწეობით თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი ირაკლი ნოდია დაინტერესდა და მის პირად არქივზე მუშაობისას დღემდე გამოუქვეყნებელ მასალებს მოუყარა თავი, რომელიც მალე ფართო საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.
ცნობისთვის:
ნიკო ბური ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს ეკუთვნოდა და იყო არჩილ II შთამომავალი. ნიკო ბაგრატიონი 1899 წელს გაემგზავრა პეტერბურგს, იქიდან პარიზში, შემდეგ მარსელის გავლით ალექსანდრიაში ეგვიპტეში. მისი ჩასვლა დაემთხვა ინგლისელებისა და ბურებს შორის ომს. ნიკო ბაგრატიონი, როგორც მოხალისე, ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ახლოს გაეცნო ტრანსვაალის პრეზიდენტს პაულუს კრიუგერს, გამოჩენილ სარდლებს — პეტრუს ჟებერსა და ლუის ბოტას. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნიკო ბაგრატიონმა ღიად გაილაშქრა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. მან დაკარგა მთელი ქონება, თუმცა სასწაულით გადაურჩა ბოლშევიკურ „წმენდას“, რომელმაც, ფაქრობრივად, მოსპო ქართველი თავად-აზნაურობა. ქალიშვილები — ირინა და ნატალია საფრანგეთში გაგზავნა, თვითონ კი თავისი ცხოვრების ბოლო წლები სამშობლოში უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. ნიკო ბურმა დაწერა წიგნი — "ბურებთან", სადაც აღწერა თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება.
ნიკო ბური გარდაიცვალა თბილისში 1933 წელს.
* * *
„ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ნიკო ბურის პირად არქივზე ვმუშაობ. კვლევის პროცესში საინტერესო დოკუმენტებს წავაწყდი, რომლებშიც ნიკო ბურის მეუღლე ანა-ბაგრატიონ მუხრანელი (ბუჭყიაშვილი) სტალინსა და ხრუშჩოვს წერს მისი ისტორიული წერილებისა და ნიკო ბურის დღიურების გამოცემის შესახებ. ნიკო ბურის პიროვნებით და მისი მოღვაწეობა ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო, როდესაც 2018 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი გრანტი მოვიპოვე და დავიწყე მუშაობა საარქივო მასალებზე, საშუალება მომეცა უფრო მეტი ინფორმაცია მომეძიებინა მის შესახებ. ჩვენი მოკრძალებული მიზანია ნიკო ბურის შესახებ ქართულ სამეცნიერო სივრცეში შემოვიტანოთ ნაკლებად ცნობილი და შეუსწავლელი საარქივო დოკუმენტები. ასევე, ქართულ წყაროთმცოდნეობით ბაზას გვინდა დავამატოთ უცხოური პრესის მასალები, რომლებშიც საინტერესოდ არის გაშუქებული ეპიზოდები ნიკო ბურის ცხოვრებიდან. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ამ ყველაფერს თავი მოვუყაროთ და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ აღნიშნული საკითხის გაშუქებაში“, — ამბობს ირაკლი ნოდია.