ნატო ობოლაძე
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლელა ჯანაშვილი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მანუელ ბალბეს სახელობის ადამიანის უსაფრთხოებისა და გლობალური სამართლის კათედრის წევრი გახდა. კათედრა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის მიზნით დაფუძნდა და ამ დროისთვის 10 მკვლევარია გაწევრიანებული. მისი პრეზიდენტია ესპანეთის სახელმწიფო მდივანი მარია ტერესა ფერნანდეს დე ლა ვეგა, დირექტორი — პროფესორი როსერ მარტინესი. კათედრის გახსნის ცერემონია 19 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებაზე ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის რექტორმა ხავიერ ლაფუენტე სანჩომ აქტიური თანამშრომლობისთვის ლელა ჯანაშვილს პირადად გადაუხადა მადლობა.
„პროფესორი მანუელ ბალბე ჩემი სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი გახლდათ. იგი ხელმძღვანელობდა ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამართლის კათედრას და უსაფრთხოებისა და პრევენციის სკოლის დამფუძნებელია. გახსნის ცერემონიაზე რექტორმა თავის დასკვნით სიტყვაში მადლობა გადაუხადა თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს თანამშრომლობისა და პროფესორ მანუელ ბალბეს ღვაწლის აღნიშვნისთვის“, — განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა პროფესორ მანეულ ბალბეს ხსოვნის საპატივსაცემოდ და ბარსელონას უნივერსიტეტში ახლად გახსნილ კათედრასთან თანამშრომლობის დასტურად სპეციალური მიმართვა მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ „იურისპუდენციის დიდი მოაზროვნეები ემსახურებიან სიკეთესა და საზოგადოების კეთილდღეობას არა მხოლოდ მათი ცხოვრებით, არამედ მემკვიდრეობითაც, რომელსაც სამუდამოდ ტოვებენ. ასეთად ჩანს პროფესორ მანუელ ბალბე მისი ქართველი კოლეგების თვალში“.