ნატო ობოლაძე
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის მიმართულების მაგისტრანტი მერაბ დობორჯგინიძე იტალიის მესინას უნივერსიტეტში კვლევაზე — „ევროპული სამართლის უზენაესობა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში“ — მუშაობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მესინას უნივერსიტეტში ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფება და კვლევის პარალელურად შეისწავლის საკითხებს შემდეგი მიმართულებით: რელიგია და სამართალი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში, ევროპული და ტრანსნაციონალური სისხლის სამართალი, ევროპული და იტალიური ადმინისტრაციული სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა.
„ცოდნის გარდა, რასაც ამ უნივერსიტეტში სწავლისას ვიღებ, ეს არის ახალი კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან — ზოგადად, ერასმუსის პროგრამების ერთ-ერთი მთავარი დატვირთვა ეს მიმართულებაც არის. მესინას უნივერსიტეტის პროფესურას და სტუდენტებსაც ძალიან აინტერესებთ საქართველო და ქართული სასამართლო პრაქტიკა, გვაქვს განხილვები და სხვადასხვა მიმართულების პრეზენტაციები. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართლით აქ ჩამოსვლის შემდეგ დავინტერესდი. აღნიშნული საკითხი საქართველოში ნაკლებად ისწავლება, თუმცა, რადგან საქართველოს გეზი ევროკავშირისკენ აქვს აღებული, ვფიქრობ, ამ საკითხს აუცილებლად უნდა ვსწავლობდეთ და ვიკვლევდეთ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება საერთო ევროპული სამართალი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ურთიერთმიმართების საკითხი“, — აცხადებს მერაბ დობორჯგინიძე.