ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოზიციაზე გიორგი შამათავა დაინიშნა. მისი მოვალეობები სამართლებრივი და ეკონომიკური მიმართულებების კოორდინაციას, აკადემიური პერსონალის მუშაობისა და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას მოიცავს. გიორგი შამათავა ახალ უფლებამოსილებას ივნისის დასაწყისიდან ასრულებს.
„მინდა, მადლობა ვუთხრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ახალი შესაძლებლობისა და გამოწვევისთვის. ვფიქრობ, მაქვს შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები უნივერსიტეტის განვითარების პროცესში ჩემი მოკრძალებული წვლილის შესატანად.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ეს არის უდიდესი ეროვნული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ახალი ცოდნის შექმნის, განათლების პროცესში, საზოგადოების ინტელექტუალურ, ზნეობრივ ჩამოყალიბებაში და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავატარე — ვარ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში.... შესაბამისად, ვიცნობ გარემოსა და ყველა იმ აქტუალურ საკითხს, რომელიც ყველა უნივერსიტეტელს ეხება და აღელვებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სტუდენტობასა და აკადემიურ პერსონალს, რომ მათი უფლება-მოვალეობები სრულფასოვნად განახორციელოს. ვფიქრობ, ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ორგანიზებულად და კოორდინირებულად მუშაობს, თუმცა მთელი მსოფლიო მუდმივრეჟიმში ვითარდება და ჩვენც ვალდებული ვართ ყოველდღიურად ვიფიქროთ — თუ როგორ გავხადოთ მართვის პროცესები უფრო მოქნილი, ინფრასტრუქტურა — მოდერნიზებული. ამ მიმართულებებით აქტიურად ვმუშაობთ“, — აცხადებს გიორგი შამათავა.
პარალელურად, კანცლერის მოადგილე სტუდენტური პროექტების დაფინანსების კომისიის წევრიც გახლავთ. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსია, სადაც საკონკურსო პროექტის წარდგენა აბსოლუტურად ყველა სტუდენტს შეუძლია.
„პანდემიის პერიოდში განსახილველად შემოსული სტუდენტური პროექტების რაოდენობამ დაიკლო, თუმცა, მიუხედავად ამისა, არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-სპორტული მიმართულების პროექტი განხორციელდა. ვაქცინაციის პროცესის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ სექტემბრიდან სწავლება სააუდიტორო ფორმატში აღდგება და სტუდენტური ცხოვრებაც ჩვეულ, აქტიურ რეჟიმს დაუბრუნდება“, — აღნიშნავს ვიცე-კანცლერი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის ახალი მოადგილე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურში 2011-დან 2013 წლამდე მუშაობდა; აქვს ბიზნესსექტორში საქმიანობის ერთწლიანი გამოცდილება; 2015 წლიდან 2019 წლამდე თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების უფროსი იყო. 2020 წლის შემოდგომიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით კი თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.