ადმინისტრაციის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგების ციკლი ტარდება. სასწავლო კურსები პერსონალის წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე მათი პროფილის შესაბამისი თემატიკისა და საჭიროებების მიხედვით დაიგეგმა. ამ დროისთვის ტრენინგები ექვსმა ჯგუფმა ხუთი სხვადასხვა მიმართულებით უკვე გაიარა, მათ შორის: გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა, თანამედროვე მენეჯერის უნარები, სოციალური მედიის მართვა, ქსელური ფაერვოლი Fortinet Fort iGATE NGFW, Excel, Power Point.
ახლო მომავალში ტრენინგ-კურსები მონაცემთა დაცვისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით იგეგმება.
„ჩვენი მიზანია, რომ უნივერსიტეტში თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები მუშაობდნენ. ერთია, როდესაც გაქვს სათანადო კვალიფიკაცია, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭიროა ახალი, დამატებითი ინფორმაციის მიღება. ჩვენთან ადამიანური რესურსების გადამზადების პრობლემა არსებობდა, ამ მიმართულებით შესაბამისი კურსები არ იყო. პერსონალს, რა თქმა უნდა, შეეძლო, თავისი ხარჯებით მოეძიებინა და გაევლო ტრენინგები, თუმცა უნივერსიტეტი სისტემურად ამას ხელს არ უწყობდა. რამდენიმე ტრენინგ-მოდული, რომელიც უწყვეტი განათლების ცენტრთან ერთად თანამშრომლების გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე დაიგეგმა, უკვე განხორციელდა. მომავალშიც, რა მიმართულებითაც პერსონალი გვიბიძგებს, რომ გადამზადება სჭირდებათ, ჩვენი რესურსებით შესაბამისს კურსებს ეტაპობრივად დავგეგმავთ“, — აღნიშნავს თსუ-ის კანცლერი ლაშა საღინაძე.
თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრმა მოწვეული ტრენერები პროფესიონალიზმისა და გამოცდილების კრიტერიუმებით შეარჩია.
„მაგალითად, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კურსი სპეციალურად თსუ-ის პერსონალისათვის შექმნა და ჩაატარა სახელმწიფო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ. ადმინისტრაციის მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის ტრენინგს — „თანამედროვე მენეჯერის უნარები“ — უძღვებოდა თსუ დოქტორანტი, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის ვიცე პრეზიდენტი რუსუდან კვაჭანტირაძე. Excel-ის შემსწავლელ კურსს უძღვებოდა თსუ-ის ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი. შერჩევისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მოწვეულ სპეციალისტებს პრაქტიკული გამოცდილებაც ჰქონოდათ თეორიულ ცოდნასთან ერთად, ამგვარად სოციალური მედიის მართვის კურსი ვანდეთ სხვადასხვა (მათ შრის UNICEF) ორგანიზაციის სოციალური მედიის მოქმედ მენეჯერს რევაზ ბარამიძეს, ქსელურ ფაერვოლს კი ასევე მოქმედი და გამოცდილი ქსელის ადმინისტრატორი ალექსანდრე კაზალიკაშვილი უძღვება“, — განმარტავს თსუ-ის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ექსპერტი ქეთი ცინცაძე.
ქეთი ცინცაძის თქმით, ტრენინგებს პირდაპირი დანიშნულების — კვალიფიკაციის ამაღლების გარდა, კორპორაციული კულტურის გაღრმავების ფუნქციაც აქვს, რაც დასაქმებულების მოტივაციასა და სამუშაო პროცესის ეფექტიანობას გაზრდის.
„მონაწილეთა მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების შეფასება სამუშაო პროცესში მოხდება, მყისიერად ვერ მოხერხდება. იმედია, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები სამომავლოდ მოგვცემენ უკუკავშირს — თუ რა შეიცვალა და რა გავლენა იქონია ტრენინგებმა სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე“, — აღნიშნავს ქეთი ცინცაძე.
ტრენინგების ციკლი თსუ-ის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის ინიციატივითა და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.