ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, 1 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს — თანამშრომელ პროფესორთა შვილებსა თუ შვილიშვილებს ეს დღე თავისებურად მიულოცოს და უნივერსიტეტის გაზეთში მათ შესახებ გაჩნდეს ჩანაწერი — დასამახსოვრებელი საბავშვო თავგადასავლები, ამბები და წარმატების მაგალითები. „პრესაში უკვე პოპულარული ხარ“ — ეტყვიან პატარებს თუ მოზრდილებს და „ამ პოპულარობის“ ხიბლით, ვინ იცის, რა კაცები და ქალები დადგნენ... ასე რომ, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ჩვენ მათ უფლებას შევეხებით — წარმოჩნდნენ, როგორც ქართული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
...
თსუ ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორი თამარ ბელქანია გვიყვება თავის პატარა 7-8 წლის შვილზე — დავით ბელქანიაზე, რომელსაც სიყვარულით „დათვს“ ეძახის.
დღეს დათვს გაკვეთილი ჰქონდა სათაურით.“პროფესია“ და მასწავლებელი უხსნის — რას ნიშნავს პროფესია. რომ ვინც პურს აცხობს, ხაბაზია... ვინც სახლს აშენებს, არქიტექტორი... გაკვეთილის მერე „დათვი“ მიხსნის — რა ისწავლა და უცებ მეუბნება. — „დე! ასე მგონია, რომ დღეს მარტო ერთი პროფესიაა'და მას ექიმი ჰქვია. კბილის თუ გულის, ყველა ექიმია და მარტო ებრძვიან ვირუსს“!
ერთხელაც ქუჩაში მივდივართ, ძალიან მეჩქარება და მინდა ფეხი დათუნამაც ამიწყოს, ის კი დინჯად მოდის, ათვალიერებს ხალხს და სათითაოდ ყველას ესალმება. — გამოადგი ფეხი ჩქარა, ნუ მაგვიანებ და მორჩი ამდენ მისალმებას! ნუთუ ყველას იცნობ? — ვეუბნები გაბრაზებული. დათვი ჩერდება და სევდიანი ამბობს: — „რა ვქნა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს!“
თმები მომეზარდა და ძილის წინ დათუნა მეხვეწება — თმა მოკლედ შევიჭრა. რატომ-თქო? — ვკითხე. „მინდა, შენი თმის სამაგრები კლასელს ვაჩუქო! — მეუბნება გულწრფელად, არადა მეფიცება, მარტო შენ მიყვარხარო. კიდევ კარგი გულწრფელად მითხრა და ძილში არ შემაჭრა თმა.
დათუნა (დათვი) ხშირად იგონებს ზღაპრებს და ერთხელაც ყვება: „იყო თუ არ იყო, არ ვიცი. იყო, არა იყო რა. იყო ერთ ორბიტაზე მზე, მთვარე, ვარსკვლავები და დედამიწა. დედამიწაზე ცხოვრობდნენ დიდი დინოზავრები. იმდენად დიდი იყვნენ, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავის ხედავდნენ და სიარულისას ყველაფერს ფეხს აბიჯებდნენ და ტეხავდნენ. იმდენი იარეს, რომ მთელი დედამიწა დატკეპნეს. ხშირად შიოდათ და სულ მცენარეებს და ხეებს ჭამდნენ. დინოზავრებმა მდინარეში თევზები, ზღვაში დელფინები და ოკეანეში წყალმცენარეები შეჭამეს. მერე ყველაფერი რომ შეჭამეს, მიიხედ-მოიხედეს და ერთმანეთის ჭამა დაიწყეს. ეს რომ ნახა ღმერთმა, გაბრაზდა და ეს დინოზავრები კი არ გადააშენა, წრუწუნებად და ვირთხებად აქცია. ახლა არიან ზუსტად ისეთები, ოღონდ ძალიან პატარები და დედამიწაზე ძლივს ჩანან და ყველასი ეშინიათ“. — ასეთია დათუნას გამოგონილი დინოზავრების ზღაპარი.