სახელმწიფო ენის საკითხების და სიახლეების გაშუქება გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით მორიგ ჯერზე ვეხმიანებით სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ენობრივი ტექნოლოგიები“, რომელიც 7-8 ოქტომბერს გაიმართა.
„ენის ტექნოლოგიების განვითარება 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი ის გამოწვევაა, რომელიც გასცდა მეცნიერების სფეროს და ენობრივი პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მსოფლიოს ენების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის შექმნილი საბაზისო ენობრივი ტექნოლოგიები, როგორებიცაა: მანქანური თარგმანი, მეტყველების ამომცნობი სისტემები, ერთენოვანი და ორენოვანი კორპუსები, ავტომატური ლექსიკონები, ტაგერები, მორფოლოგიური და სინტაქსური ანალიზატორები, ტექსტის ანალიზის ტექნოლოგიური ინსტრუმენტები, ლექსიკოგრაფიული და ტერმინოლოგიური ბაზები და სხვ. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, განიხილოს ქართულისა და სხვა მწირრესურსებიანი ენებისათვის ახალი ტექნოლოგიების შექმნის საკითხი, გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ სფეროში. ასევე, გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად გააერთიანოს დარგის გამორჩეული მეცნიერები და ქვეყნის სამთავრობო და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები. კონფერენციის თემატიკაა: ბუნებრივი ენის დამუშავება, კორპუსლინგვისტიკა, კომპიუტერული და კორპუსული ლექსიკოგრაფია, მონაცემთა ბაზები, ენის დოკუმენტირება, მწირერესურსებიანი ენები და სხვ“, — აღნიშნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, თსუ-ის პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ.