ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, 1 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს — თანამშრომელ პროფესორთა შვილებსა და შვილიშვილებს თავი დაამახსოვროს იმით, რომ უნივერსიტეტის გაზეთში მათ შესახებ გაჩნდეს ჩანაწერი — დასამახსოვრებელი საბავშვო თავგადასავლები, ამბები და წარმატების მაგალითები. „პრესაში უკვე პოპულარული ხარ“ — ეტყვის დედა, მამა, ბაბუა ან ბებია პატარებს თუ მოზრდილებს და „ამ პოპულარობის“ ხიბლით, ვინ იცის, რა კაცები და ქალები დადგნენ... ასე რომ, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ჩვენ მათ უფლებას შევეხებით — წარმოჩნდნენ, როგორც ქართული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას მონაყოლიდან
ჩემი თორნიკეს ვაჟი, ჩემი პირველი შვილიშვილი, თითქმის სეხნია — დემეტრე კორძაია — 7-8 თვის შესრულდა თუ არა, სიხარულით გადმოვიბარე მისი დაძინების საქმე. ასეთ მეთოდს ვიყენებდი: ხელში ვანანავებდი და დუდუნ/ჩურჩულით ლექსებს ვუკითხავდი. მე-7-8 ლექსად სიმონ ჩიქოვანის „ვინა სთქვას“ რომ წავიკითხავდი, ანა კალანდაძის „შენ ისე ღრმა ხარ“ ბოლო აკორდივით იყო — სახეზე ღიმილით იძინებდა. მაგრამ, ზოგჯერ გაჯიუტდებოდა, მოკლე ლექსებს არ ეპუებოდა. რომ მეგონა დაიძინა-თქო, ტირილნარევი ხმით მეტყოდა, მაგრძნობინებდა — კიდევო... და მეც ვიწყებდი „ბალადას ვეფხისა და მოყმისა“ ან ვაჟას „ბაკურს“, ან ლადო ასათიანის „ფიროსმანის მეგობრებთან“. თანაც სიტყვების ძალად გაგრძელებით და მონოტონურად, რომ ამ, მისთვის ჯერაც უცხო, სიტყვათა წამღერებაში ჩასძინებოდა.
წლინახევრისას, სიტყვების ისეთი მარაგი დაუგროვდა, ზღაპრებზე გადავედი. ზღაპრები საბავშვო იყო, ზოგჯერ ენის მოჩლექით, ზოგჯერ ცხოველთა და სხადასხვა ტიპის ადამიანთა ხმის მიბაძვით ვუამბობდი. ერთ დღეს ანამ, ჩემმა რძალმა, პედაგოგიური მითითება მომცა: კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვებს ძალიან მოსწონთ და სხვანაირად, უფრო რეალურად აღიქვამენ, თუ ზღაპრის გმირები თვითონაც არიანო. და დავიწყე თხზვა მთელი ჩემი გამომგონებლობითი ფანტაზიით: დემეტრე ველზე წიქარასთან, დემეტრე მაუგლისთან და ბაგირასთან, დემეტრე თვითმფრინავში და გემში ასფურცელასთან, ცისკარასთან, ბაიასთან ერთად; მერე ძამიკოც და მამიდაშვილიც რომ წამოესწრნენ, უკვე მათთანაც — ალექსანდროსთან და დათისთან ერთად. რაც უფრო იზრდებოდა, მით მეტად მოსწონდა, თვითონაც მიკვეთავდა სიუჟეტს, უხაროდა, რომ ყველაფერში გამარჯვებული გამოდიოდა, რომ ყველას სჯობდა ძალით, ჭკუით, მოხერხებით, ცოდნით...
და ერთ დღესაც, 3 წლისაა უკვე, ვუამბობ, მთელი მატარებელი რომ ჩავარდნილა განსაცდელში და ყველას გმირის იმედი რომ აქვს, ვამბობ: გადაწყვიტეს დახმარება ეთხოვათ ამ მატარებელში მჯდომი ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ღონიერი, ყველაზე გულითადი ბიჭისთვის (თვალები უციმციმებს სასიამოვნო მოლოდინით)... თორნიკესთვის... (???) წამომცდა... (ჩემი ვაჟის სახელი წამომცდა. ალბათ, ძველმა ჩვევამ თუ იჩინა თავი, თორნიკესაც რომ ვუყვებოდი ზღაპრებს). დემეტრეს თვალები გაუფართოვდა მოულოდნელობისგან, გულდაწყვეტისგან, შემდეგ ნერწყვი გადაყლაპა და ჩუმი ხმით მკითხა: „მე იქ არ ვიყავი?!“. იხტიბარი არ გავიტეხე: ჰოდა, სწორედ იმიტომ, რომ იყავი, თორნიკე მამიკომ ასე უპასუხა მთხოვნელებს — ჩემთარ რა გინდათ, როცა ამ მატარებელში ზის ჩემზე ჭკვიანი, ჩემზე ღონიერი და ჩემზე გულკეთილი ბიჭი, ასფურცელას და ბაიას მეგობარი დემეტრე, მას სთხოვეთ და აუცილებლად გიშველითო.... გაუხარდა, გაიღიმა, აენთო... უცებ აღდგა ნდობა ჩვენს შორის...
ახლა დემეტრეს გარდა, უმცროს შვილიშვილებსაც ვუყვები ზღაპრებს... ძალიან ვფრთხილობ, შვილები არ „შემომყვნენ“ შვილიშვილების ზღაპრებში.