„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლა ქართული ენისათვის საბედისწერო შედეგების მომტანი აღმოჩნდა: გააუქმეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია; გააუქმეს პარლამენტში ქართული ენის ქვეკომიტეტი; გააუქმეს ენის სახელმწიფო პალატა; გააუქმეს ყველა ჟურნალი და გაზეთი, რომელიც ქართულ ენას ეხებოდა; გააუქმეს ყველა ტელე და რადიოგადაცემა ქართული ენის შესახებ; შეამცირეს სკოლებში ქართული ენის საათები... პირველ კლასში დედაენის საათები გაუყვეს ინგლისურს...“ — ამბობს თსუ-ის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი.
პროფესორის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში რუსთაველის საზოგადოების ეგიდით ჩატარდა გამოკითხვა ორ გამორჩეულ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ სპეციალობებზე. კვლევის ფარგლებში პირველკურსელ სტუდენტებს შესთავაზეს კითხვარი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გამოკითხვის შედეგები სავალალო აღმოჩნდა. დასმული იყო შემდეგი კითხვები: რომელ ბრუნვაშია ხაზგასმული სახელი? რომელ რიცხვშია ხაზგასმული სიტყვა? რომელ მწკრივშია ხაზგასმული ზმნა? სულ 16 შეკითხვა იყო. სწორი პასუხი გაეცა 40%-ს; (ვერ ამოიცნეს სწორად: სახელის ბრუნვა – 54%-მა, სახელის რიცხვი – 36%-მა, ზმნის მწკრივი – 90%-მა).
ზემოთ მოყვანილი ვითარების ანალიზს პროფესორი გოგი გოგოლაშვილი ეხმაურება: „სამწუხაროდ, ეროვნული გამოცდების ჩატარების პრინციპია ისეთი, აბიტურიენტმა შეიძლება არ იცოდეს — რამდენი ბრუნვაა ქართულში და მიიღოს უმაღლესი შეფასება!... ასე ხდება უწიგნურობისა და უცოდინარობის წახალისება... ეს ერთი მხარეა ჩვენი უბედურებისა... თუმცა ეს საუბარი შორს წაგვიყვანს... მთავარი და არსებითი ისაა, რომ ქართული ენის სწავლების პრობლემებია მოსაგვარებელი და, საერთოდ, სახელმწიფო ენას მეტი ყურადღება სჭირდება. დიახ, აკლია ეს ყურადღება ქართულს. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ბოლო ათწლეულებში.
ესეც მოვიგონოთ: 1978 წლის 14 აპრილის მოტანილი ერთ-ერთი სიკეთე ისიც იყო, რომ ერთი წლის შემდეგ (1979 წლის 12 აპრილს) საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება – „რესპუბლიკის სასწავლებლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“. სწორედ ამ დადგენილების შედეგი იყო ის, რომ რესპუბლიკის ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ყველა სპეციალობაზე შემოღებული იქნა ქართული ენის სწავლება („ქართული მეტყველების კულტურა“); შეიქმნა ამ საგნის სახელმძღვანელოები, პრაქტიკული სავარჯიშოები... ეს იყო ქართული ენის სწავლების საქმეში დიდად წინგადადგმული ნაბიჯი (დამეთანხმებიან სპეციალისტებიც და ისინიც, ვინც ეს კურსი მოისმინა)... კომუნისტების დროს დამკვიდრებული ეს დიდად საჭირო კურსი უნივერსიტეტებში იკითხებოდა 2005 წლამდე!..
საუბედუროდ, „ნაცტალღამ“ დედაუნივერსიტეტშიც შემოაღწია (ამის შესახებ ადრეც ვწერდი ჩვენს გაზეთში – 1. XII, 2016: „დედაუნივერსიტეტში ქართული ენა აღარ არის პრიორიტეტული“)...
ისევ ფაქტები: 2006 წლიდან ქართული ენა აღარ ისწავლება ევროპული ენების, აღმოსავლური ენების, კავკასიური ენების, კლასიკური ენების სპეციალობებზე... ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისათვის საგანი — ქართული დიალექტოლოგია აღარაა სავალდებულო და ა.შ. მე არ შეხვედრია პროფესიონალი, რომელსაც ეთქვას, რომ ამ სპეციალობებზე ქართული ენის სწავლება არააო საჭირო... სამწუხაროდ, აგერ უკვე რამდენი თაობა გავუშვით ამ ცოდნის გარეშე... „მიზეზთა“ გამო დაკარგულის დაბრუნება ვერ მოხერხდა დღემდე... კარგია, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია გვისმენს და იძლევა დაპირებას, რომ დედაუნივერსიტეტში ქართული ენა კუთვნილ ღირსეულ ადგილს დაიჭერს; იმ ადგილს, რომელიც მას განუსაზღვრეს უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა...“