მაია ტორაძე
უნივერსიტეტმა არნოლდ გეგეჭკორი დაკარგა. მისი კედლებიდან გაქრა ადამიანი, რომელიც ძალიან უხდებოდა აუდიტორიას, სტუდენტს, ხელოვნებას, პოეზიას, მთლიანად საქართველოს...
არნოლდ გეგეჭკორი არ იყო მხოლოდ მეცნიერი, მხოლოდ მოგზაური, მხოლოდ ფოტოხელოვანი. ის ამ ყველაფერზე დიდი იყო, რადგანაც ვაჟას და ანას შემდეგ, ალბათ, ყველაზე ახლოს მივიდა ხმელ წიფელთან და შვლის ნუკრთან, თუთასაც გაესაუბრა, ოშკიც მოინახულა და მწვერვალზეც იდგა... მერე ჩამოვიდა და ყველაფერი ახლოს, ხელის გაწვდენაზე მოგვიტანა – ეს ჩვენი ბუნებაა, ჩვენი სახლია, ჩვენი ადგილის დედაა და „ამას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოსო“...
ოტია იოსელიანი წერდა: „ყველას მეგობარია არნოლდ გეგეჭკორი, ვინც ბუნებაში თხასავით არ დაპეტელობს, ხასხასა ხავერდოვან კორდს მარტო მოსაბდღვნელად არ უყურებს, პირიმზე ყვავილებს – გასათელად და იდუმალ ტყეებს – გასაჩეხად. ვინც იცის, ქათქათა მწვერვალები მარტო თოვლი და ყინვა არაა, ვისაც სწამს, მაღლა რომ ღმერთია და ვისი მოდარაჯე თვალიც ანგელოზებს უცქერის. ვინც იცის, სანამ მიწაზეა, მიწას, ბუნებას არ უნდა ამძიმებდეს“... ამიტომაც ვერ დაწერ არნოლდ გეგეჭკორზე, როგორც მხოლოდ მეცნიერზე, რადგან იქვე უნდა მიაწერო, როგორ აკავშირებს ერთმანეთთან ხესა და ქვას, ტაძარს და პეიზაჟს, ჯვარსა და ვაზს, ლექსსა და ფოტოს. მისი 50-მდე სამეცნიერო წიგნიდან არც ერთი არ გამოსულა ამ პარალელებისა და პოეტური შედარებების გარეშე. თუ სადმე ვაზი უხსენებია, იქვე დაურთავს ფოტო მინაწერით „ვაზო, შვილივით ნაზარდოო“, თუ სადმე მთაზე უსაუბრია, იქვე მიუხატავს გერგეტის სამება ანას სტრიქონით: „ჩამოშვავებულ კლდეებზე, მაღლა ვინ დადგა სახლი? ვინ დადგა სახლი? ნისლმა? ღრუბლებმა? წვიმამ? ქარებმა? იდუმალებამ! იდუმალებამ!“...
არნოლდ გეგეჭკორი ბუნების კაცი იყო. ცხოვრების ნახევარი ტყეში, ქარში, უდაბნოსა და ველებზე გაატარა, ბევრი იფიქრა და ეს ნაფიქრი ფოტოსა და პოეტურ სტრიქონებში გადმოიტანა. ის იყო ბიოლოგიც და ფილოლოგიც, ჟურნალისტიც და არქეოლოგიც, გეოგრაფიც და ალპინისტიც... მან დედამიწის ხუთივე კონტინენტი მოიარა, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ველურ ტომებთან თვეები იცხოვრა და თავად შეეხო იმ ბუნებას, რომელზეც ათობით წლები ესაუბრებოდა სტუდენტებს და საზოგადოებას.
არნოლდ გეგეჭკორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის პარალელურად, უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტთანაც თანამშრომლობდა. მისი ბიოგრაფიის მხოლოდ ბოლო ნაწილზე თვალის გადავლებით ვეცნობით, რომ ის არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო საზოგადოების წევრი, სახელმწიფო პრემიის, პ. მელიქიშვილისა და ი. გოგებაშვილის პრემიების ლაურეატი და 2000-2001 წლების „საერთაშორისო პიროვნების“ წოდების მფლობელი იყო. იგი ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტებზე: აშშ-ში (ატლანტის უნივერსიტეტი), ავსტრალიაში (სიდნეი – ახალი უელსის უნივერსიტეტი, მელბურნი – მონაშის უნივერსიტეტი), ახალ ზელანდიაში (ოკლენდის უნივერსიტეტი), აფრიკაში (კენია — ნაირობის უნივერსიტეტი, ტანზანია – დარ-ეს-სალამის უნივერსიტეტი), მექსიკაში (მეხიკო-სიტის აგრარული უნივერსიტეტი), ეკვადორში (კიტოს უნივერსიტეტი).
არნოლდ გეგეჭკორი პირველი ქართველი ბუნებისმეტყველი გახლდათ, რომელმაც სამეცნიერო მივლინებები საველე პირობებში გაატარა და დედამიწის ხუთი კონტინენტის ყველა ბუნებრივი ზონა შეისწავლა. მისი არც ერთი წიგნი არ ეყრდნობა მხოლოდ თეორიას, ყველა ნიმუში და მაგალითი, რომელზეც წერს (და ეს უიშვიათესი სამეცნიერო მასალაა), საკუთარი თვალით უნახავს და შეუსწავლია. მან შეისწავლა დედამიწის ყველაზე გრძელი მდინარის – ნილოსის და ყველაზე დიდი წყალშემკრები მდინარის – ამაზონის სათავეები, ყველაზე დიდი ტბები: ბაიკალი და ტანგანიკა, მაღალმთის ყველაზე დიდი ტბა – ტიტიკაკა (სამხრეთ ამერიკა), ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ალპური ტბა ტაჰო, ყველაზე მლაშე ტბებიდან – ნატრონი (კენია), ყველაზე გრძელი ჩანჩქერებიდან – იოსემიტი, ყველაზე დიდი უდაბნოებიდან – საჰარა (აფრიკა), ყარაყუმი (ცენტრალური აზია) და კიდევ ბევრი რამ არაცოცხალი ბუნებიდან.
არნოლდ გეგეჭკორმა დაკვირვებები აწარმოა ცოცხალი ბუნებიდან: რელიქტურ სექვოიასა და სექვოიადენდრონის ტყეებში (კალიფორნია, აშშ), სამეფო ევკალიპტის ტყეებში (ტასმანია), ყველაზე პრიმიტიულ ძუძუმწოვრებზე (ავსტრალია), ტროპიკულ ტყეებზე, ათასობით სახეობის ეგზოტიკურ ცხოველსა და ფრინველზე. მან იცხოვრა ავსტალიის, აფრიკისა და ამერიკის აბორიგენებთან ერთად, რომელთა ნაწილი ამჟამადაც პალეოლითისა და ნეოლითის ეპოქათა წესით ცხოვრობენ.
არ არსებობს საქართველოსა და მთელ კავკასიაში ხეობა, რომელიც არნოლდ გეგეჭკორს ფეხით არ მოევლოს, არ შეესწავლოს და წიგნად არ მიეწოდებინოს სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველისთვის. 2004 წელს გამოცემულ წიგნში „დედაბუნება“ აკადემიკოსი გიორგი გიგაური წერს: „არნოლდ გეგეჭკორმა რიგ შემთხვევებში გაიმეორა გამოჩენილი ბუნებისმეტყველების: ა. ჰუმბლოდტის, ჩ. დარვინის, ა. უოლესის და სხვათა ისტორიული მარშრუტები. გლობალური მასშტაბის სამჯერად ექსპედიციებში, ადრე ჩატარებულ საველე ექსპედიციებთან ერთად, მან შეაგროვა ფლორისა და ფაუნის საინტერესო ჯგუფების კოლექციები (ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში), დააგროვა ინფორმაციული და ვიზუალური (ფოტო, ვიდეო) ხასიათის უმდიდრესი მასალა. ისინი ასახავენ დედამიწის ლანდშაფტებს, ბიომებს, დაწყებული ეკვატორიდან, ვიდრე პოლარული განედების ჩათვლით, დედამიწის ორივე ნახევარსფეროში, მოიცავენ ინფორმაციას: ისტორიულ გეოლოგიაში, პალეონტოლოგიაში, ეკოლოგიაში, ბიოგეოგრაფიაში, ევოლუციაში, ანთროპოლოგიაში, პალეოანთროპოლოგიაში, ეთნოგრაფიასა და სოფლის მეურნეობაში“.
აქვე იმასაც გავიხსენებთ, რომ მისი წიგნი „ბიოგეოგრაფია“ 40 წლის განმავლობაში იწერებოდა, ხოლო „ვეფხისტყაოსანი“ ბიოგეოგრაფის თვალით“ არის მონოგრაფია, რომელიც მეცნიერების ინტერდისციპლინური ხასიათის წარმატებული ნიმუშია. წიგნში მიმოხილულია ყველა გეოგრაფიული არეალი, ტერმინი, ცხოველთა და ფრინველთა სახეობა, რაც კი რუსთველს „ვეფხისტყაოსანში“ უხსენებია, რითაც არნოლდ გეგეჭკორი კიდევ ერთხელ ასკვნის, რომ უკვდავ პოემაში აღწერილი ყველა ბიოგეოგრაფიული ტერმინი XII საუკუნის საქართველოს აღწერს. სწორედ ამ წიგნს წარუმძღვარა წინასიტყვაობა ქართველმა კლასიკოსმა გურამ დოჩანაშვილმა: „მე მეგონა და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ გული ყველაფერია და მე ამ შეხედულების მარად ერთგული დავრჩები, მაგრამ რა სრულყოფილი სისავსეა, როცა გულს ემატება გონება; მე წავიკითხე გულ-ადამიანის მაღალი შემოქმედებით შექმნილი წიგნი და აღმოვჩნდი ისეთი განცვიფრებული, რომლის მსგავსი განცვიფრება არასოდეს განმიცდია. რატომ? ჩვენთვის თავიდათავი მაცოცხლებელი, გადამრჩენელი შოთა რუსთაველი ბრძანდება! და მეც შემომემატა იშვიათი სისავსე ბატონი არნოლდ გეგეჭკორის ამ წიგნის წაკითხვით. უღრმესი მადლობა გაბედნიერებისთვის, თქვენი გურამ დოჩანაშვილი, 28 თებერვალი, 2010 წელი“.
ამ ფერთა პალიტრას, რაც არნოლდ გეგეჭკორის ფოტოაპარატს გადაუღია, ტილოზე ვერც ერთი მხატვარი ვერ გადაიტანს. თითოეულ კადრში, რომელიც პეიზაჟიცაა, პორტრეტიც, ისტორიაც და ფოტოდოკუმენტალისტიკაც, აშკარად ჩანს, რომ ბუნება, მართლაც, მბრძანებელია. აქ ნახავთ შვლის ნუკრს, „მოაზროვნე დათვს“, ზამთრის ულამაზეს პანორამებს, გაზაფხულის ფერთა სისავსეს, შემოდგომის სიმყუდროვეს... მაგრამ ყველაზე მეტად გასაოცარი ისაა, თუ როგორ ხედავს თითოეულ კადრს მეცნიერი და ფოტოხელოვანი. „ახალგაზრდობაში კინოდოკუმენტალისტიკა მიტაცებდაო“, — გვითხრა ერთხელ ინტერვიუში. მისი ფოტოარქივის დათვალიერების შემდეგ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამაზე მეტი დოკუმენტური მასალა, რაც ბატონ არნოლდს ძველი, „ზენიტის“ აპარატით გადაუღია და შემოუნახავს, არც ერთ კინოში არ იქნება თავმოყრილი. „არც კი ვიცი, რომელი უფრო მეტად მძლავრობდა ჩემში, ბუნებისმეტყველის თვალით დანახული, თუ ესთეტის თვალით დანახული ბუნებაო...“ – ამბობს იგი ინტერვიუში და დასძენს – „ალბათ ორივე, რადგან ერთი მეორის გარეშე ვერც წარმომიდგენიაო“... ასე იქმნებოდა პარალელები ბუნებისა და ადამიანის ხელით წარმოქმნილი სილამაზისა, სერიები ისტორიული ძეგლებისა, ქვაში ამღერებული სტრიქონებისა...
ერთგან, ალბათ სვანეთის ქარაფთა ძირში, თავისთვის ჩაუნიშნავს: „ნუთუ ოდესმე მომწყინდება აქაურობის ცქერა? ნუთუ დადგება დრო და მიზეზს ვეღარ გამოვძებნი, რათა კიდევ ერთხელ მოვისმინო მულახურას მიერ ჩამოტანილი ზვიად მთათა საარაკო ამბები, რათა კიდევ დავტკბე სურათით, რომლის აღწერა მხოლოდ სწორუპოვარი პოეტის კალამს თუ ხელეწიფება: „ლაჰილზე ისევ დიდებული და სავსე მთვარეა... და ყველაფერი ზღაპრულია და იდუმალია – ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდი და ლამარია...“
აი, ეს ადამიანი დაკარგა საქართველომ – სალი კლდის ქუჩთან მოლაპარაკე, პოეზიასთან წილნაყარი მეცნიერი და პედაგოგი, თხემით ტერფამდე ბუნების კაცი... თუმცა მის წიგნებსა და ფოტოებში განსხეულებული პოეტური სტრიქონები კიდევ დიდხანს იტყვის, რა საოცარი სიფაქიზე იმალებოდა ამ კლდესავით შეუდრეკელ ადამიანში, რომელმაც თავისი ცხოვრებით თქვა: სამყარო, ადამიანი და რწმენა ერთი მთლიანობაა, ერთი სხეული, რომელსაც მოვლა და შენახვა სჭირდება.